რას ასწავლის გამოცდილება ახალბედა მევენახეს - კვირის პალიტრა

რას ასწავლის გამოცდილება ახალბედა მევენახეს

„ჩემს თავს მეღვინეს ვერ ვუწოდებ, ცოტა ნაადრევია, ასე ვერ გავკადნიერდები“

საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, მიუბრუნდეს საკარმიდამო ნაკვეთებს და იქ დიდ თუ მცირე მეურნეობას ჩაუყაროს საფუძველი. ამჯერად ისტორიკოსისა და გამომცემლის ბუბა კუდავას სამეურნეო გამოცდილების შესახებ უნდა გიამბოთ. ამ საქმით დაინტერესება მისთვის ემოციური კავშირია ვაზთან, წინაპართა მამულებსა და მათ სახელებთან, ამასთან, სწავლის საუკეთესო საშუალება და მოტივატორიც, რაც დიდი ენერგიას აძლევს.

ბუბა კუდავა: - კახეთსა და სამეგრელოში ორი პატარა ვენახი გავაშენე. წარმოშობით მეგრელი ვარ, ბებია ქიზიყელი მყავდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევიდან. საერთოდ, ვაზისა და ღვინისადმი დამოკიდებულება ქართველებს არ გვეშლება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმისთვის ასაკიც საჭიროა და წლებმა თავისი ქნა. ზაფხულობით მე და ჩემი და-ძმა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში დიდ დროს ვატარებდით, თან ბავშვობიდან სულ მახსენდებოდა, რომ ჩემი დიდი პაპის, კოლა, იგივე ნიკოლოზ ობოლაშვილის (მჭედელი იყო) გაშენებული ვენახი მისი გარდაცვალებიდან ორ წელიწადში გაიჩეხა. ვაზი ბებერი იყო და ვერც ვერავინ უვლიდა. სახლ-კარიც დაცარიელდა.

buba2-1652091638.jpg

- ვენახი საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა?

- კი და ეს ამბავი, როგორც ქართველს, დანაშაულად მიმაჩნდა. შეიძლება ის ვენახი ძველებული იყო, მაგრამ სამაგიეროს ჩაყრა ხომ შეიძლებოდა?! 35 წლის შემდეგ ავინაზღაურე ჩემი გულის დანაკლისი და იქ პატარა ვენახი გავაშენე. მანამდე მეგობარ სპეციალისტებთან კონსულტაცია გავიარე, რადგან არ მინდოდა სტანდარტული ჯიშების ჩაყრა. არ მინდოდა საყოველთაოდ გავრცელებული ჯიშები - რქაწითელი და საფერავი. ამიტომ აზრი ვკითხე ჩემს მეგობარს, გიორგი ბარისაშვილს, რომელიც ამ საკითხების მცოდნეა. ბოდბური ჩიტისთვალა მირჩია (ჩიტისთვალა წვრილი მარცვლით გამოირჩევა) და 2019 წელს 200-220 ძირი ჩავყარე.

ბოდბისხევში ჩემი დიდი პაპის საუკუნის წინ აშენებული სახლი დგას. მისი შთამომავლები ბევრნი ვართ. სახლს, ხელის შევლება სჭირდება. ჩავთვალე, რომ ვენახის გაშენება ერთგვარ მიჯაჭვულობასაც მოიტანდა. დავრგე ბაღის სხვადასხვა კულტურაც. ჩვენთან წყალი ჭირს. ცოტა ვიჩქარე, როცა ჯერ ვაზი ჩავყარე და წყალზე მერე ვიზრუნე. ჭის გასათხრელად წყალტუბოდან ჩამოვიყვანე გამოცდილი სპეციალისტები, რომლებმაც ჭა სამეგრელოში გათხარეს, ჩემს მეორე სოფელში. ბოდბისხევში 42 მეტრზე ჩავიდნენ, მთელი დღე თავდაუზოგავად ხელით თხრიდნენ... წყალი რომ გაჩნდა, მერე უფრო აქტიურად დავიწყე ვენახის მოვლა. როცა ჩასვლას ვერ ვახერხებდი, იქვე ნათესავები ცხოვრობენ და დახმარებას მათ ვთხოვდი.

