პოლონეთის ორი ტრაგედია: საიდუმლოებით მოცული ორი ავიაკატასტროფა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიოს უახლესი ისტორია - კვირის პალიტრა

პოლონეთის ორი ტრაგედია: საიდუმლოებით მოცული ორი ავიაკატასტროფა, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიოს უახლესი ისტორია

დღეს მინდა პოლონეთზე და პოლონელებზე ვისაუბრო. ამ რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)-ის უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. კითხვაზე: „თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში?“, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% მიაჩნია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% პროცენტი ასახელებს აშშ-ს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ.

პოლონეთი გვერდში უდგას უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს ჭირ–ვარამს იზიარებდა და იზაირებს. პოლონეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 1921-1939 წლებში აქტიურად უჭერდა მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას ბოლშევიკების წინააღმდეგ: ამზადებდა მათ სამხედრო კადრებს, ქმნიდა სადაზვერვო სტრუქტურებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს (“კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია”), აფინანსებდა ჟურნალების (მაგ. “პრომეთე”) დაბეჭდვას და ა.შ. ასევე აქტიურ სადაზვერვო მოქმედებებს აწარმოებდნენ საბჭოთა კავშირში (მათ შორის საქართველოში) არსებული პოლონეთის საელჩო და საკონსულოები. 1926 წელს პოლონეთის ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგა მარშალი იუზეფ პილსუცკი, რომელიც კარგად იცნობდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს. ხელისუფლების სათავეში პილსუცკის მოსვლამდე პოლონეთისგან მიღებული სუბსიდიები არ იყო სტაბილური, შემდეგში კი მათმა დახმარებამ მუდმივი ხასიათი მიიღო და კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთის იმპერიის ყოფილი კოლონიებიდან ერთადერთი პოლონეთი იყო, რომლისაც ბოლშევიკებს სერიოზულად ეშინოდათ.

სტალინის არქივში შემორჩენილი მრავალი საინტერესო დოკუმენტიდან

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის საარქივო მასალები, რომლებიც არასდროს გამოქვეყნებულა, უფრო მეტიც: ისინი მხოლოდ სტალინის მიერ ერთ ეგზემპლარად გაკეთებულ პირად ჩანაწერებს წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია

1923 წლის 18 ოქტომბერს პოლიტბიუროს სხდომისთვის გაკეთებული სტალინის ხელნაწერი, რომლის თარგმანსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

“მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ უარს ვიტყვით პოლონელების ზონდირებაზე და ლატვიელთა ზონდირებას დავიწყებთ. ლატვიელები შეიძლება შევაშინოთ, კედელთან მივაყენოთ და ასე შემდეგ. პოლონელებთან ეს არ გამოვა. პოლონელები იზოლაციაში უნდა გვყავდეს, მათთან ბრძოლა მოგვიწევს. ჩვენ მათ ვერაფერსაც ვერ დავტყუებთ. მხოლოდ ჩვენ საიდუმლოებებს გავამხელთ. .. . პოლონელები იზოლაციაში უნდა მოვაქციოთ (ლატვიელები ვიყიდოთ, თან შევაშინოთ), რუმინეთი ვიყიდოთ. პოლონელებთან მოვიცადოთ`. 18/10/23“.

ზემოთ აღნიშნული ჩანაწერი ნათლად მეტყველებს, თუ რაოდენ ცინიკოსი პოლიტიკური მოთამაშე იყო სტალინი. მისთვის ის კი არ იყო მთავარი, საჯაროდ რას იტყოდა, არამედ გულში რას ფიქრობდა და რას აკეთებდა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური ცინიზმი დიქტატორების დამახასიათებელი თვისებაა.

