მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებს... თბილისში აწყობდნენ - ანუ როგორ უნდა ჩაეძირა ამერიკული ატომური ავიამზიდი თბილისურ "შებოლილ თევზს" - კვირის პალიტრა

მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებს... თბილისში აწყობდნენ - ანუ როგორ უნდა ჩაეძირა ამერიკული ატომური ავიამზიდი თბილისურ "შებოლილ თევზს"

რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ფრთოსანი რაკეტების დიდი საბრძოლო ეფექტიანობა.

პირველი ფრთოსანი რაკეტების - „ფაუ-1“-ების გამოყენება ლონდონის დასაბომბად 1944 წლიდან ჰიტლერის გერმანიამ დაიწყო და 2022 წელს პუტინის რუსეთიც „კალიბრისა“ და სხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე დაუნდობელ საჰაერო დარტყმებს.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ხომალდსაწინააღმდეგო და თანაც - ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების წარმოებაში თავისი დიდი წვლილი... თბილისის საავიაციო ქარხანასაც აქვს შეტანილი.

1959 წლიდან თბილისის საავიაციო ქარხანას დაევალა იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული მასობრივი განადგურების შეიარაღების, „ჰაერი-ხომალდის“ კლასის "კ-10ც" ტიპის ფრთოსანი რაკეტების სერიული წარმოების დაწყება.

იმ დროისთვის თბილისში სერიულად აწყობდნენ МиГ-21У-ს ტიპის ორადგილიან სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებიც საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების გარდა, სხვა ქვეყნების შეიარაღებაშიც ხვდებოდა და მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო, რადგან ფართოდ გამოიყენებოდა ახალგაზრდა სამხედრო მფრინავების გადამზადებისთვის.

თუკი ორადგილიანი რეაქტიული „მიგ“-ების თბილისის საავიაციო ქარხნის მეხუთე საამქროდან გამოგორება და „ველის“ საცდელ აეროდრომზე ბუქსირება დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, ჩვენი ქარხნის კიდევ ერთი ნაწარმი - ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა К-10С, იგივე „კომეტა-10“, ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებას წარმოადგენდა და მასთან შეხება ქარხნის ინჟინრებისა და მუშების მხოლოდ შეზღუდულ კატეგორიას შეეძლო, რომლებსაც ხელი ჰქონდათ მოწერილი საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით.

თითქმის ათი მეტრის სიგრძისა და 4,5 ტონა მასის „კომეტა“ აწყობისა და შემოწმებისთანავე იშლებოდა, სპეციალურ ყუთებში იფუთებოდა და თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიას ღამით ტოვებდა.

ასეთი დონის გასაიდუმლოება კი იმით იყო განპირობებული, რომ თბილისში აწყობილი ფრთოსანი რაკეტები - „კომეტა-10“-ები 350 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის თერმობირთვული ქობინის გადამტანები იყვნენ, რომელთა მთავარ სამიზნეს... ამერიკული ატომური ავიამზიდები წარმოადგენდნენ - უზარმაზარი,100 ათას ტონა წყალწყვის ამერიკული ატომური ავიამზიდის ჩაძირვა ერთი მოხვედრით, მხოლოდ თბილისში აწყობილ ბირთვულქობინიან ფრთოსან „კომეტას“ შეეძლო...

ნატომ თბილისის საავიციო ქარხანაში აწყობილ ბირთვულქობინიან „კომეტებს“ თავისი კლასიფიკაცია მისცა და AS-2 KIPPER -ად მონათლა, რაც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, დაახლოებით, როგორც „შებოლილი თევზი“...

2-1652259879.jpg
Ту-16К-10 ტიპის ბომბდამშენზე ჩამოკიდებული ფრთოსანი „კომეტა-10“

თბილისის საავიაციო ქარხნის „შებოლილი თევზები“ იგზავნებოდა საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო ფლოტის საზღვაო ავიაციის რაკეტმზიდ საავიაციო პოლკებში Ту-16К-10 ტიპის რეაქტიული ბომბდამშენების შესაიარაღებლად.

ამ რაკეტმზიდი-ბომბდამშენების ერთ-ერთი პოლკი, სადაც იცდებოდა თბილისის საავიაციო ქარხანაში აწყობილი ფრთოსანი „კომეტები“, მდებარეობდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის სიახლოვეს. აქედან აფრენილი „ტუ“-ების ეკიპაჟები თბილისურ „შებოლილ თევზებს“ უშვებდნენ კასპიის ზღვაში ნაწილობრივ ჩაძირული და საზღვაო სამიზნედ გამოყენებული ტანკერის, „ჩკალოვის“ მიმართულებით.

