"ევროპამ წარსულის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როცა რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ" - კვირის პალიტრა

"ევროპამ წარსულის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როცა რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ"

ევროპამ წარსულის შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როდესაც რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის გამოსვლას ,,დაშინება" და ,,საომარი" უწოდა.

9 მაისთან დაკავშირებით ევროპარლამენტში საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთი მხრივ პუტინი ცდილობდა, რომ ,,ძალა, დაშინება გამოეჩინა" და გამოეთქვა ,,საომარი სიტყვა", როცა მეორე მხრივ, ევროკავშირი მშვიდობიანი პროექტის გაღრმავებაზე მუშაობდა, რომელსაც ხალხი ხელმძღვანელობდა.

,,მე მჯერა, რომ მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ეს პროექტი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რათა ის უფრო დემოკრატიული, უფრო ერთიანი, უფრო სუვერენული გავხადოთ", - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა გაფრთხილების სახით განაცხადა, რომ მაშინ, როცა ევროპა ახლა უკრაინას ეხმარება, დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული, როგორც ეს გერმანიის შემთხვევაში, 1918 წელს მოხდა.

,,ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები ძალიან რთული იქნება", - განაცხადა მაკრონმა.

ინტერპრესნიუსი