"ქართულ ლურჯ მოცვზე ევროპაში მაღალი მოთხოვნაა“ - კვირის პალიტრა

"ქართულ ლურჯ მოცვზე ევროპაში მაღალი მოთხოვნაა“

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ლურჯი მოცვის მასობრივი გაშენების საჭიროებაზე უკვე კამათობენ, პრაქტიკამ ლურჯი მოცვი საუკეთესო ქართულ საექსპორტო პროდუქტად აქცია. მისმა ექსპორტმა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც, ბოლო წლებში 1000 ტონას გადააჭარბა და კიდევ იმატებს. გურია ლურჯი მოცვის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპორტიორია. წლების წინ სწორედ აქ გაშენდა ლურჯი მოცვის პირველი საექსპერიმენტო ფართობები. პლანტაციების რაოდენობა კვლავაც იზრდება, რასაც აქაური მაღალმჟავიანი ნიადაგებიც უწყობს ხელს. გურიაში კომპანიის დამფუძნებელმა ლევან ლებანიძემ ლურჯი მოცვის გაშენება ოზურგეთში, დაბა ლაითურში, 20 ჰექტარზე 2015 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე 100 ტონა ლურჯი მოცვი გააქვს ბაზარზე, რაც ჩვენი რეალობისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

ლევან ლებანიძე:

- ქართულ ლურჯ მოცვზე ევროპულ ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა და ეს უკვე იძლეოდა გარანტიას, რომ მოსავალი გაუყიდავი არ დამრჩებოდა. რა თქმა უნდა, ევროპის ბაზრისკენ ტრანსპორტირებასაც აქვს სირთულეები, მაგალითად, ხანგრძლივი სახმელეთო გზა თურქეთიდან, მაგრამ კარგი ტექნოლოგიების წყალობით მოუგვარებელი არაფერია, თან ლურჯი მოცვით არა მარტო ევროპა, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნები და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც არიან დაინტერესებული. ამასთან, ლურჯი მოცვის პოპულარობა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდა, ეს კი ბიზნესისთვის უიმედო მდგომარეობა არ არის. სწორედ ამ პირობების გამო შენდება ეს კულტურა ქვეყანაში მასობრივად, დანარჩენი კი შრომა და მენეჯმენტია.

დასაწყისისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მაღალხარისხოვანი და სანდო ნერგების შეძენას. ლურჯი მოცვი "ამერიკული მცენარეა". შესაბამისად, არსებობს ამ კულტურის მაღალხარისხოვანი ნერგების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც ლურჯი მოცვის ნერგებს მთელ მსოფლიოს აწვდის. ჩვენც ნერგები ამ კომპანიიდან შევიძინეთ. პრაქტიკულად, ყველა ძირმა გაიხარა და უკვე მეორე წელიწადს მოსავალი მოგვცა, მართალია, მცირე, მაგრამ ხარისხიანი. აქვე დავამატებ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს წყლის პრობლემა არ გვქონდა, არტეზიული ჭა მაინც გავჭერით წვეთოვანი სისტემისთვის. ლურჯი მოცვი სრულ მსხმოიარობაში 5-6 წლის შემდეგ შედის, ასე რომ, წლეულსა და შარშან სრული მსხმოიარობა გვქონდა.

- ცნობილია, რომ მოცვის კრეფა ჯიშების მიხედვით დაახლოებით ივნისიდან იწყება და ივლისში მთავრდება - ანუ ლურჯი მოცვის პლანტაცია მთელ წელიწადს ემზადება ამ დაახლოებით ერთი თვისთვის. რა სამუშაო სჭირდება კულტურას, რომ 1 კილოგრამ კენკრაში საშუალოდ 5-6 დოლარი მიიღოთ?

- დიდი აგროტექნიკური სამუშაო, ნიადაგის მოვლით დაწყებული, გასხვლით დამთავრებული. ამიტომაც ჩვენს პლანტაციებში მუდმივად 15 კაცი მუშაობს, კრეფის სეზონზე კი ჩვენს ლურჯ მოცვს 200 კაცი კრეფს.

- სამაცივრო ტექნოლოგიები თუ გაქვთ, სადაც პროდუქციას რეალიზაციის შეყოვნების დროს შეინახავთ?

- ასეთი მაცივარი არა გვაქვს, თუმცა, საბედნიეროდ, გვაქვს წინასწარი გაცივების ტექნოლოგიები, რაც ჩვენს პროდუქციას რამდენიმე საათში 2ოჩ ტემპერატურამდე აცივებს. შემდეგ კენკრა ხელით ხარისხდება და გადადის საექსპორტოდ მიმავალ ტრანსპორტში, სადაც ტემპერატურა 2C-ია. ეს ტემპერატურა მოცვს ტრანსპორტირებისას კარგად ინახავს, თუმცა არ არის სასურველი ტრანსპორტირების დრო ძალიან დიდი იყოს.

