რა სერიოზული ამერიკული შეიარაღება შეიძლება მიიღოს უკრაინის არმიამ "ლენდ-ლიზით" - კვირის პალიტრა

რა სერიოზული ამერიკული შეიარაღება შეიძლება მიიღოს უკრაინის არმიამ "ლენდ-ლიზით"

აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა, დაპირებისამებრ, 9 მაისს ხელი მოაწერა ახალი "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონს, რაც მას საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დამატებითი შეთანხმებებისა თუ ბიუროკრატიული პრობლემების გარეშე უკრაინას გაუგზავნოს ის სამხედრო დახმარება, რასაც მისი ადმინისტრაცია ჩათვლის საჭიროდ.

ახალი "ლენდ-ლიზის“ პროგრამის ამუშავება მიიჩნევა უკრაინის რუსეთთან არათანაბარ ომში დაუმარცხებლობის მთავარ იმედად, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხის შეტანის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად.

მაინც რა სახეობისა და ტიპის შეირაღება შეიძლება მიაწოდეს თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების მფლობელმა აშშ-მა ომში მყოფ უკრაინას?

თავიდანვე უნდა გამოვრიცხოთ მასობრივი განადგურების იარაღი, კერძოდ კი - ბირთვული შეიარაღება - თეთრი სახლი ამაზე არავითარ შემთხვევაში არ წავა, თუმცა ბირთვული იარაღის პოტენციურად გადამტანი საშუალებები (რაკეტები, ბომბები, ჭურვები), რა თქმა უნდა, გაეგზავნება უკრაინის არმიას.

სახმელეთო შეიარაღება

ახალი "ლენდ-ლიზის“ დაწყებამდეც აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით აწვდიდა ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინებსა“ და ჰაერსაწინააღმდეგო "სტინგერებს“. შესაბამისად, ამ ტიპის შეიარაღების მიწოდება კვლავ გაგრძელდება.

პენტაგონმა თავისი არსენალიდან უკრაინის არმიას უკვე მიაწოდა 90 ერთეული 155 მმ კალიბრიანი ბუქსირებადი ჰაუბიცა "მ777“ და 184 ათასი ამ კალიბრის ჭურვი.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, უკრაინის თავდაცვის ზღუდეების შესანარჩუნებლად, ახლო მოქმედ "ჯაველინებზე“ ბევრად მნიშვნელოვანია შორსმსროლელი არტილერიის მეტი რაოდენობა, "ლენდ-ლიზი“ გააგრძელებს საარტილერიო სისტემებისა და ჭურვების მარაგის გადაცემას უკრაინელებისთვის.

ოფიციალური კიევი იმედს იტოვებს, რომ ამერიკიდან "ჰიმარისის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც ჩამოუვათ, რომლებსაც 300 კმ-მდე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების გაშვებაც შეუძლიათ - უკრაინელებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მისწვდნენ ქვეყნის საზღვრებიდან არანაკლებ 200-250 კმ მდებარე იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი თვითმფრინავები ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს.

ჯავშანტექნიკიდან, ამერიკელმა სამხედროებმა "ლენდ-ლიზის“ დაწყებამდე უკვე გაამზადეს 200 ერთეული "მ113“ ტიპის მუხლუხებიანი ჯავშანტრანსპორტიორი უკრაინაში გასაგზავნად.

2-1652167955..png
ჯავშატრანსპორტიორ „მ113“-ს ჯერ კიდევ ვიეტნამის ომი უნახავს, მაგრამ უკრაინის არმიასაც არ აწყენს...

ეს ჯავშანტრანსპორტიორი საკმაოდ მოძველებულია და ჯერ კიდევ ვიეტნამის ომი ახსოვს, მაგრამ თავის ფუნქციას - უკრაინის შავმიწიან ნიადაგზე ათეულის სწრაფად გადაყვანას, მაინც შეასრულებს, თუმცა მისი ალუმინის ჯავშანი რუსულ მსხვილკალიბრიან ტყვიებს წინ ვერ აღუდგება.

უშუალოდ "ლენდ-ლიზით“ შეიძლება თუ არა ამერიკული არმიის ძირითადი საშტატო ჯავშანტექნიკის - "აბრამსის“ ტანკებისა და "ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემაც დაიწყოს, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

თუმცა, თუკი რუსეთ-უკრაინის ომი თვეებით გაგრძელდა, მაშინ უკვე არაფერია გამორიცხული.

უფრო რეალურია, რომ ამერიკელებმა უკრაინელებს ჯერ ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორები - "სტრაიკერები“ გადასცენ.

