ერთწლიანი კულტურებისთვის აგროკრედიტის გაცემა დაიწყო - კვირის პალიტრა

ერთწლიანი კულტურებისთვის აგროკრედიტის გაცემა დაიწყო

როგორ ვირჩინოთ თავი ჩვენი მოწეული მოსავლით, ისე, რომ ნაწილი გავყიდოთ კიდეც? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, ძნელია და ხშირად შეუძლებელიც. ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის - უიმედობაც. ამის გამო ზოგჯერ გლეხი (ამ შემთხვევაში ფერმერი ნაკლებად იგულისხმება) საერთოდ უარს ამბობს მოსავლის მოყვანაზე და მიწას უპატრონოდ ტოვებს. არსებობს არანაკლებ დამაბრკოლებელი სხვა ფაქტორი, რომელზეც დღეს თითქოს აღარ უნ­და ლაპარაკობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, თემა კვლავ აქტუალურია. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ რეგიონში სოფლის მოსახლეობის ნაწილმა არც კი იცის, რომ სოფლად მეურნეობის წამოწყების ან გაფართოებისთვის შეუძლია აგროკრედიტი შეღავათით მოითხოვოს და ბანკიც უარს არ ეტყვის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოსავალია იმისთვის, ვისაც მიწა აქვს, მაგრამ მისი დამუშავების, თესლისა და ტექნიკისთვის საჭირო სახსრები არ აქვს.

სახელმწიფომ შეწყვეტილი აგროკრედიტის გაცემა განაგრძო. ამჯერად მას ერთწლიანი კულტურებისთვის გასცემს. საუბარია ნებისმიერ ერთწლიან კულტურაზე, რომლის მოყვანასაც მეურნე გადაწყვეტს. რას მოიცავს ეს პროგრამა, რომლის შესახებ ნებისმიერმა სოფლად მცხოვრებმა უნდა იცოდეს? ამის შესახებ ვესაუბრეთ პროექტის კოორდინატორ ვალერი ქვაჭრელიშვილს.

- უმეტესობისთვის იმის გაფიქრებაც კი ძნელია, რომ სესხს აიღებს და ბანკთან დაიჭერს საქმეს. მიზეზი ის არის, რომ ხალხს სესხის გადახდის იმედი არ აქვს. იმავდროულად, უამრავ გლეხს სურს, აქამდე გაუქმებული ნაკვეთი დაამუშაოს და მოსავალი მოიყვანოს, რისთვისაც არც ფული აქვს და არც ის იცის, სად ისესხოს. აგროკრედიტი სესხის აღების შესაძლებლობაა. რას გულისხმობს ერთწლიანი კულტურების აგროკრედიტი?

- აგროკრედიტს ის შეღავათი აქვს, რომ სახელმწიფო მსესხებელს სესხის პროცენტის დაფარვაში ეხმარება. წლეულს მოქმედებს ერთწლიანი კულტურების აგროკრედიტი და სახელმწიფო კვლავაც სესხის პროცენტის ნაწილს ფარავს. ეს პროგრამა ჩვენს არაერთ მეურნეს დაეხმარა. წლების განმავლობაში სესხად უკვე გაცემულია ასეულობით მილიონი ლარი. მხოლოდ შარშანწინ აგროკრედიტით 50 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. სესხის დაბრუნება შეუძლებელი რომ იყოს, ცხადია, მეურნე ხელს არ მოჰკიდებდა და ამდენი ადამიანიც ვერ ისარგებლებდა ამ სესხით. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო მსესხებელს სესხის პროცენტის ნაწილს უფარავს, პროექტს სხვა დადებითი მხარეც აქვს: სესხი გაიცემა სახელმწიფოს შუამავლობით. სახელმწიფო ბანკებთან თანამშრომლობს კლიენტისა და სესხის გაცემის საიმედოობისთვის - იქნება ეს სესხის მოცულობა თუ კლიენტის სანდოობაში დარწმუნება. სანდო კლიენტს სესხი აუცილებლად მიეცემა.

- კლიენტის სანდოობას რა განსაზღვრავს?

