რუსულმა არმიამ პოპასნაია დაიკავა, რას ცვლის ეს ფრონტის ხაზზე? - BBC - კვირის პალიტრა

რუსულმა არმიამ პოპასნაია დაიკავა, რას ცვლის ეს ფრონტის ხაზზე? - BBC

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, ლუგანსკში ქალაქი პოპასნაია რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა. ქალაქი დატოვეს უკრაინელმა სამხედროებმა. პოპასნაიასთვის ბრძოლა თითქმის 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ქალაქში ყველაფერი დანგრეულია, ამიტომ ჩვენებმა უკან დაიხიეს და წინასწარ გამაგრებულ პოზიციებზე დაბანაკდნენ“, - წერს გაიდაი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისის მიმართვაში ქალაქი პოპასნაია ჩეხეთში ნაცისტების განადგურებულ სოფელ ლიდიცეს შეადარა და განაცხადა: "ქალაქისგან ფერფლიც კი აღარ დარჩა“.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დრონმა გადაიღო. ვიდეოში კარგად ჩანს ქალაქის განადგურეული შენობები.

პოპასნაიასთვის ბრძოლა

პოპასნაია ლუგანსკის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქია. ომამდე აქ 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. 2014 წელს დაწყებული კონფლიქტის შემდეგ ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ქალაქს მაინც კიევი აკონტროლებდა.

მინსკის შეთანხმების შემდეგ პოპასნაია ფრონტის წინა ხაზზე მოექცა, აქ ხშირად ისმოდა იარაღის გასროლის ხმა... უკრაინულმა მხარემ პოპასნაიასა და მის შემოგარენში სამხედრო თავდასხმის მოსაგერიებლად გამაგრებული ზონები შექმნა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ისევ შეიჭრა, პოპასნაიასთვის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობდა.

რუსები ქალაქს ხელმეორედ მარტის დასაწყისში დაესხნენ თავს და ცენტრამდე მისვლა მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში შეძლეს. ბრძოლა ქალაქისთვის მაინც არ შემწყდარა...

tasi2-1652183677.jpg
11 აპრილს გადაღებულ ფოტოზე, ნათლად ჩანს პოპასნაიაში არსებული მდგომარეობა

ამერიკის კვლევითი ცენტრის - RAND-ის ცნობით, რუსული არმია, ძირითადად, პოპასნაიადან ქალაქ იზიუმამდე არის კონცენტრირებული და ასევე - ჩრდილოეთ მხარეში. ზოგიერთი ანალიტიკოსი კი მიიჩნევს, რომ ამ ადგილებში რუსეთს 50-მდე სამხედრო ქვედანაყოფი ჰყავს მობილიზებული, თითოეულში კი ათასამდე ჯარისკაცია.

"რუსეთი თავდასხმის ოპერაციის ყველაზე დიდ ნაწილს სამანევრო დანაყოფებით განახორციელებს, რომელთაც საარტილერიო დანაყოფები დაეხმარება. ისინი, სავარაუდოდ, კასეტურ ბომბებსა და საარტილერიო ნაღმებს გამოიყენებენ“, - ვკითხულობთ RAND-ის მიმოხილვაში.

რამდენიმეკვირიანი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმის მიუხედავად, დონბასში რუსულმა არმიამ ვერ შეძლო უკრაინული მხარის თავდაცვის გარღვევა. ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელი სამხედროები მხოლოდ მაშინ ახორციელებენ ტაქტიკურ უკანდახევას, როცა დასაცავი უკვე აღარაფერი რჩებათ. სწორედ ეს მოხდა აპრილში ქალაქ კრემენაიაში.

"კრემენაიაში ჩვენ მივხვდით, რომ მხოლოდ მიწას თუ დავიცავდით, ბიჭები დაიღუპებოდნენ, მტერს კი არავითარი ზიანი არ მიადგებოდა, ამიტომ გადაჯგუფება მოვახდინეთ და წამოვედით“, - განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

რატომ წარმოადგენს საფრთხეს პოპასნაიას დაკარგვა უკრაინული არმიისთვის?

პოპასნაიას დასახლებული პუნქტის დაკარგვამ უკრაინის მხარის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს.