ავიაცია

საბრძოლო საფრენი აპარატებით დახმარება უფრო რთულია, ვიდრე სახმელეთო ტექნიკით, რადგან ამერიკული "ფ-16“ ტიპის გამანადგურებლის ან "აპაჩის“ დამრტყმელი შვეულმფრენის პროფესიონალურ დონეზე ათვისება, როგორც მფრინავებისგან, ისე ტექნიკოსებისგან, წლებს მოითხოვს და ძალიან დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ერთგვარი გამოსავალი ისაა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მთელ მსოფლიოში აგროვებს საბჭოთა სტანდარტის საავიაციო ტექნიკას და მის გადაცემას აპირებს უკრაინელი პილოტებისთვის, რადგან ეს უკანასკნელები მას ძალიან კარგად იცნობენ.

11 რუსული სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენის - "მი-17“-ის გადაცემაც ამიტომ ხდება - ეს შვეულმფრენები წლების წინ ამერიკულმა მხარემ რუსეთისგან შეიძინა, ავღანეთისთვის გადასაცემად, მაგრამ თალიბების გამარჯვების შემდეგ, ბუნებრიავია გადაიფიქრა.

ფლოტი

ბოლო წლებში ამერიკელებმა უკრაინელებს რამდენიმე "აილენდის“ ტიპის საპატრულო კატარღა აჩუქეს (ისეთივე, როგორც ქართული სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას), მაგრამ "ლენდ-ლიზით“ დამატებით მცურავი საშუალებების გადაცემა ამ ეტაპზე არარეალურად მოჩანს - აზოვის ზღვის სანაპიროს უკრაინა დროებით ვეღარ აკონტროლებს, ხოლო ოდესამდე ამერიკული კატარღების მიცურვა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს ბლოკირებას აგრძელებს.

უფრო მოსალოდნელია, რომ ამერიკელებმა უკრაინელებს გადასცენ მცირე წყალწყვის უპილოტო კატარღები, რომლებსაც შავ ზღვაში, როგორც სადაზვერვო ფუნქციების შესრულება შეეძლებათ (კომპოზიციური მასალებისგან დამზადებული ამ კატარღების რადიოლოკაციური სადგურების გამოყენებით დროული აღმოჩენა ძალზე რთულია), ისე - საჭიროების შემთხვევაში, დივერსიული მოქმედებების განხორციელებაც, მაგალითად, ყირიმის ხიდის ბურჯებზე კამიკაძის როლის შესრულებაც...

ცეცხლსასროლი იარაღი

უკრაინის არმია, ძირითადად, 5,45 მმ კალიბრის "კალაშნიკოვის“ ავტომატებით იბრძვის (ტერიტორიული თავდაცვის ძალების მოხალისეები 7,62 მმ კალიბრის "კალაშნიკოვებითაც“ არიან შეიარაღებულნი) და მათთვის ამერიკული 5,56 მმ-იანი "მ4“ ტიპის ავტომატური კარაბინების მასობრივად გადაცემა ჯერჯერობით აზრს მოკლებულია - შესაცვლელი იქნება მთელი ლოჯისტიკა და ახალი კალიბრის ვაზნების უზარმაზარი მარაგის შექმნა.

სამაგიეროდ, ძალზე პერსპექტიულად მოჩანს უკრაინელების არსენალის გადაჯერება 12,7 მმ კალიბრის ამერიკული მსხილკალიბრიანი "ბრაუნინგის“ ტყვიამფრქვევებითა და ვაზნებით - ამ ტყვიამფრქვევის დაყენება სადგამზეც შეიძლება და ჯავშანტექნიკაზეც დამონტაჟება.

უახლესი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი გახდება რუსეთ-უკრაინის ომში.

უკრაინელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ არ აღმოჩნდნენ "ქვაბში“ დონბასის ბრძოლებში და რამენაირად შეინარჩუნონ კრამატორსკი და სლოვიანსკი.

"ლენდ-ლიზის“ კანონის დამტკიცება ერთია, მაგრამ ეხლა უმთავრესია, თუ რამდენად სწრაფად გადმოლახავს ეს შეიარაღება ატლანტის ოკეანეს და აღმოჩნდება უკრაინელი მებრძოლების ხელში.

ისტორია მეორდება, ოღონდ პირიქით - 80 წლის წინ პირველმა ამერიკულმა "ლენდ-ლიზმა“ კრემლს ხელისუფლება შეუნარჩუნა, მეორე ამერიკულმა "ლენდ-ლიზმა“ კი კრემლის ხელისუფლება უნდა ჩამოშალოს...