პოლონეთის სათავეში პილსუცკის მოსვლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება სერიოზულად შეშფოთდა, რაზეც ოგეპეუს თავმჯდომარის, ფელიქს ძერჟინსკის საიდუმლო ბრძანება მეტყველებს. ’’რკინის ფელიქსმა’’ 1926 წლის 25 ივნისს ’’პოლონეთის სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის’’ თავის მოადგილე ჰენრიხ იაგოდას შემდეგი დავალებები მისცა (დოკუმენტის სტილი დაცულია –ბ.ა.):

1. მოიპოვეთ ინფორმაცია მტრის განზრახვების შესახებ დასავლეთ ბელორუსისა და დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე;

2. საჭიროა ბელორუსთა და უკრაინელთა განწყობების, პარტიებისა და პიროვნებების შესწავლა და მუდმივი კონტროლი. ამისათვის კონტრდაზვერვაში ჩვენ გვჭირდება სპეციალური დანაყოფები ბელორუსელებისა და უკრაინელებისთვის, რომლებსაც სათავეში პოლიტიკურად განათლებული ადამიანები იქნებიან;

3. გააძლიერეთ საზღვრისპირა ტერიტორიების დაზვერვა;

4. გააძლიერეთ ბრძოლა პოლონელი აგენტების წინააღმდეგ, როგორც სასაზღვრო ზონაში, ისე მთელ სსრკ-ში;

5. ოგეპეუ-ს მთელი მუშაობა მიმართული უნდა იყოს ჯაშუშებისა და ბანდების (მტრები - ინგლისი, პოლონეთი, რუმინეთი, ესტონეთი, ლატვია, ფინეთი) წინააღმდეგ. ობიექტები - დასავლეთ საზღვარი და კავკასია. ფ. ძერჟინსკი’’.

გავიდა ორი კვირა და პოლონეთიდან მომდინარე საფრთხე ფ. ძერჟინსკიმ იმდენად სერიოზულად მიიჩნია, რომ შემდეგი შინაარსის საიდუმლო მოხსენება გაუგზავნა ი. სტალინს (დოკუმენტის სტილი დაცულია – ბ.ა.)

’’ საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) ცენტრალური კომიტეტი, ამხანაგ სტალინს

მთელი რიგი მონაცემებით უდაოა (ჩემთვის), რომ პოლონეთი ემზადება ჩვენზე სამხედრო თავდასხმისთვის, ბელორუსიის და უკრაინის სსრკ-სგან გამოყოფის მიზნით. სწორედ ამისკენაა მიმართული პილსუცკის მთელი მუშაობა, რომელიც თითქმის არაა დაკავებული პოლონეთის საშინაო საქმეებით, მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო და დიპლომატიური ძალების მობილიზებას ცდილობს. უახლოეს მომავალში რუმინეთმა იტალიიდან უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით იარაღი, მათ შორის წყალქვეშა ნავები. კავკასიის წინააღმდეგ პარალელურად გამოცოცხლდნენ თეთრგვარდიელები . . . ’’

ფ. ძერჟინსკი

11. 07.1926.

რა თქმა უნდა, პოლონეთი საბჭოთა კავშირზე თავდასხმას არ აპირებდა. 1935 წელს, პილსუცკის გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო ახალი ეტაპი პოლონეთის ისტორიაში. მას ორი იმპერიის: ნაცისტური გერმანიისა და ბოლშევიკური რუსეთის ღია და ფარული აგრესიის მოგერიება უხდებოდა. 1939 წლის 23 აგვისტოს, მოსკოვში, საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის გაფორმებული საიდუმლო შეთანხმების (ე.წ. „მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი“) შემდეგ პოლონეთის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: მისი ტერიტორია სტალინმა და ჰიტლერმა გადაინაწილეს. თუმცა პოლონელები ბრძოლას განაგრძობდნენ და მათი მეთაური ცნობილი პოლონელი მხედართმთავარი და საზოგადო მოღვაწე ვლადისლავ სიკორსკი გახდა. პოლონეთის დამარცხების შემდეგ საფრანგეთში მან დაიწყო ემიგრაციაში მყოფი პოლონეთის არმიის ფორმირება. 1939 წლის 30 სექტემბერს სიკორსკი ემიგრაციაში მყოფი პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო 7 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიკორსკი დაინიშნა შეიარაღებული ძალების გენერალურ ინსპექტორად (მხედართმთავარად). გერმანიის საფრანგეთში შეჭრის შემდეგ ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდნენ პოლონელები, ფრანგებთან და ბრიტანელებთან ერთად. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ კი, გადარჩენილი პოლონური ნაწილები გადავიდნენ ინგლისში და შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს.

