"მომსწრე ვართ იმისა, თუ როგორ გადადის რუსეთი თვითგანადგურების რეჟიმზე" - კვირის პალიტრა

"მომსწრე ვართ იმისა, თუ როგორ გადადის რუსეთი თვითგანადგურების რეჟიმზე"

ოკუპანტი არათუ ომს ვერ მოიგებს, არამედ ძალიან სერიოზულადაც დამარცხდება

პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი პოლიტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ამასთან, უცნაური ომის სახელით შევა. რატომ უცნაური?! ეს არის ომი, რომლის ორივე მონაწილეს დასავლეთი აფინანსებს - უკრაინას მაქსიმალურად აწვდის იარაღსა და ფულს, რუსეთს კი ენერგომატარებლებში უხდის ფულს. მართალია, რუსული ენერგომატარებლების ევროპაში შეტანა შემცირდა, მაგრამ სანაცვლოდ ფასები გაიზარდა. ამასთან, ის ენერგომაგისტრალი, რომელიც ევროპას რუსული გაზითა და ნავთობით ამარაგებს, უკრაინის ტერიტორიაზე გადის...

ამ ომის უცნაურობებზე, ორმაგ სტანდარტებსა და პროცესების სავარაუდო განვითარებაზე ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, რონდელის ფონდის მკვლევარი, გიორგი ბადრიძე გვესაუბრება.

- ეს ომი წმინდა გაგებით არის ახალი ტიპის, 21-ე საუკუნის ომი. არც ერთი სხვა დიდი ომის დროს მხარეები ასე დამოკიდებულები არ ყოფილან ერთმანეთზე. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხარეებსაც ჰქონდათ მსგავსი კავშირი: მაგალითად, გერმანია საბჭოთა კავშირიდან 1941 წლის 22 ივნისამდე იღებდა ნედლეულს, მაგრამ ასი პროცენტით მასზე დამოკიდებული ნამდვილად არ იყო. მე საერთაშორისო ურთიერთობების იმ სპეციალისტთა რიგს მივეკუთვნები, რომელიც მიიჩნევს, რომ დასავლეთმა მაქსიმალურად სწრაფად უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარება, მაგრამ ომის დაწყებისთანავე ამის გაკეთება ძალიან დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და დღემდე დილემაა. ალტერნატივების უზრუნველყოფის გარეშე რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა ევროკავშირს ძალიან რთულ დღეში ჩააგდებდა. არა მხოლოდ რუსეთი ჩავარდებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, არამედ ევროპა, სულ მცირე, რეცესიის წინაშე დადგებოდა, მაგრამ ეს მაინც ვერ შეაჩერდება რუსულ აგრესიას. დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ერთი თუ ორი გამონაკლისის გარდა, აქტიურად მუშაობს ალტერნატივების უზრუნველყოფაზე, რათა რუსეთისთვის სრული ემბარგოს დაწესების შედეგად საკუთარი ეკონომიკა არ ჩამოშალოს და რუსეთს გამარჯვების შანსი არ მისცეს. უკრაინასა და საქართველოშიც კარგად გვესმის, რომ ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებული არაკეთილსინდისიერმა პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა გახადეს და ეს არის საკითხი, რომელზეც ევროპელმა საზოგადოებამ მათ პასუხი უნდა მოსთხოვოს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული რეალობიდან - აუცილებელია, ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სრული ემბარგოს შემდეგ საკუთარი ეკონომიკის შენარჩუნება შეძლოს.

- ბოლო დროს ხშირად ისმის იმის შესახებ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ამაზე საუბარი რუსული პროპაგანდის ნაწილია, თუ რეალობასთან მართლა აქვს საერთო?

- გააჩნია, სანქციების მიზნად ვის რა წარმოუდგენია. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ კრემლი საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებდა იმის გამო, რომ რუსეთის საშუალო მოქალაქის მსყიდველუნარიანობა დაეცემოდა, იმთავითვე ილუზიებში ყოფილა. სანქციებს აქვს გრძელვადიანი მიზანი და მთავარია, რომ ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთს ახალი ომების წარმოების საშუალება აღარ ჰქონდეს.

- ანალიტიკოსები კი ამბობთ, რომ დღეს დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორიც არასდროს ყოფილა, ეს რუსეთისთვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ გერმანია და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა დროდადრო მერყეობენ. რატომ ვერ ჩამოყალიბდა დასავლური სამყარო რუსეთთან დაკავშირებით?

