გარემო მისტიკური ჩანდა - ადამიანის ჭაჭანება არ იყო, არც მანქანას ჩაუვლია... მხოლოდ გოლიათი მთები... მდინარე და ცხრანი - ლილიპუტებივით - კვირის პალიტრა

გარემო მისტიკური ჩანდა - ადამიანის ჭაჭანება არ იყო, არც მანქანას ჩაუვლია... მხოლოდ გოლიათი მთები... მდინარე და ცხრანი - ლილიპუტებივით

იხილეთ დასაწყისი - იმ დღეს კი ქართველების ზეიმი იყო იშხანში - გავავსეთ ტაძარი, თბილისელი მოსწავლეები რომ შემოგვიერთდნენ

იშხნიდან ბარდუსის ხეობისკენ გავწიეთ - კოპის ციხე და მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესია უნდა მოგვეძებნა. ბარდუსის ხეობამდე გზად ფარნაკის ციხის ნანგრევები შევნიშნეთ. ჯგუფის ხელმძღვანელმა თამთა ჭანტურიამ არც მისი ნახვის სიამოვნება მოგვაკლო - რამდენიმე წუთით ავირბინეთ (პირდაპირი მნიშვნელობით). თითქოს ხრიოკი ჩანდა იქაურობა, მაგრამ ციხის მეორე მხარეს რომ გადავიხედეთ, როგორც უდაბნოში ოაზისი, ისე ამოიმართა ამწვანებული მდელო...

2-9-1652101246.jpg
არბენით ფარნაკის ციხეზე

დროის სიმცირის გამო ავჩქარდით და კვლავ ბარდუსის ხეობისკენ გავეშურეთ.

3-7-1652101294.jpg
მზევინარ მჟავანაძესთან ერთად ფარნაკის ციხის ნანგრევებში

ხეობაში ერთ მხარეს კაშხლის წყალი იყო ამოსული, მეორე მხარეს - გოლიათი კლდეები. მარჯვნივ, მთის წვერზე ლექსორის ეკლესიის მიმდებარედ - გალავანი და სხვადასხვა ნაგებობა გამოჩნდა. ბევრი ვეძებეთ მისკენ მისასვლელი გზა, მაგრამ - ამაოდ.

4-10-1652101635.jpg
ფარნაკის ოაზისი

მდინარე ღრმა ჩანდა და ფეხით ვერ გადავიდოდით, ხიდი ან ფონი კი ვერსად შევნიშნეთ, ამიტომ კვლავ კოპის ციხის ძებნა განვაგრძეთ. იქვე, შორიახლოს გზის გასაყარმა დაგვაბნია - სამი გზიდან აღარ ვიცოდით, რომელს გავყოლოდით. ამიტომ მანქანიდან ჩამოვედით და ამჯერად ფეხით შევუდექით ძებნას.

5-8-1652101679.jpg
ბარდუსის ხეობის გზაგასაყარი

გარემო მისტიკური ჩანდა - ადამიანის ჭაჭანება არ იყო და ერთ მანქანასაც არ ჩაუვლია... მხოლოდ მთები... მთები... მთები... ხმადაბლა მოჩხრიალე მდინარე და გოლიათ მთებში ცხრანი - ლილიპუტებივით!

6-8-1652101833.jpg
კოპის ციხე

ძებნა-ძებნაში მოშორებით, მდინარის იქით, ეკლესია შევნიშნეთ. თამთას შორიდან თანამედროვე ეკლესია ეგონა, მაგრამ ჯგუფის მამაკაცებმა და ერთადერთმა ხელოვნებათმცოდნემ - თამარ ლეთოდიანმა დაიჟინეს, ძველი ჩანს და აღწერილობით სწორედ მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესიის ადგილმდებარეობა აქვსო. მოკლედ, სჯა-ბაასით ცოტა წინ წავიწიეთ და... ნანატრი კოპის ციხეც შევნიშნეთ, ჩაშენებული პატარა საყდრით. კიდევ კარგი, ჩვენი სიხარულის ყიჟინით მხოლოდ მთები თუ შევაშფოთეთ.