- მისი შრომა. იმის გათვალისწინება, როგორ შედეგს იღებს შინ თუ ნაკვეთებში. თუკი მეურნე გამრჯეა და შედეგი აშკარაა, რა თქმა უნდა, მას აგროკრედიტი მიეცემა.

- ნამდვილად კარგი სტიმულია, როდესაც ადამიანს იმედი აქვს, რომ საქმის წამოწყებისთვის მიიღებს დაფინანსებას, რომელსაც თავისი შრომით გაისტუმრებს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს მაღალი პროცენტების გამო ვაკრიტიკებთ, სესხის აღების მსურველი ბევრია, სესხის აღება კი ხშირად - შეუძლებელი.

- მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ სახელმწიფო არავის დაუდგება ერთგვარ გარანტად, თუ არ დაინახა, რა აქვს მას გაკეთებული, როგორი შრომა შეუძლია, როგორ გამოიყრება მისი ბაღი, ნაკვეთი, ნათესი და ა.შ. თუკი მეურნის შრომა ჩანს, მას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მივიდეს ბანკში და აგროკრედიტი მოითხოვოს, ამჯერად - ერთწლიანი კულტურებისთვის. წლეულს ამის გაკეთება ნებისმიერი ერთწლიანი კულტურისთვის შეიძლება. ბანკი მოიძიებს სახელმწიფოს ნუსხას, რომელ კულტურას რა თანხა სჭირდება 1 ჰექტარზე მოსაყვანად და სესხსაც ამ რაოდენობით გასცემს. მაგალითად, სტაფილოს 1 ჰექტარზე მოსაყვანად 7 000 ლარია საჭირო და სესხების შემთხვევაში მსესხებელი მიიღებს იმდენ 7 000 ლარს, რამდენ ჰექტარზეც თესავს სტაფილოს, სესხის დაბრუნებისას კი ამ კრედიტის პროცენტის 9%-ს სახელმწიფო გადაიხდის. 2020 წელს სახელმწიფომ აგროკრედიტის ფარგლებში მეურნეებისთვის შეღავათის გასაწევად 4 მილიონი ლარი დაფარა.

- რა თქმა უნდა, ეს ბევრი არ არის, მაგრამ მართლაც შეღავათია. სესხის დაბრუნება როდის უნდა დაიწყოს?

- მნიშვნელოვანია, რომ სესხის გადახდა მოსავლის აღების შემდეგ იწყება, ანუ იმ დროიდან, როდესაც რეალიზაცია შესაძლებელია, თუმცა, თუ გადახდა წინასწარ სურს, კლიენტის ნებაა. ისეთი ერთწლიანი კულტურებისთვის, რომელიც წელიწადში ორჯერ მოდის, მაგალითად, კარტოფილისთვის, მსესხებელს შეუძლია სესხი ორივე სეზონზე აიღოს.

- კარტოფილი, ხახვი, ჭარხალი, კომბოსტო, სტაფილო - ეს ის ერთწლიანი კულტურებია, რომელიც ყოველდღიურად გვჭირდება და ხშირად უცხოურს ვყიდულობთ...

- დიახ. შეღავათიანი აგროკრედიტის მიზანია, გვქონდეს ადგილობრივი პროდუქცია და იმპორტი ჩავანაცვლოთ, ან ექსპორტზეც გავიდეთ. გარდა ამისა, შეღავათიან აგროკრედიტს არა მხოლოდ წვრილი მეურნეების დასახმარებლად, არამედ იმ ფერმერების დასახმარებლადაც ვიყენებთ, რომელთაც მოსავლის მიღებისთვის საწყისი თანხა კი აქვთ, მაგრამ გაფართოების საშუალება არ გააჩნიათ. ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი თანხა მოიხმარონ, რომ მაქსიმალურად მეტი შემოსავალი მიიღონ.

- რომელი რეგიონები უფრო ხშირად იყენებენ შეღავათიან აგროკრედიტს?

- ყველა. ერთწლიან კულტურებზე აგროკრედიტის გაცემა 5-100 ათასი ლარის ფარგლებშია ნებადართული. კრედიტით სარგებლობა ნებისმიერ იმ რეგიონშია შესაძლებელი, სადაც, კლიმატისა და ნიადაგის გათვალისწინებით, ერთწლიანი კულტურების მოყვანა შეიძლება.