- კი, გარკვეული ყოყმანი და შიშები არის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს იმასთან შედარებით არაფერია, რაც ადრე იყო და რისი მოლოდინიც პუტინს ჰქონდა. რაც შეეხება გერმანიას - ამ ქვეყნის ევოლუცია ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. იყო დრო, როდესაც გერმანია არათუ თავად არ თანხმდებოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, არამედ სხვა ქვეყნების მიერ გერმანული წარმოების იარაღის მიწოდებასაც კი ბლოკავდა. დღეს ეს მოცემულობა რადიკალურადაა შეცვლილი.

- სხვადასხვაგვარი მოლოდინია ომის განვითარების სცენარებთან დაკავშირებით: თუ საზოგადოების ერთ ნაწილს სწამს, რომ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით უკრაინა ომს მოიგებს, მეორე ემხრობა მოსაზრებას, რომ რუსეთი "ნამდვილ ომს" მხოლოდ ახლა იწყებს და ჯერ კიდევ არ გამოუყენებია თავისი სამხედრო პოტენციალი...

- იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც ირწმუნებიან, რომ რუსეთს "ნამდვილი ომი" ჯერ არ დაუწყია, მე წვდომა მაქვს როგორც დასავლეთის, ასევე რუსეთის ანალიტიკური სამსახურების სანდო წყაროებზე. ამ წყაროების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე განადგურებული ჰყავთ რუსეთის ჯარის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები და შეიარაღების დიდი ნაწილი. ახლა რუსეთს ცოცხალი ძალის დანაკარგების შევსება მხოლოდ მასშტაბური მობილიზაციით შეუძლია. ეს ომში გაუწვრთნელი ახალგაზრდების ჩართვასა და მეტ საზარბაზნე ხორცს ნიშნავს.

- როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ დღემდე ამ ომში რუსეთის მხარეს ყველაზე ცოტა ეთნიკურად რუსი დაიღუპა?

- ეს იმაზეც მეტყველებს, რომ რუსეთის ჯარებში რუსები გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე სხვა ეთნოსის წარმომადგენლები, და იმასაც, რომ მოსკოვი ყველაზე ცხელ წერტილებში საზარბაზნე ხორცად არარუსებს, სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს გზავნის. რაც შეეხება პრორუსულად განწყობილი ადამიანების პროპაგანდას - რომ რუსებს სადღაც აქვთ გადანახული დიდი არმია, - ეს აბსოლუტური ტყუილია. აღმოჩნდა, რომ ტრილიონი დოლარის დახარჯვის შემდეგაც რუსეთის შეიარაღებაში მოძველებული, საბჭოთა დროინდელი ტექნიკა ჭარბობს, რაც კორუფციით არის განპირობებული. არ ვამბობ, რომ რუსეთის არმია ხელწამოსაკრავია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის უძლეველობაზე წარმოდგენა მხოლოდ მითი აღმოჩნდა. უკრაინა იმ შეიარაღებით, რაც ომის დასაწყისში ჰქონდა, და შემდეგ, დასავლეთის დახმარების შედეგად შეემატა, ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. მოსკოვმა ვერ მიაღწია ომის დასაწყისში გაცხადებულ მიზნებს, ვერ შეცვალა "რეჟიმი", ვერ შეძლო "დენაციფიკაცია", ალყაშიც კი ვერ მოაქცია კიევი და მხოლოდ იმიტომ გავიდა იქიდან, რომ უზარმაზარი დანაკარგები განიცადა. ამის შემდეგ ყველასთვის ცხადი იყო, რომ რუსეთი ძალების მობილიზებას მოახდენდა და შეტევას დაიწყებდა დონბასისა და სამხრეთ უკრაინის მიმართულებით. ამ შეტევის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგაც კი რუსეთი ძალიან უმნიშვნელო უპირატესობით მიიწევს წინ. რა თქმა უნდა, უკრაინულ მხარესაც არის დანაკარგები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსული მხარის დანაკარგებს ამ ბრძოლებში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ოკუპანტი არათუ ომს ვერ მოიგებს, არამედ ძალიან სერიოზულადაც დამარცხდება.

- არსებობს მოლოდინი, რომ 9 მაისს რუსეთი გამარჯვების დღეს იზეიმებს. თქვენი ვარაუდით, რა შეიძლება რუსეთმა გამარჯვებად გამოაცხადოს და რა შეიძლება იყოს ნამდვილი გამარჯვება?