ცოდნას გზადაგზა ვაგროვებდი, სპეციალისტებთან, გლეხებთან საუბრით, პრაქტიკა კი ყველაზე დიდი მასწავლებელია. აღმოვაჩინე, რომ სპეციალისტებიც კი ურთიერთგამომრიცხავ რჩევებს მაძლევდნენ და იმასაც მივხვდი, რომ ჩვენს გლეხობას სპეციალური, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ცოდნა აკლია, მაგრამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ვეცნობოდი თეორიას ნაშრომებში, ინტერნეტში და ასე ნელ-ნელა სამი წელიწადიც გავიდა.

buba5-1652091639.jpg

- ვენახმა, ალბათ, ნიშანიც მოგცათ?

- შარშან მესამე წელი იყო და მცირე მოსავალი უნდა ამეღო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთმა ფაქტორმა ხელი შემიშალა. ძირების ნაწილის გამოცვლამ მომიწია, ზოგმა - ვერ და ზოგმაც ცუდად გაიხარა. მესამე წელს 100 კილოგრამამდე მაინც უნდა ამეღო. მოსავალი კარგი ჩანდა - ძალიან გრძელი მტევნები აქვს, 30 სანტიმეტრამდე. სეტყვა ჩვენს უბანში იშვიათია, მაგრამ დასეტყვა. თუმცა განსაზღვრული რაოდენობის აღება მაინც შეიძლებოდა, რათა სატესტოდ დაგვეწურა, მაგრამ... რთვლის სეზონი რომ მოახლოვდა, ჩიტებმა პირწმინდად შემიჭამეს.

ახლა მეტ-ნაკლებად მომზადებული ვარ, რომ იგივე არ დამემართოს. სეტყვის საწინააღმდეგოდ გამიჭირდება რამე მოვიმოქმედო, მაგრამ ჩიტების საწინააღმდეგოდ რამდენიმე მევენახემ მირჩია ტომრების ნაჭრები, ძველი კასეტების ლენტები, რომლებიც მზეზე ბრჭყვიალებს, დავკიდოთ ღობეებსა თუ ვენახის სიახლოვეს, რაც ჩიტებს დააფრთხობს. უფრო თანამედროვე და აპრობირებული მეთოდია ხმის გამომცემი აპარატურა, რომელიც სხვადასხვა გარეული ფრინველის ხმას გამოსცემს. ასე რომ, შემოდგომამდე უნდა შევიძინო და ამ გამოწვევას მომზადებული დავხვდე. ამასთან, ვიყენებ ბიომეთოდებს, ვენახში ხის ბოძები ჩავსვი, ვწამლავ ბიოსაშუალებებით.

buba3-1652091639.jpg

- ღირდა შრომა, რაც გასწიეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში ხარჯი მეტია, ნამდვილად ღირდა, თან დარწმუნებული ვარ, რომ სულ ასე იქნება, რადგანაც ნაკვეთი პატარაა, მაგრამ მიწასა და ამ კულტურასთან სხვა გრძნობები მაკავშირებს, აქ სუბიექტური ვარ.

- სამეგრელოში გაშენებულ ვენახზეც გვიამბეთ.