ქალაქი ზღვის დონიდან 260 მეტრზე მდებარეობს. ის ყველა ახლომდებარე ქალაქთან შედარებით, შემაღლებულ ადგილზეა. პოპასნაიას აღების შემდეგ ყველა ეს ქალაქი 30-კილომეტრიან დაბომბვის ზონაში ხვდება. ეს კი რუსული არტილერიის შემადგენლობაში მყოფი 2С19 Мста-С თვითმავალი ჰაუბიცისთვის მაქსიმალური მანძილია.

მასობრივი თავდასხმები და ეტაპობრივად მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან განდევნა - ეს რუსული არმიის მეორე ეტაპის შეტევის ტაქტიკაა. პირველ ეტაპზე რუსული მხარე ტანკებით ტერიტორიაზე სწრაფ შეჭრას ცდილობდა, თუმცა ასეთმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა.

ჩრდილო-დონეცკი და ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქის ყველაზე დიდი ქალაქებია, რომლებიც ისევ უკრაინას ექვემდებარებიან. ვარაუდობენ, რომ ამ ქალაქების ასაღებად რუსული მხარე შეტევებს გააძლიერებს. სერგეი გაიდაის თქმით, ჩრდილო-დონეცკის ახლოს მდებარე სოფლებში დაძაბული სიტუაციაა, დასახლებული პუნქტებისთვის უწყვეტი შეტაკებები მიმდინარეობს.

პოპასნაიას დაკავება რუს სამხედროებს გადაჯგუფების და შეტევის ახალი მიმართულების არჩევის საშუალებას მისცემს. მათ ჩრდილო-დონეცკის მხარეში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მიზნით, შეუძლიათ იზიუმის დაჯგუფებასთან ერთად კრამატორსკსა და სლავიანსკს შეუტიონ.

რუსული არმიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა, რადგან მიუხედავად რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისა და იმის ტირაჟირებისა, რომ რუსებმა სოფლები დაიკავეს, სამხედროებისთვის ეს სტიმულს არ წარმოადგენს.

რა შედეგს მოუტანს რუსეთს პოპასნაიაში განვითარებული მოვლენები?

მედიის ცნობით, სამხედრო სტრატეგებს არ მოსწონთ პოპასნაიაში შექმნილი ვითარება. მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ასეთი შეჭრა ძალიან ართულებს სამხედრო მომარაგების გზებს. მარტივად რომ ვთქვათ, მსგავს სიტუაციაში ძალიან რთულია სამხედრო აღჭურვილობით მებრძოლთა მომარაგება და დაჭრილთა გაყვანა.

უკრაინას კი ასეთ დროს შეუძლია, რუსული ჯარისკენ საპასუხო დარტყმები განახორციელოს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და რაც უფრო გრძელია მოწინააღმდეგეებს შორის მანძილი, მით უფრო რთულდება იმის ამოცნობა, ზუსტად საიდან განახორციელეს უკრაინელებმა დარტყმა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის არმიას აქვს სამხედრო აღჭურვილობის რეზერვი, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოუყენებია.

უკრაინის მხარის კონტრშეტევის შიშით, რუსეთი იძულებულია პოპასნაიაში მებრძოლთა დიდი ჯგუფის მობილიზება მოახდინოს, რაც პარალელურად, სხვა ადგილებში რუსულ არმიას ასუსტებს, რადგან სხვაგან მათ საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცები არ ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ უკრაინული არმია რუს სამხედროებს ხარკოვიდან აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრისკენ უტევს, რუსეთის მხარე კი იძულებულია, ამ შეტევის შესამცირებლად ხიდები ააფეთქოს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ტერიტორიაზე შეჭრა, ის უნდა დაიკავო კიდეც. პოპასნაიაში შეჭრის შემდეგ რუსული მხარე თავდაცვით პოზიციაზე გადავიდა, უკრაინის მხარეს კი ნატომ მძიმე საარტილერიო საბრძოლო ტექნიკაც მიაწოდა, რომელიც შორ მანძილზე ბრძოლის საშუალებას იძლევა...

პოპასნაიადან გამოსვლისას უკრაინულმა მხარემ საზოგადოებას განუმარტა, რომ იქ ყველაფერი განადგურებულია და დასაცავი უკვე აღარაფერი დარჩა... (წყარო)