"სირთულეების მიუხედავად, ქართული ჩაის მრეწველობა მაინც ვითარდება“ - კვირის პალიტრა

"სირთულეების მიუხედავად, ქართული ჩაის მრეწველობა მაინც ვითარდება“

საქართველოს სოფლის მეურნეობას დიდი დრო დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ მხოლოდ მონოკულტურების მოყვანას, რაც უნდა მომგებიანი ჩანდეს ეს, აუცილებლად მოჰყვება იმედგაცრუება. ეს დაადასტურა, მაგალითად, თხილის კულტურამ, რომლის ქაოსურად გაშენებამ თხილის მოსავლიანობის შემცირება გამოიწვია. დასავლეთ საქართველოში თხილი, ძირითადად, ჩაის პლანტაციების აჩეხვის ხარჯზე გაშენდა, არადა, დღეს ქართული ჩაი შიდა მოხმარების მხოლოდ 25-30%-ს აკმაყოფილებს. ამ ვითარების გამოსწორების ამოცანა 2016 წლიდან დასახა ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამამ. სირთულეების მიუხედავად, ქართული ჩაის მრეწველობა ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება. გვესაუბრება ოზურგეთში ანასეულის სუბტროპიკული მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თემურ რევიშვილი.

- ბატონო თემურ, თქვენს ინსტიტუტს დიდი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ ჩაის ჯიშების გამოყვანაში, არამედ ჩაის ტექნოლოგიების შექმნაში, რაც გრძელდება, თუმცა, მოწმე ვარ, რამდენიმე წლის წინ როგორ წუხდით ჩაის აჩეხვის გამო. რა შეიცვალა დღეს?

- როდესაც გლეხი ამბობდა, სახელმწიფო პროგრამა ფულს თუ მომცემს, მე ვიცი, რაშიც უნდა მოვიხმარო, ჩაის ავჩეხავ და თხილს დავრგავო, არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო მოსასმენი. მით უფრო, რომ ბევრი სწორედ ასე მოიქცა. ამას მოჰყვა თხილის დაავადებების გავრცელება და მოსავლიანობის შემცირება, რაც მოსალოდნელიც იყო. მცენარეთა სპეციალისტებმა კარგად ვიცით, რამდენი უარყოფითი შედეგი მოსდევს მონოკულტურაზე ჩამოკიდებას. ამ ფონზე სახელმწიფოს მიერ ჩაის სუბსიდირების პროგრამის დაწყებას, რომელიც ძველი პლანტაციების აღორძინებას გულისხმობდა, სიხარულით მივესალმე, თუმცა ამ პროგრამის დაწყება სულაც არ აღმოჩნდა იოლი. პირველი სირთულე იყო პროგრამაში ჩართვის მსურველთა სიმცირე. ამასობაში პროგრამის ამოქმედებას დაერთო თხილის მასობრივი დაავადებები, რამაც ხალხი დააფიქრა. ამ სიტუაციაში გამოჩნდნენ ისინი, ვინც თხილის გაშენება გადაიფიქრა, ჩაის პლანტაციების აღორძინება გადაწყვიტა და გაველურებული პლანტაციის გაცოცხლებას სიამოვნებით მოჰკიდა ხელი. დღეს ეს პლანტაციები უკვე იკრიფება, რაც სასიხარულო ამბავია, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, არცთუ შორეულ წარსულში თავადვე როგორ გავანადგურეთ სახელგანთქმული ქართული ჩაი.

დღეს გურიაში ჩაის ყველაზე დიდი ფართობებია რეაბილიტირებული, მთელ საქართველოში კი დაახლოებით 1200 ჰექტარი პლანტაცია გაცოცხლდა და კრეფაც მიმდინარეობს. ყველაზე მეტი ჩაის საწარმოც გურიაში ამუშავდა, რომელთაც ჩაი ექსპორტითაც გააქვთ, თუმცა, ჩაის რეალიზაციის საქმე კვლავ პრობლემად გვრჩება, განსაკუთრებით - ახალი პლანტაციებიდან, რადგან გამოცდილ მეწარმეებს უკვე აქვთ მოძიებული გასაღების ბაზრები, ახალ მეწარმეს კი უჭირს და სახელმწიფოს, რომელმაც გამზადებული, მსხმოიარე პლანტაცია ჩააბარა, საყვედურობს, ჩაის ვერ ვყიდიო. არაფერი გამოვა, თუ გზის პოვნა ადამიანმა თავად არ მოინდომა. არ არის ადვილი რეალიზაციის ბაზრის გამოძებნა, მაგრამ არც შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ქართული ჩაი საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს აკმაყოფილებს, ჩვენ კი 1200 ტონამდე ჩაი გვჭირდება.