cherchili-1652168750.jpg

სიკორსკი და ჩერჩილი

სსრკ-ში გერმანიის შეჭრის შემდეგ, 1941 წლის 30 ივლისს, სიკორსკიმ დიდ ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის ელჩ ი. მაისკისთან გააფორმა ხელშეკრულება სსრკ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ხოლო 1941 წლის 4 დეკემბერს მოსკოვში ხელი მოეწერა მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დეკლარაციას სსრკ-სა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ ბრძოლას "გერმანელი ბარბაროსების" წინააღმდეგ.

stalini-1652168718.jpg

სტალინი, მის უკან დგას სიკორსკი.

გერმანელების მიერ 1943 წლის აპრილში „კატინის სამარხის“ აღმოჩენისა და ფოტოდოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ სიკორსკიმ მოითხოვა, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას ჩაეტარებინა კატინში პოლონელი სამხედროების მასობრივი დახვრეტის ფაქტის დამოუკიდებელი გამოძიება. კატინის ტრაგედია 1940 წელს მოხდა: საბჭოთა კავშირმა დაატყვევა 20 000 ზე მეტი პოლონელი ოფიცერი და ჯარისკაცი, რომლებიც 1940 წელს დახვრიტეს ყოველგვარი ბრალდების გარეშე. საბჭოთა კავშირი შეეცადა კვალის დამალვას და ეს გერმანელებს გადააბრალა. გერმანელები ლოგიკურად ამტკიცებდნენ, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგანაც 1940 წელს იმ ტერიტორიებს საბჭოთა კავშირი აკონტროლებდაო. 1943 წლის აპრილში გენერალმა სიკორსკიმ განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა კატინის ამბებში გერმანიის მონაწილეობა. ამას მოჰყვა სტალინის უმწვავესი რეაქცია. მან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა სიკორსკის მთავრობასთან და ჩერჩილთან და რუზველტთან საიდუმლო მიმოწერაში ძალზე ნეგატიურად მოიხსენიებდა სიკორსკის. 1943 წლის 21 აპრილს სტალინი აშშ–ის პრეზიდენტ რუზველტს წერდა:

„ის გარემოება, რომ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრული კამპანია ერთდროულად დაიწყო გერმანულ და პოლონურ პრესაში და ერთი და იმავე გეგმით მიმდინარეობს – ეს გარემოება ეჭვს არ ტოვებს, რომ მოკავშირეთა მტერ – ჰიტლერსა და ბ–ნ. სიკორსკის მთავრობას შორის არსებობს კონტაქტი და შეთქმულება ამ მტრული კამპანიის წარმართვისთვის. . . .ყოველივე ამის საფუძველზე საბჭოთა ხელისუფლება მივიდა ამ მთავრობასთან (იგულისხმება სიკორსკის მთავრობა – ბ.ა.) ურთიერთობის გაწყვეტის აუცილებლობამდე“.

იმავე დღეს ანალოგიური შინაარსის წერილი გაუგზავნა სტალინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ჩერჩილსაც.

ასე, რომ სტალინის პოლონელებისადმი ისტორიულ ანტიპათიას დაემატა ისიც, რომ სიკორსკიმ დაიჯერა გერმანული ვერსია და კატინის ტრაგედიაში ხელი დაადო საბჭოთა კავშირს. გარდა ამისა არსებობდა რეალური შანსი იმისა, რომ გერმანიის დამარცხების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებაში სიკორსკი მოვიდოდა და სტალინი ვეღარ შეძლებდა პოლონეთის „გაწითლებას“. სტალინი ხედავდა, რომ: ჯერ ერთი, სიკორსკი დიდ ბრიტანეთში იყო და რუსეთის გავლენას ნაკლებად დაემორჩილებოდა; მეორე, მას ექვემდებარებოდა პოლონეთის არმია და, ფაქტობრივად, სიკორსკი ომის შემდეგ იქნებოდა ძალა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა “ევროპის გაწითლების” სტალინისეული გეგმისთვის. ასე რომ სიკორსკის საკითხი გადასაწყვეტი იყო. დიდ დიქტატორს კი საქმის გადადება არ უყვარდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)