"რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკისათვის სულ უფრო სახიფათო ხდება. ჯო ბაიდენმა ეს იცის“ - NYT - კვირის პალიტრა

"რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკისათვის სულ უფრო სახიფათო ხდება. ჯო ბაიდენმა ეს იცის“ - NYT

ამერიკულ გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "რუსეთ-უკრაინის ომი ამერიკისათვის სულ უფრო სახიფათო ხდება. ჯო ბაიდენმა ეს იცის“ (ავტორი - თომას ფრიდმანი, პულიცერის პრემიის სამგზის მფლობელი).

"თუ თქვენ თვალს ადევნებთ უკრაინის მოვლენებს, შეგიძლიათ გაიფიქროთ, რომ ომი უკვე გრძელვადიან, დამქანცველ და უფრო მეტიც - მოსაწყენ რუტინულ მოვლენად გადაიქცაო. მაგრამ თქვენ მართალი არ იქნებით. სინამდვილეში სიტუაცია ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება“, - წერს ავტორი და ფაქტებსაც იმოწმებს:

"პირველ რიგში, იმიტომ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქმნება კატასტროფული შეცდომების დასაშვებად: ამისათვის "ასაფეთქებელი მუხტი“ სულ უფრო სწრაფად და გამალებით გროვდება. მაგალითისათვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება - სულ ახლახან აშშ-ის ოფიციალური წრეებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ვაშინგტონი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომში ფარულად მონაწილეობს: უკრაინას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრეისერ "მოსკოვზე“ შეტევა, თურმე, აშშ-ის მიერ სადაზვერვო ცნობების მიწოდების შედეგად განუხორციელებია.

მე, როგორც ჟურნალისტს, რასაკვირველია, ფაქტების გაჟონვის შედეგად მიღებული კარგი ისტორიები მომწონს. იმ რეპორტიორებმა, რომლებმაც ეს საკითხი გამოიკვლიეს, დიდი შრომა გასწიეს. იმავდროულად, ისიც გავიგე, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ ამბის გამო ძალიან გაბრაზებულა და უთქვამს, - მსგავსი ლაპარაკი უნდა შეწყდეს, თორემ ჩვენ რუსეთთან უნებლიეთ ომში ჩაბმულნი აღმოვჩნდებითო.

ამ "გაჟონვების“ მთავარი შედეგი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ: ამერიკა უკვე აღარ არის "ირიბი ომის“ მდგომარეობაში რუსეთთან და სულ უფრო ვუახლოვდებით იმ ხაზს, როცა პირდაპირი ომი შეიძლება დაიწყოს. და ამისათვის არც ამერიკელ ხალხს და არც კონგრესს არავინ ამზადებს.

ვლადიმერ პუტინს, რა თქმა უნდა, არანაირი ილუზიები არ აქვს იმასთან მიმართებით, თუ რა დოზით ეხმარება აშშ უკრაინას იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით, მაგრამ როცა ამერიკელი ოფიციალური პირები საჯაროდ ტრაბახობენ ჩვენი როლით რუსი გენერლების სიკვდილსა და რუსეთის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვაში (მეზღვაურების დაღუპვის ჩათვლით), ამით ჩვენ ვლადიმერ პუტინს დამაჯერებელ საბაბს ვაძლევთ, რომ მანაც მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ცხადია, რომ კონფლიქტი ამით გაფართოვდება და გამწვავდება და მასში აშშ უფრო ღრმად ჩაეფლობა, ვიდრე ეს ამერიკელებს (ან რუსებს) სურთ.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, ასეთი სიტუაცია ორმაგად უფრო საშიშია, იმიტომ, რომ აშკარაა - პუტინის მოქმედება იმდენად პროგნოზირებადი აღარ არის, როგორც ადრე იყო. პუტინს ვარიანტები აღარ აქვს ომის ისე დასრულებისთვის, რომ მან სახე მაინც შეინარჩუნოს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწყებული ომი, რომელსაც ის "სპეცოპერაციას“ უწოდებს, კატასტროფული ჩაშლის წინაშე დგას. მართალია ჯო ბაიდენი, როცა ამბობს - პუტინი ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ომით ალიანსს გაფართოების უფრო მეტი საფუძველი და შანსი მისცაო. ფინეთი და შვედეთი ახლა ისეთი კურსით მიდიან, რომელიც ნატოში მათი მიღებით დაგვირგვინდება. არადა, ორივე სახელმწიფო შვიდი ათწლეულის განმავლობაში ალიანსის წევრობას თავს არიდებდა.

სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისაც სურს ამერიკის კონფრონტაცია რუსეთთან. მე შიშით ვუყურებ ზელენსკის მოქმედებას, თუმცა მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, მეც ასევე შევეცდებოდი, რომ ამერიკა ჩემს მხარეს გადამებირებინა. მაგრამ მე აშშ-ის მოქალაქე ვარ და მინდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ. უკრაინა იყო და რჩება ისეთ ქვეყნად, რომელიც თავიდან ბოლომდე კორუფციით არის გაჟღენთილი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კიევს არ უნდა დავეხმაროთ. მოხარული ვარ, რომ ვეხმარებით და ყოველთვის დახმარების გაწევის მომხრე ვიქნები.