- იქ დიდი მიწა გვაქვს... იქაურობა ჩემთვის ყოველთვის ადგილობრივად გავრცელებულ კულტურებთან ასოცირდებოდა, ვენახს ვერ ვუკავშირებდი. მევენახეობით რომ დავინტერესდი, სურათი უფრო და უფრო გაიშალა. გავარკვიე, რომ სამეგრელოში ადგილობრივი წარმოშობის 40-60 ჯიში ყოფილა, რომელთაგან დაახლოებით 30 ადგილობრივი მუზეუმის საკოლექციო ნაკვეთშია დაცული. მუზეუმი არაჩვეულებრივი პიროვნების, გივი ელიავას დაარსებულია, დღეს მის სახელს ატარებს და ხელმძღვანელობს მისი შვილიშვილი გია ელიავა. ბატონი გივი სოფლებში ფეხდაფეხ დადიოდა და გადაშენების პირას მყოფ მეგრულ ჯიშებს აგროვებდა. საცდელი ნაკვეთი მუზეუმის ბაზაზე შექმნა, რათა ეს ჯიშები ფიზიკურად გადაერჩინა და ყოფილიყო ბაზა კვლევისა და დაკვირვებისთვის. ღვინოს აყენებენ და მუზეუმის სტუმრებს უმასპინძლდებიან. მეც რომ გამიმასპინძლდნენ, ამ თემებს უფრო ჩავუღრმავდი. ბატონ გიას რჩევა ვკითხე, რას მირჩევდა ჩემი საკარმიდამო ნაკვეთისთვის. ხალხსაც დაველაპარაკე. აქვთ ცნობები, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია მაინც დაკარგულია. ახალი დაკვირვებაა საჭირო. მოკლედ, ვინაიდან სამეგრელოში, კახეთისგან განსხვავებით, სიშორის გამო ხშირად ვერ ჩავდივარ, უფრო მოკრძალებული ვენახი გამოვიდა - მეტი ჯიშია, მაგრამ ნაკლები რაოდენობით. საცდელი ვენახის გაშენებაში დამეხმარნენ ძმები ხარებავებიც, რომლებიც ამ საქმეს მისდევენ. ვაზის ნაწილს იქაც გაუჭირდა, ნაწილმა ვერ იხარა, მაგრამ ერთმა ძველმა ჯიშმა, კოლოშმა, რომელიც ახლა იშვიათია, იმარჯვა. გამძლე და ნაკლებად პრეტენზიულია. მეორე ჯიში ჭყონდიდურია, რომელიც ბატონი გივი ელიავას გამოყვანილია. ჯერჯერობით ეს ორი ჯიში ლიდერობს. ამ ყველაფრის პარალელურად, მარანი თბილისში სტამბაშიც გავაკეთე. სტამბა ჩვენი ოჯახის საკუთრებაა და ღვინოს იქ ვამზადებ. მალე ბოთლებშიც ჩამოვასხამთ, თუმცა ეს ღვინო შეძენილი ყურძნისგან მზადდება.

buba4-1652091639.jpg

მეღვინეობასა და მევენახეობას ზოგიერთი აიგივებს. არადა, მივხვდი, რომ ორი სხვადასხვა დარგია. ჩემს თავს მეღვინეს ვერ ვუწოდებ, ცოტა ნაადრევია, ასე ვერ გავკადნიერდები. თუკი ვინმე ამა თუ იმ ფორმით ამ დარგს მისდევს, ყველას ვურჩევდი პატარა ვენახი მაინც ჰქონდეს. ძალიან დიდი გამოცდილებაა - ამ განათლებას მეღვინე უნდა ფლობდეს. დილეტანტებს ვურჩევდი მცირედით დაიწყონ, ჰექტარებს ნუ შეეჭიდებიან, თან ყოველ წელს მიმატებაც შეიძლება და გამოცდილების დაგროვებაც. დავრწმუნდი, რომ ამ საქმეს სიჩქარე არ უყვარს. ჯობს იმდენი გააშენო, რამდენის მოვლასაც შეძლებ. მე ეს ვენახები მოდუნების საშუალებას არ მაძლევს და მაიძულებს უფრო ხშირად ჩავიდე კახეთსა თუ სამეგრელოში, იქაურობას ხელი მეტად შევავლო და ტერიტორიასაც მეტად მივხედო.