„სალათის ფურცლის იმპორტი ქართული პროდუქტით უნდა ჩავანაცვლოთ“ - კვირის პალიტრა

„სალათის ფურცლის იმპორტი ქართული პროდუქტით უნდა ჩავანაცვლოთ“

რაც მეტი ადგილობრივი პროდუქტი გვექნება, მით უკეთესი ვითარება იქნება ქვეყანაში. სწორედ ეს იყო ამოსავალი წერტილი დღეს უკვე ფერმერ ივა ჭყონიასთვის, როცა ლაგოდეხში სალათის ფურცლების მოყვანას იწყებდა.

- სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანესი დარგია. ქვეყნის ეკონომიკისთვის უმჯობესია მეტი ადგილობრივი პროდუქტის შექმნა და რაც შეიძლება მეტის ექსპორტით გატანა. 1995 წლიდან ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან ვმუშაობდი, მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა მაქვს. ცოტა ხნის წინ კი გაჩნდა შესაძლებლობა, სწრაფი კვების ქსელი ("მაკდონალდსი") ადგილობრივი პროდუქტით მოგვემარაგებინა. სალათის ფურცლის მოსაყვანად მოვნიშნეთ ადგილი, სადაც შეიძლებოდა ის მთელი წლის განმავლობაში კარგად მოსულიყო. საუბარია აისბერგის ჯიშზე, რომელიც ბურგერებში გამოიყენება. როგორც აღმოჩნდა, ლაგოდეხი ამისთვის უნიკალური ადგილია, სუბტროპიკული ზონაა და ამ ჯიშის სალათის მოყვანა წელიწადში ორჯერ, მაისსა და ნოემბერ-დეკემბერში შეიძლება.

- ღია გრუნტში?

- კი, ღია გრუნტში მოყვანილ პროდუქტს განსაკუთრებული გემოვანი თვისებები აქვს. ამისთვის კლიმატურ პირობებსაც აქვს მნიშვნელობა. წლის განმავლობაში ეს სწრაფი კვების ქსელი დაახლოებით 7 ტონა სალათის ფურცელს მოიხმარს. ეს რაოდენობა ბიზნესისთვის არარენტაბელურია, ამიტომ ახლომდებარე ბაზარზე მოვიძიეთ, ჩვენი პროდუქციით რუსეთში არსებული "მაკდონალდსი" დაინტერესდა. მოთხოვნა კვირაში იყო დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენ სეზონზე შეგვეძლო მოგვეყვანა. მოკლედ, კონტრაქტით პირველი პარტია ნოემბერში გავუშვით. ახლა მაისშიც უნდა გასულიყო - ლაპარაკია 150-200 ტონაზე - და პროდუქტი, ფაქტობრივად, მათი შეკვეთის მიხედვით მოვიყვანეთ, მაგრამ ომი დაიწყო და რუსეთში "მაკდონალდსი" დაიხურა.

salati2-1652090840.jpg

- უკვე მზად არის პროდუქტი?

- 10-15 დღეში მოსავალს ველოდებით და ახლა აქტიურად ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, სად შეიძლება გავიტანოთ. ასე უცებ ევროპულ ბაზარზე გასვლა ძალიან რთულია, თანაც ეს არის ე.წ. ფრეშპროდუქტი, მალფუჭებადი, შოკურადაც ვერ გაყინავ. აქამდეც აქედან წასული პროდუქტი რომ ჩადიოდა, 5-10%-მდე მაინც იყო დანაკარგი, თუმცა ეს ჩვენთვის საინტერესო სფერო იყო და ამიტომაც მოვკიდეთ ხელი. თან შუალედებში 90-დღიანი ვეგეტაციით სიმინდს დავთესავთ და სექტემბრის დასაწყისში მოვიწევთ,N ნოემბერ-დეკემბერში კი ისევ სალათის ფურცელს ავიღებთ.

- სალათა რამდენ ხანში მოდის?