chai2-1652091110.jpg

- თუმცა ჩაი იმპორტით შემოაქვთ მსხვილ კომპანიებს, რომლებიც ბაზარს ფასებს ჰკარნახობენ, ჩვენი წვრილი კომპანიები კი ფასებს იოლად ვერ დაარეგულირებენ, რადგან ჩაის წარმოებაც ძვირი გვიჯდება. მაგალითად, გურიაში კილოგრამი ადგილობრივი ჩაის ფასი 40-45 ლარიდან იწყება. გამოსავალი მსხვილი მეურნეობებია თუ თანამედროვე ტექნიკა?

- ორივე ერთად, თუმცა, მოდი, განვიხილოთ, რა ხდება ამ ეტაპზე. დღეს ქართული ჩაის ხარისხი გაცილებით უკეთესია, ვიდრე არაერთი სახის იმპორტირებული ჩაის, ასე რომ, ქართული ჩაი გაუყიდავი არ რჩება. მიუხედავად ბუზღუნისა, ჩვენს მეწარმეებს სეზონის ბოლოს ჩაი აღარ აქვთ, თუმცა პრობლემა რეალიზაციის პროცესის შენელებაა. როდესაც ჩაი ნაწილ-ნაწილ იყიდება, შემოსავალიც ნაწილ-ნაწილ შემოდის და ახალ სეზონამდე იხარჯება, შესაბამისად, როდესაც კვლავ პლანტაციების დამუშავებაა საჭირო, არაერთი ჩვენი მეწარმე სესხს იღებს, რასაც ჩაის მოსავლით იხდის. ცხადია, ამის გამო მომავალი ჭირნახულიდან შემოსავალიც ავტომატურად უმცირდება. ასე რომ არ მოხდეს, კოოპერატივების შექმნაა საჭირო, რომლებიც დიდი რაოდენობით პროდუქციას დააგროვებენ და ექსპორტზეც იზრუნებენ. ექსპორტიორებს პროდუქციის სოლიდური მოცულობით შესყიდვა სურთ, მაგრამ სწორედ აქ მივდივართ ქართული ჩაის მთავარ პრობლემამდე - ქართული ჩაის მწარმოებლებს კოოპერატივების შექმნა არ სურთ. მიაჩნიათ, რომ თავიანთ პროდუქციას თავადვე გაასაღებენ და სხვები არ სჭირდებათ, მაგრამ პროდუქციის გასაღება დაყოვნებულია და შემოსავალიც არადანიშნულებისამებრ იხარჯება.შესაძლოა ჩვენი ჩაი მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ მას აქვს ღირებულებები, რომლებითაც ის ფასეულია და რაც ტურიზმსაც აინტერესებს. მაგალითად, ჩვენი ჩაი იზრდება საუკეთესო ნიადაგზე და კლიმატურ პირობებში, არის არომატული, ეკოლოგიური და, იმავდროულად, პლანტაციებიც ლამაზ ბუნებაშია. ტურისტს სურს, ამ ბუნებაში საკუთარი ხელით მოკრიფოს ქართული ჩაი და გასინჯოს. ეს ქმნის შემოსავალს, ოღონდ ასეთი შემოსავლისთვის პროგრამების შექმნაა საჭირო.

- ბატონო თემურ, ჩვენ ვთქვით, რომ ქართული ჩაის მაღალ თვითღირებულებას შეამცირებდა თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნაც. ამ მიმართულებით არის სიახლე?

- სიხარულით გეტყვით, რომ დიახ. შესაძლოა, ეს ამბავი დავიწყებას მიეცა, მაგრამ სწორედ ქართველების შექმნილი იყო უნიკალური ჩაის საკრეფი მანქანა "საქართველო". ალბათ, ბევრს გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ინსტიტუტში უკვე სამი სახის მსგავსი ტექნოლოგია იქმნება, ასე რომ, სულ ცოტა ხანში გვექნება სამი უახლესი ჩაის საკრეფი და დასამუშავებელი ტექნიკის პრეზენტაცია.დამერწმუნეთ, ეს ტექნოლოგიები გარდამტეხ როლს შეასრულებს ქართული ჩაის წინსვლის საქმეში, პრეზენტაციაზე კი ყველა დაინტერესებულ პირს სიამოვნებით ვპატიჟებ.