რატომ გააუქმებინა პუტინმა საჰაერო აღლუმი კრემლის თავზე - მართლაც უამინდობის გამო თუ... შესაძლო საჰაერო დივერსიის შიშით? - კვირის პალიტრა

რატომ გააუქმებინა პუტინმა საჰაერო აღლუმი კრემლის თავზე - მართლაც უამინდობის გამო თუ... შესაძლო საჰაერო დივერსიის შიშით?

9 მაისს რუსეთში, მოსკოვის წითელ მოედანზე, კრემლის წინ, „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 77-ე წელი იზეიმეს და ტრადიციული სამხედრო აღლუმიც ჩაატარეს, თუმცა, როგორც ტელეეკრანებიდანაც გამოჩნდა, დიდი სადღესასწაულო განწყობა არც რუსეთის პრეზიდენტის - პუტინის და არც მისი თავდაცვის მინისტრის - შოიგუს სახეებზე არ აისახებოდა...

თვით სამხედრო აღლუმიც რაღაცნაირი, უფერული გამოუვიდათ, თუნდაც წინა წლებთან შედარებით, და ნაკლებად ეზეიმებათ, რაც გასაგებიცაა - უკრაინის ფრონტებზე, იქ აგრესორის სახით შეჭრილი რუსეთის არმია გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება, დიდი მსხვერპლი აქვს პირად შემადგენლობაში და მნიშვნელოვანი დანაკარგები საბრძოლო ტექნიკის სახით, ამასთან, ისეთ სერიოზულ წარმატებებს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს.

ისედაც უფერული წლევანდელი „გამარჯვების აღლუმი“ წითელ მოედანზე რუსი მაყურებლებისთვის კიდევ უფრო ნაკლებად საინტერესო გახადა იმანაც, რომ ბოლო მომენტში გააუქმეს აღლუმის ყველაზე სანახაობრივი კომპონენტი - საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების რგოლების გადაფრენა დაბალ სიმაღლეზე, წითელი მოედნის თავზე.

წელს 77 საფრენი აპარატის გამოჩენა იგეგმებოდა მოსკოვის თავზე - „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მაგრამ პუტინის პრეს-მდივნის - პესკოვის განცხადებით, სამხედრო აღლუმის საჰაერო კომპონენტის გაუქმება უამინდობის გამო გადაწყდა.

აღლუმის დროს მოსკოვის თავზე მართლაც შეინიშნებოდა საწვიმარი ღრუბლები, თუმცა არცთუ ისე ბევრი, და მზეც ანათებდა.

უამინდობა წინა წლებში თითქმის არასდროს გამხდარა (ერთი-ორი გამონაკლისი წლის გარდა, როდესაც აღლუმის დღეს მართლაც კოკისპირული წვიმა მოვიდა) საჰაერო აღლუმის გადადების საფუძველი: 8-9 მაისს თვითმფრინავების გამოყენებით მოსკოვის ცაში სპეციალურ ქიმიურ რეაგენტს აფრქვევდნენ, რომელიც წვიმის წინასწარ მოსვლას აჩქარებდა და აღლუმის დაწყებას ღრუბლები „ჩაჩუტულები“ ხვდებოდნენ...

იმავეს გამეორება წელსაც თავისუფლად შეიძლებოდა, მით უმეტეს, რომ რუსულმა ავიაციამ წითელ მოედანზე მწყობრით გადაფრენაზე წინა დღეს უკვე ივარჯიშა და მზად იყო მისი გამეორებისთვის.

მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ უამინდობა არ ყოფილა მთავარი მიზეზი სამხედრო აღლუმის საჰაერო კომპონენტის ბოლო მომენტში გაუქმების - ამის რეალური საბაბი შესაძლო საჰაერო დივერსიის მაღალი ალბათობა შეიძლება გამხდარიყო...

2-1652092410.jpg
ბრიტანული „სტარსტრიკი“ ექვს კმ დისტანციაზე მოქმედებს და ...

„უკრაინელების ყველაზე დიდი „მილოცვა“ კი, ალბათ, წითელ მოედანზე, პუტინის ტრიბუნასთან, რომელიმე რუსული საბრძოლო თვითმფრინავისა თუ შვეულმფრენის „დაშვება“ იქნებოდა, რომელიც, 77 ერთეულის სახით, სამხედრო აღლუმის ბოლოს დაბალ სიმაღლეზე გვერდით ჩაუფრენდა კრემლს“ - ეს ამონარიდია 9 მაისის „კვირის პალიტრის“ ნომრის ჩემი სტატიიდან (რომელიც ორი დღით ადრე იყო დაწერილი) „რას გამოაცხადებს კრემლი გამარჯვებად 9 მაისს და რა სიურპრიზებს უმზადებენ მას უკრაინელები...“ 9 მაისს „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების დღესასწაულს საომარ მდგომარეობაში კრემლი ადრეც შეხვედრია, ავღანეთისა და ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, მაგრამ წლევანდელი ომი უკრაინასთან სულ სხვა მასშტაბებისაა და ნელ-ნელა, არ არის გამორიცხული, იმ „დიდ სამამულო ომსაც“ გაუტოლდეს, ოღონდაც, რომელშიც როლები შეიცვლება: სამამულო და სამართლიან ომს უკრაინა აწარმოებს, ხოლო გერმანელი ფაშისტების ადგილას ოკუპანტის რანგში პუტინის რაშისტები აღმოჩნდებიან.

უკრაინელების შესაძლებლობები ბევრად მეტია ჩეჩნეთის თავისუფლების მოპოვებისთვის მებრძოლებთან შედარებით, მათ შორის - სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარების სახითაც. მოსკოვის თავზე, დაბალ სიმაღლეზე გადამფრენი რამდენიმე ათეული მრავალტონიანი თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ტექნიკურ უსაფრთხოებას დიდი გულმოდგინებით უზრუნველყოფენ, ასევე, მოწმდება მოსკოვის თავზე წითელი მოედნისკენ ფრენის მარშრუტის ქვეშ მდებარე კორპუსების სახურავებიც და ილუქება.

3-1652092438.jpg
წითელ მოედანზე, პუტინის ტრიბუნასთან, დაბალ სიმაღლეზე 270 ტონიან სტრატეგიულ ბომბდამშენ-რაკეტმზიდ „თეთრ გედს“,Ту-160-ს პირველს უნდა გადაეფრინა...

და მაინც, რუსეთ-უკრაინის ომში იმდენი სახის კომპაქტური, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გამოჩნდა და ბრძოლებში დაიკარგა - „რუსული „იგლები“, ამერიკული „სტინგერები“, ფრანგული „მისტრალები“ თუ ბრიტანული „სტარსტრიკები“, რომ არავინ გამორიცხავდა რომელიმე მათგანის გამოჩენას მოსკოვში, თანაც იმ მომენტში, როდესაც დაბალ, სამასიოდე მეტრის სიმაღლეზე, აუჩქარებლად მფრენი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების რგოლები საუკეთესო საჰაერო სამიზნეებად გამოჩნდებოდნენ თვით დამწყები მეზენიტესთვისაც კი...