რას პასუხობს ვალერი მელაძე ინფორმაციას, რომ ძმებმა რუსეთი სამუდამოდ დატოვეს
ვალერი მელაძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე უარყოფს ინფორმაციას, რომ პროდიუსერ ძმასთან კონსტანტინე მელაძესთან ერთად რუსეთი დატოვა.
მომღერალმა მედიაში გავრცელებული სტატიიდან "სქრინშოტი" გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ისინი ემიგრაციაში წავიდნენ.
"ძმებმა მელაძეებმა დღეს სამუდამოდ დატოვეს რუსეთი და საფრანგეთში წავიდნენ. ვალერი მელაძემ ჟურნალისტების თვალწინ დაწვა რუსეთის სახალხო არტისტის სერთიფიკატი და სხვა "ქაღალდები", - ვკითხულობთ ფოტოზე.
მელაძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ყალბია... ყველა დაზუსტებული ინფორმაცია მხოლოდ მისი ოფიციალური არხებით გავრცელდება.
მართალია, რუსეთი არ დაუტოვებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ მელაძემ უარი თქვა თურქეთში საკონცერტო ტურნეზე, სადაც ერთ-ერთ სასტუმროების ქსელში ზაფხულში რუსი ტურისტებისთვის უნდა ემღერა. ამ ტურნეში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა კონსტანტინე მელაძის მეუღლემ ვერა ბრეჟნევამ და მომღერალმა ანი ლორაკმა.
მას შემდეგ, რაც ვალერი მელაძემ პუტინის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა და უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო, რუსებმა შავ სიაში შეიყვანეს. გაუქმდა მომღერლის კონცერტები და კონტრატქები, რომლებიც დადებული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებთან.
რუსული მედია წერდა, რომ შესაძლოა მშობლიურ ქალაქ ბათუმში დაბრუნებულიყო, თუმცა ვალერი მელაძე ისევ რუსეთში რჩება და კორპორატიულ საღამოებზე გამოსვლას აგრძელებს. რაც შეეხება მის ძმას კონსტანტინე მელაძეს, მისი ადგილსამყოფელი მედიისთვის უცნობია. ცნობილი კომპოზიტორი ომის დაწყების დროს კიევში იმყოფებოდა და როგორც მისი მეუღლე ვერა ბრეჟნევა წერდა, რუსულ ბომბებს კორპუსებში მოწყობილ სპეციალურ თავშესაფრებში ემალებოდა.