"კოდორის ხეობაში დავიჭერი" - რას ჰყვება უკრაინელი მებრძოლი, რომელმაც აფხაზეთის ომში ფეხი დაკარგა?
უკრაინელი ლეონიდ ბილიკი წლებია, საქართველოში ცხოვრობს, ის აფხაზეთის ომი მონაწილეა, სადაც ფეხი დაკარგა. ambebi.ge ლეონიდ ბილიკის ამბით დაინტერესდა და ვთხოვეთ, საკუთარი ცხოვრების შესახებ მოეთხრო.
"ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს უკრაინის ნაციონალური თავდაცვის ქვედანაყოფი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. იმ ქვედანაყოფში მეც ვიყავი. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით, კოდორის ხეობაში ქართველებისთვის გარკვეული დახმარება გაგვეწია და შემდეგ უკრაინაში დავბრუნებულიყავით, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად ჩავერთეთ... ისე მოხდა, რომ კოდორის ხეობაში დავიჭერი, სოფელ აჟარაში სამი დღე ვიწექი... თბილისში მოგვიანებით გადმომიყვანეს. ფეხზე ოპერაცია ჩამიტარდა, მაგრამ შემდეგ განგრენა განვითარდა და ფეხი დავკარგე... 6 თვის განმავლობაში 7 ოპერაცია გამიკეთდა. ბევრი სისხლი დავკარგე. წონაში საგრძნობლად დავიკელი, 54 კილოგრამს ვიწონიდი. ეტლს ვიყავი მიჯაჭვული. ძალა არ მქონდა და ენერგიას თანდათან ვიკრებდი", - გვიყვება ბატონი ლეონიდი, რომელიც აფხაზეთის დაცემის შემდეგ უკრაინაში აღარ დაბრუნებულა - საქართველოში დარჩა.
- დავრჩი, რადგან ჩვენთან, უკრაინაში პოლიტიკური რეპრესიები იყო. პრეზიდენტ კუჩმას ბრძანებით, სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ 15 წელს უსჯიდნენ. ამიტომ ჩასვლა არ გავრისკე... საქართველოში 1993 წელს ჩამოსული, იქ მხოლოდ 1998 წელს დავბრუნდი, რომ მშობლები და ნათესავები მენახა...
მამამ მითხრა, - კა-გე-ბედან იყვნენ, შენი ამბავი აინტერესებდათო. რადგანაც ჩემით დაინტერესებულები იყვნენ, მივხვდი, თავს არ დამანებებდნენ და გადავწყვიტე, ისევ თბილისში ჩამოვსულიყავი. შშმ პირი რომ დავეპატიმრებინეთ, სასჯელის მოხდა გამიჭირდებოდა... დავბრუნდი და საზღვრის დაცვის დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. მერე დავქორწინდი, მაგრამ არ გამიმართლა. ჩვენი ურთიერთობა არ შედგა... ცოლი შევირთე, გურული ქალი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ერთად კი პირველი შვილი, გოგონა გაგვიჩნდა... შემდეგ ბიჭი შეგვეძინა. სამწუხაროდ, ჩვენს შორის ოჯახური კონფლიქტები დაიწყო. წესრიგის მოყვარული ადამიანი ვარ, მიყვარს, რომ ადამიანი შრომობს. შშმ პირი ვარ და დღემდე მაინც არ ვჩერდები, სულ ვმუშაობდი და ვმუშაობ, როგორც შემიძლია. ვტაქსაობდი კიდეც და რასაც ვშოულობდი, სახლში მიმქონდა... მიმაჩნია, რომ ცოლმა და მისმა ნათესავებმა აბუჩად ამიგდეს... დედაჩემი ისეთი ქალია, მითხრა - თუ ბავშვებს მიატოვებ, უკრაინაში, სახლში აღარ ჩამოხვიდეო. შვილები არ მიმიტოვებია, მაგრამ მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ერთად აღარ ვცხოვრობთ.
ჩვენი რესპონდენტი ქალაქ ჩერკასში (კიევიდან 180 კილომეტრი) 1966 წელს 24 აპრილს დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სპეცსამსახურში წავიდა:
"იმჟამად ყირიმში იყო ნაწილი და იქ ვმსახურობდი. ორნახევარი წელი ვიმსახურე და სახლში დავბრუნდი. მერე კი მამის მოთხოვნით, სწავლა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებელში დავიწყე. სასწავლებელი რომ დავამთავრე, აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში ჩართვა მაშინ მომიწია. როგორც გითხარით, ჩვენი ნაწილი საქართველოში 1993 წელს ჩამოვიდა. სამხედრო პირი ვიყავი და სხვანაირად არ შემეძლო,“ - გვიყვება ბატონი ბილიკი. გააგრძელეთ კითხვა