როგორც ადრე ვწერდი ჩემს სტატიებში, ახლაც იმას ვიტყვი: ჯო ბაიდენისა და მისი გუნდის პოლიტიკა იმით უნდა შემოიფარგლოს, რომ უკრაინას სუვერენიტეტი აღუდგინოს და რუსეთსაც საკადრისი პასუხი გასცეს, მაგრამ, იმავდროულად, ვაშინგტონმა ნება არ უნდა მისცეს უკრაინას, ამერიკის პროტექტორატად გადაიქცეს რუსეთის საზღვართან. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას და არ გადავუხვიოთ იმ გზისკენ, რომელიც კონფლიქტში ჩაბმის რისკს შეიცავს.

ერთი მომენტი, რომელიც ჯო ბაიდენის შესახებ ვიცი და რომელიც მაშინ შევამჩნიე, როცა მას, სენატორად ყოფნის პერიოდში ავღანეთში დავყვებოდი ხოლმე, ისაა, რომ იგი ძნელად ექცევა მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერის ხიბლის გავლენის ქვეშ. თავისი კარიერის მანძილზე მას ბევრ ლიდერთან ჰქონია საქმე და ძალიან კარგად იცის, სად იწყება და სად მთავრდება აშშ-ის ინტერესები - ჰკითხეთ ავღანელებს და გეტყვიან.

ამრიგად, სად ვართ ახლა ჩვენ? ვლადიმერ პუტინის გეგმა "ა“ - კიევის დაპყრობა და იქ თავისი მარიონეტული ლიდერის დასმა - ჩაიშალა. ასევე, დიდ ეჭვს იწვევს მისი გეგმა "ბ“-ის რეალიზებაც, რომელიც უკრაინის ძველი სამრეწველო ცენტრის - რუსულენოვანი დონბასის გაკონტროლებას ითვალისწინებს. მართალია, ბოლო მონაცემებით, პუტინის ჯარებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ ეს მხოლოდ ლოკალურია, შეზღუდული. დღეს დონბასში გაზაფხულია, მაგრამ მიწა ბოლომდე მშრალი მაინც არ არის, გრუნტის გზებზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება პრობლემატურია, ხოლო ავტომაგისტრალებზე მათი ყოფნა განადგურების ტოლფასია.

ჯერჯერობით ამერიკა რუსეთსა და უკრაინას შორის ლავირებს და ცდილობს, ხაფანგში არ მოხვდეს. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევა, რომ ჩინეთმა რუსეთს ფართო სამხედრო დახმარება არ გაუწიოს. ეს ძალიან კარგია. გავიხსენოთ, რომ ომის წინ, ჯერ კიდევ 4 თებერვალს, პეკინში ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მთავარი აზრი ასეთია: "რუსეთ-ჩინეთის მეგობრობა უსაზღვროა“.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა პირადად აუხსნა სი ძინპინს ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის დროს, რომ ჩინეთის ეკონომიკური მომავალი დამოკიდებულია მის დაშვებაზე ამერიკულსა და ევროპულ ბაზრებზე... და თუ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს, ამას პეკინისათვის ძალზე დიდი ნეგატიური შედეგები მოჰყვება, ჩინეთი გაძევდება ორივე ბაზრიდან. სი ძინპინმა, როგორც ჩანს, ჭკუას მოუხმო და ყველაფერი გაიანგარიშა... შესაბამისად, მან რუსეთის სამხედრო დახმარებისაგან თავი შორს დაიჭირა, რამაც ვლადიმერ პუტინი საგრძნობლად დაასუსტა. დასავლურმა სანქციებმა, რომლებიც რუსეთისათვის მიკროჩიპების მიწოდებას კრძალავს, რუსული სამხედრო ქარხნების მუშაობის დამუხრუჭება გამოიწვია. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთს, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ჩინეთმაც ზურგი აქცია.

ჩემი დასკვნა თავდაპირველ აზრს უკავშირდება. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ ჩვენ რაც შეიძლება მტკიცედ უნდა ვუერთგულოთ მკაფიოდ გამოხატულ მიზანს - მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინას რუსეთის ჯარების გარეკვაში თავისი ტერიტორიიდან ან მოლაპარაკება ვაწარმოოთ მათ გაყვანაზე მაშინ, როცა ამას უკრაინის ლიდერები იგრძნობენ - ამის დრო უკვე დადგაო.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ საქმე გვაქვს წარმოუდგენლად არასტაბილურ ფაქტორებთან, განსაკუთრებით - "პოლიტიკურად დაჭრილ“ ვლადიმერ პუტინთან. იმით ტრაბახი, რომ რუსი გენერლების სიკვდილში და კრეისერის ჩაძირვაში ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი, აბსოლუტური სისულელეა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