თბილისური ფრთოსანი „კომეტებით“ შეიარაღებული იყო 200-მდე Ту-16 ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ საბჭოთა კავშირის შავი, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტების საავიაციო პოლკებში.

რაც უნდა დაუჯერებლად მოჩანდეს, თბილისურრაკეტიანი ბომბდამშენები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კიდევ ორი წელი, 1994 წლამდე დარჩნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში.

ერთხელ რეალურად განხორციელდა ის, რისთვისაც შექმნილი იყო ეს ფრთოსანი რაკეტა - არა, ამერიკული ატომური ავიამზიდისთვის არ უსვრიათ, მაგრამ თბილისში აწყობილმა „შებოლილმა თევზმა“ თერმობირთვული ქობინი მართლაც „მიაფრინა“ სამიზნემდე, ხომალდამდე და ააფეთქა - ახალი მიწის ატომურ პოლიგონზე რაკეტის ბირთვული გამოცდა ჩატარდა.

3-1652259920.jpg
„შებოლილი თევზი“ თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროში

ყველაზე მეტად კი მსოფლიოში სახელი თბილისურმა „შებოლილმა თევზმა“ 1964 წელს „გაითქვა“, როდესაც... იაპონური შხუნა „შინო მაროს“ სიახლოვეს აფეთქდა... და იაპონელების ოფიციალური პროტესტის ნაცვლად ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებელების გულისტკივილი გამოიწვია... „დაღუპული საბჭოთა პილოტის“ გამო.

საქმე შემდეგნაირად იყო - წყნარი ოკეანის ფლოტის ბომბდამშენმა თბილისური ფრთოსანი რაკეტა სახალინის პოლიგონისკენ გაუშვა, მაგრამ რაკეტის რადიოლოკაციურმა სადგურმა ზღვაში ახალი სამიზნე აღმოაჩინა და უფრო მისკენ „გაუწია გული“, შესაბამისად, რაკეტის 900 კგ-იანი საბრძოლო ქობინი (გასაგებია, რომ სწავლებების დროს თერმობირთვულ ქობინს არ გამოიყენებდნენ) იაპონური შხუნიდან 400-იოდე მეტრში აფეთქდა. რაკეტის საბრძოლო ქობინის ამფეთქი სპეციალურად, ნაადრევ ინიცირებაზე ეყენა, რათა პოლიგონზე სასწავლო სამიზნეში ზუსტად მოხვედრისა და აფეთქების შედეგად, ის მთლიანად არ გაენადგურებინა და სამიზნე კიდევ გამოეყენებინათ სხვა სწავლებისთვის.

4-1652260002.jpg
„კომეტა-10“-ის სამი ხედი

ამ საბჭოთა „ყაირათობამ“, “შინო მარუს“ ეკიპაჟი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა, თუმცა ჰაერში აფეთქებული და ფრაგმენტებად დაშლილი რაკეტის ძრავის ნაწილმა გააგრძელა ტრაექტორიით ფრენა და იაპონური შხუნა შუაში გახვრიტა.

სერიოზულად დაზიანებული შხუნით ეკიპაჟმა მაინც მოახერხა ახლო პორტამდე მიღწევა და დაჭრილების შველა - თბილისური რაკეტა, საბედნიეროდ, არ გახდა იაპონელი მეზღვაურების მკვლელი.

მოსალოდნელი გახლდათ, რომ იაპონია ოფიციალურ ნოტას გაუგზავნიდა საბჭოთა კავშირს და დიდი საერთაშორისო სკანდალი ატყდებოდა სამოქალაქო გემის საბრძოლო რაკეტით დაზიანების გამო, მაგრამ...

მაგრამ პროტესტის ნაცვლად იაპონელებმა ... სინანული გამოთქვეს საბჭოთა პილოტის დაღუპვის გამო(?!)

იაპონელებმა რატომღაც დაიჯერეს, რომ სინამდვილეში უბედური შემთხვევა მოხდა და შხუნა „შინო მარუს“, კატასტროფაგანცდილი საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებლის ძრავის ნაწილი შემთხვევით მოხვდა, ხოლო საბჭოთა პილოტი კი ზღვის ტალღებში დაიღუპა...

იაპონელების გადაჯერებას მოსკოვი, გასაგებია, აღარ შეეცადა, ისე კი იაპონელების ამ ტექნიკური შეცდომის გაგება შეიძლება - თბილისში აწყობილი ფრთოსანი „კომეტა-10“ თავისი ფიუზელაჟითა და მოკლე ფრთით ძალიან წააგავდა საბჭოთა მსუბუქ რეაქტიულ გამანადგურებელ МиГ-15-ს...

ასე რომ, თბილისის საავიაციო ქარხანასაც თავისი, არც თუ ისე მცირე წვლილი აქვს შეტანილი პირველი ცივი ომის ბირთვულ მილიტარიზაციაში...