- დიახ, სხვადასხვა რამეა - რას გამოაცხადებს გამარჯვებად და რა არის ნამდვილი გამარჯვება. 9 მაისს რუს ხალხს გამოუცხადებენ, რომ პუტინმა უზარმაზარ წარმატებას მიაღწია. მაგალითად, შესაძლოა თქვან, რომ რუსულმა არმიამ შეძლო სახმელეთო გზის გაჭრა ყირიმიდან დონბასამდე, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ მოახერხეს მაირიუპოლის დაკავება. რაც მთავარია, რუსეთმა ვერ შეძლო მეორე ეტაპზე გამოცხადებული ამოცანის შესრულება - დონბასის სრულად ოკუპაცია. ასე რომ, რაც უნდა გამოაცხადონ 9 მაისს რუსეთის გამარჯვებად, ის რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. ყოველდღიურად მეტი პერსპექტივა ჩნდება იმისა, რომ რუსეთმა ეს ომი წააგოს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის შედეგად რუსეთი ყოველდღიურად არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სოციალურ-პოლიტიკურ კრახს უახლოვდება. თუ ვინმეს ეს ამბავი გაზვიადებული ჰგონია და ფიქრობს, რომ სასურველს რეალობად წარმოვაჩენ, შევახსენებ, რომ მე-20 საუკუნის განმავლობაში მსგავსი რამ ორჯერ დაემართა: პირველად 1917 წელს, როდესაც მოსკოვის ამოცანა იყო ბალკანეთის, კონსტანტინოპოლის დაკავება და შედეგად მიიღო საკუთარი პოლიტიკური სისტემის ჩამოშლა, მეორედ - 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც მსოფლიოში მეორე სახელმწიფოდ აღიარებულმა რუსეთმა ავღანეთში ომის შედეგად გაანადგურა და ჩამოშალა საკუთარი ეკონომიკა. დღეს რუსეთი ბევრად უფრო სუსტია. შესაბამისად, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ გადადის რუსეთი თვითგანადგურების რეჟიმზე.

- ომამდე ანალიტიკოსების დიდი ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამორიცხავდა. დღეს, როდესაც შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი შეალია უკრაინას, სანაცვლოდ რა დივიდენდი უნდა მიიღოს?

- უკრაინაში რუსეთის შეჭრას ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები გამორიცხავდნენ. ერთნი რაციონალური გათვლების საფუძველზე მიიჩნევდნენ, რომ რუსეთს არ გააჩნდა საკმარისი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი უკრაინის ხანგრძლივი ოკუპაციისთვის; მეორე - პრორუსული გაწყობის ადამიანები ფიქრობდნენ, რომ შეჭრის მოლოდინს ამერიკელები ქმნიდნენ თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. ომამდე ერთი თვით ადრე ვამბობდი, რომ ომი იქნებოდა, თანაც - ძალიან ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი. ასეთ მოლოდინს მიქმნიდა უკრაინის გადაიარაღება და ათვისებული სამხედრო ტაქტიკა. ეს ტაქტიკა ვიხილეთ კიევის მისადგომებთან.

- როგორი წარმოგიდგენიათ ომის სავარაუდო ფინალი?

- რუსეთი დასუსტდება და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციაში მოექცევა. უკრაინისთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება - ახლახან დამტკიცებულ ლენდ-ლიზს მოჰყვება მარშალის გეგმის ეკვივალენტის პროგრამა, რაც ჩემი წარმოდგენით, უკრაინას ააყვავებს და ევროპის წამყვან სახელმწიფოდ აქცევს.

- სად შეიძლება აღმოჩნდეს ამ დროს საქართველო?

- ვშიშობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად ჩვენ ამ შესაძლებლობების მიღმა აღმოვჩნდებით. ჩვენ ნამდვილად ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ასეთი თვალსაჩინო გამიჯვნა უკრაინისგან ძალიან რთულ ვითარებაში ჩაგვაყენებს. "ქართული ოცნების" პოლიტიკა მხოლოდ პრინციპებსა და მორალს კი არა, პრაგმატიზმსაც კი მოკლებულია. დღეს რუსეთმა ლავროვის პირით დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა. ეს იცით, რას ნიშნავს?.. საკმარისია, უკრაინამ და რუსეთმა დასავლეთის მონაწილეობით მოილაპარაკონ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული აგრესიის შეჩერების თაობაზე, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ისევ გამოსწორდეს ურთიერთობები და ამ პროცესში დასავლეთმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე თვალი დახუჭოს.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"