- როგორც ცნობილია, ქართული ლურჯი მოცვი აღმოსავლეთის ქვეყნებსაც სურთ, თუმცა გადაზიდვა ყოვნდება. მიზეზი რა არის?

- სამწუხაროდ, აღმოსავლეთის ქვეყნებში ქართული მოცვის მასობრივ გატანას ტემპერატურული რეჟიმით აღჭურვილი სატვირთო ტერმინალის სიმცირე სულაც არ უწყობს ხელს, თვითმფრინავით მოცვის გადაზიდვა კი ძვირი ჯდება. ასე რომ, აღმოსავლეთის ზოგიერთი მიმართულება ჯერ კიდევ სათანადოდ მოსამზადებელია ჩვენი მოცვის სრულფასოვანი ექსპორტისთვის, ევროპულ ბაზარზე კი ჩვენს პროდუქციაზე ნამდვილად სერიოზული მოთხოვნაა, რადგან არა მარტო ხარისხით ვპასუხობთ ევროპულ მოთხოვნებს, არამედ ასე ვთქვათ, სწორ დროს სწორ ადგილას ვხვდებით. ვგულისხმობ იმას, რომ ევროპის ბაზარზე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ათასობით ტონა ლურჯი მოცვი შედის, მაგრამ მაისის ბოლოს ლათინური ამერიკის ქვეყნებში მოცვის კრეფა უკვე სრულდება და ევროპის ბაზარზეც მოცვის ადგილი შედარებით ცარიელდება. ასეთ დროს, როდესაც ევროპაში ლურჯი მოცვის მწიფობის სეზონი დაწყებული არ არის, უკვე ქართული ლურჯი მოცვის კრეფის დროა. ჩვენი მოცვი რამდენიმე კვირით ადრე იკრიფება, ვიდრე, მაგალითად, პოლონეთსა და ესპანეთში. აი, ამ დროს შევდივართ ევროპის ბაზარზე და ცხადია, იქ მოთხოვნაც გვხვდება.

- საინტერესოა, მოცვის მცირე პლანტაციებს რა პერსპექტივა აქვს ჩვენში? როგორც ცნობილია, ისინი იმპორტზე გასვლას მოსავლის სიმცირის გამო ვერ ახერხებენ.

- ბაზარი გვაქვს, მაგრამ მოცვის გატანას ვერ ვახერხებთ, რადგან საქართველოში საბოლოოდ მაინც მცირე რაოდენობის მოცვი მოგვყავს. რაც უფრო მეტია ჩვენი პროდუქცია, მით უფრო მაღალია უცხოელი პარტნიორების დაინტერესება. ამ ეტაპზე მოცვის მცირე მეურნეობები ადგილობრივი ბაზრით ისარგებლებენ.

- როდესაც უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები წავიკითხე, ტემპერატურის გლობალურად მატების გამო ღია გრუნტში მოცვის მოყვანა უნდა შეწყდეს და გვირაბებში გადაინაცვლოსო...

- გურიაში, საბედნიეროდ, მოცვის სეზონზე სეტყვა არ იცის, მაგრამ ქარი ემტერება ძალიან. ამიტომაც არის საჭირო მოცვის გვირაბებში მოყვანა, რასაც ჩვენი კომპანიაც აპირებს უცხოური სასოფლო ორგანიზაციის დახმარებით, თუმცა აქამდე პანდემიამ და სხვა ფაქტორებმა შეგვიშალა ხელი. სხვათა შორის, ექსპერიმენტის მიზანი არა მარტო კულტურის ბუნებრივი რისკებისგან დაცვაა, არამედ მეორე მიზანიც გვაქვს - გვინდა საადრეო მოცვის მოსავალიც ავიღოთ. ეს უფრო მეტად გაგვიხსნის ბაზარზე გზას. ამ ეტაპზე 100 ტონა პროდუქცია გაგვაქვს, თუკი მოცვის გვირაბში მოყვანას შევძლებთ, დარწმუნებული ვართ, ბევრად მეტს გავიტანთ. თუმცა ჩვენი მოსავლიანობა ჯერ გვირაბის გარეშეც იზრდება. რაც შეეხება ფასს, ცხადია, ადრეულ მოსავალზე ფასი უფრო დიდია. ევროპულ ბაზარზე 1 კილოგრამი ლურჯი მოცვის ფასი საშუალოდ 2,5-3 დოლარამდე ეცემა, მაგრამ ამ დროს ჩვენ უფრო საადრეოდ მოყვანილი მოსავალი უკვე გაყიდული გვაქვს.