- ჩითილის გაზრდას ერთი თვე სჭირდება, მაქსიმუმ - 45 დღე. შემდეგ ჩითილები ღია გრუნტში უნდა გადაირგას და კიდევ 45 დღე სჭირდება. საქართველოში წლეულს კლიმატურმა პირობებმაც პრობლემები შეგვიქმნა, მარტში ზამთარმა კუდი მოიქნია კი არა, ფაქტობრივად, სამი კვირის წინ ზამთარი იყო. ამან მოსავალზეც იმოქმედა და ახლა არ ვიცით, რამდენი მოვა, თუმცა კლიმატურმა პირობებმა მარტო ჩვენთან კი არა, პრობლემები არაერთ ქვეყანაში შექმნა, მაგალითად, თურქეთში. საერთოდ, მოსავლის მიღება სერიოზულ რისკებს უკავშირდება, მისი სიმცირე კი ფასის ზრდას იწვევს. სამომავლოდ სასაწყობე მეურნეობის შექმნა გვინდა, რათა მომხმარებელს პროდუქტი წელიწადში დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში შევთავაზოთ. გარდა ამისა, ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, გვინდა, ყაზბეგში მოვიყვანოთ პროდუქტი. მისი მოყვანა სასათბურე პირობებში ზამთარშიც შეიძლება, რომ წყვეტა არ იყოს. ოღონდ ეს უკვე - გრძელვადიანი პერსპექტივაა. საბოლოოდ კი გვინდა, სალათის ფურცლის იმპორტი მთლად ქართული პროდუქტით ჩავანაცვლოთ.

- რაც მეტი იქნება ქართული პროდუქტი, ნაკლები იმპორტი იქნება საჭირო...

- სამწუხაროდ, ძირითადად, დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ პროდუქტზე, ამიტომ მინდოდა მიმართულება შეგვეცვალა, მეტი ქართული პროდუქტი გვეწარმოებინა, ექსპორტით გაგვეშვა და რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოგვეტანა. ბოლო წლებმა დაგვანახვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.

salati3-1652090841.jpg

- როგორც ჩანს, სამუშაო ადგილებიც შექმენით და ადამიანები დაასაქმეთ.

- კვალიფიციური კონსულტანტები გვყავს, პროდუქტი მათი მეთვალყურეობით მოგვყავს. სეზონურად მინიმუმ 10 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ არის დღეები, როცა 40-50 ადამიანია საჭირო. ეს ხდება ჩითილების ჩარგვის, მოსავლის აღების, დახარისხების დროს.

- ვინაიდან ლაგოდეხის ზონა სხვადასხვანაირი პროდუქტის მოყვანის საშუალებას იძლევა, ხომ არ ფიქრობთ, მეურნეობა გააფართოოთ და, მაგალითად, ხორბალი მოიყვანოთ?

- ხორბალს დიდი ფართობი სჭირდება. ჩვენი 15 ჰექტარი მიწა კი ამის საშუალებას არ იძლევა. ხორბალი რენტაბელური არ არის, თუ 100 ჰექტარი მაინც არ გაქვს, თუმცა 2 ჰექტარამდე ფართობზე ლოკოკინების მოშენება დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ლაგოდეხში ამისთვისაც იდეალური გარემოა. კონტრაქტი გავაფორმეთ იტალიურ კომპანიასთან, რომელთანაც ვყიდულობთ ყველა საშუალებას, რაც ლოკოკინის გასამრავლებლად არის საჭირო. პროდუქტსაც იტალიური კომპანია შეიძენს.

- ამ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ფერმერობა დაიწყეთ, საკუთარი გამოცდილებით რა დასკვნები გააკეთეთ?

- ბროკოლი, მოცვი, მარწყვი, რომლებიც შოკურ გაყინვას უძლებს და შესაძლებელია მათი ისრაელში, ამერიკაში გატანა, მაგრამ, მაგალითად, მწვანილი გაყინვას ვერ უძლებს და ის მეზობელ ქვეყანაში უნდა გაიტანო, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუმინეთთან. ვფიქრობთ ბულგარეთსა და ლიეტუვაზეც. ალტერნატიული ბაზარი აუცილებლად გამოჩნდება. ვნახოთ, დანარჩენს საქმე გვიჩვენებს.

- მიუხედავად სირთულეებისა, ოპტიმისტურად ხართ გაწყობილი. სხვებს რას ურჩევთ?

- ოპტიმიზმის გარეშე საქმე არ კეთდება. პირველი, რაც ფერმერებმა უნდა გააკეთონ, გასაღების ბაზარზე იფიქრონ, საქმე ერთობლივად გააკეთონ, რათა ყველაფერი რაც შეიძლება იაფი დაუჯდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი ისეთი ძვირი გამოდის, რომ შრომა აზრს კარგავს.

სასაწყობე მეურნეობაზეც იმიტომ ვფიქრობთ, რომ მოსავალი ადგილობრივი ფერმერების დახმარებით შევიძინოთ და საქართველოს ქსელურ სუპერმარკეტებში შევიტანოთ. საინტერესო პროექტია და ამით, ვფიქრობ, ფერმერებსაც დავეხმარებით, რომ პროდუქტი სწორად მოიყვანონ.