7-9-1652101874.jpg
კოპის ციხის ჩაშენებული ეკლესია

კოპის ციხე ჩაშენებული ეკლესიით, ტაოში, უზარმაზარ გამოქვაბულში, კლდის ბაქანზე გაშენებული არქიტექტურული კომპლექსია. 1907 წელს იგი ექვთიმე თაყაიშვილს ქვემოდან ჭოგრიტით დაუთვალიერებია, მაგრამ ვერ ასულა, რადგან მისკენ მიმავალი გზა საუკუნეებია აღარ არსებობს - ჩახერგილია. ჩვენს მოგზაურობამდე ერთი წლით ადრე იგი მიაკვლია იმხანად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ და მთამსვლელებთან ერთად საგანგებო აღჭურვილობით ავიდა კიდეც...

8-9-1652101987.jpg
მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესია წარწერით

კლდეში ნაკვეთი კოპის ციხე, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში, თურმე, ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენციის ნაწილი უნდა ყოფილიყო, ისტორიული საქართველოს სამხრეთ საზღვართანაა, მის ეკლესიაში კი, როგორც ამბობენ, ამჟამად საქართველოში დაცული XVI ს-ის ცნობილი სულთა მოსახსენებლები უნდა შექმნილიყო.

9-9-1652102045.jpg
მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესიის ფრესკა

ცხადია, ციხეზე ვერ ავიდოდით, მაგრამ შორიდან მოვუარეთ, ხიდზე გადავედით და მზეჭაბუკ ათაბაგის ეკლესია მაინც მოვინახულეთ. მის სამხრეთ ფასადზე წარწერის ფრაგმენტიცაა შემორჩენილი: "ამის ეკლესიის აღმშენებელსა ათაბაგსა მზეჭაბუკსა..."

10-9-1652102092.jpg
ქაჯის ციხე

აზარტს მარტო თამაში კი არ გიმძაფრებს, ძებნა-ძიებამაც გვარიანად იცის ატაცება. ბარდუსის ხეობიდან წამოსულები შენკაიას გზას დავადექით, სოფელ ტიმურ კიშლარში პატარა ვანქის ეკლესია რომ მოგვეძებნა. სამწუხაროდ, აქ კი მარცხი განვიცადეთ, რადგან ჯგუფის წევრები მოგვეწამლენ და ძებნაც შევწყვიტეთ. შინისკენ წამოსულებმა, შებინდებულზე, ვიდრე ვალეს საბაჟოსთან მივიდოდით, გზად ქაჯთა ციხესაც ავურბინეთ. იქვე, აღმართზე, ქვებში ეულად ამოსულ ალპურ ყაყაჩოს გადავაწყდი... თითქოს სიმბოლურად მენიშნა - კლარჯეთში ჩემი პირველი მოგზაურობისასაც შემხვდა ალპური ყაყაჩო, ოღონდ მაშინ ზაფხული იყო, შემოდგომაზე კი...

11-10-1652102130.jpg
ალპური ყაყაჩო - ჩემი ჯადოსნური მონეტა

თანაც ოთხდღიანი მოგზაურობის დასასრულს ეს მაინც კარგად მენიშნა - იმ ყაყაჩოსაც გადავუღე ფოტო, რადგან ვიფიქრე, ეგებ ეს ხერხი ჯადოსნური მონეტის შემცვლელი ყოფილიყო ჩემთვის, მონეტის, რომელსაც წყალში ჩაგდებისას სურვილს ჩავუთქვამ და სანატრელ ადგილას კვლავ რომ დამაბრუნებს (მაშინ რა ვიცოდი, რომ რამდენიმე თვეში, ამჯერად მაისში, კვლავ დავბრუნდებოდი ტაო-კლარჯეთში და მესამე მოგზაურობის თავგადასავალი არანაკლებ ემოციური და მძაფრი იქნებოდა, თუმცა ამას მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი ჩემი ზურგჩანთიდან სხვა წერილები გველის).

ყველა ფოტო ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება - ახალი მოგზაურობის დასაწყისი)