იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს - კვირის პალიტრა

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც ფაქტობრივად უარს ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილებით, სრულფასოვან მკურნალობაზე. ასევე, საკვებსაც ის იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, ამით ის საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.