"ხარკოვთან უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, რუსეთის საზღვრამდე 10 კმ რჩება" - კვირის პალიტრა

"ხარკოვთან უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, რუსეთის საზღვრამდე 10 კმ რჩება"

"უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევა ხარკოვის მიმართულებით გრძელდება და რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე, დაახლოებით, 10 კილომეტრი რჩება", ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის მიმდებარედ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის, სტარი სალტოვკა, რომელიც უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.

"უკრაინის კონტრშეტევა გაგრძელდება განთავისუფლებული სტარი სალტოვკის ჩრდილოეთ მიმართულებით, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს აიძულებს, იზიუმიდან ამ მიმართულებით გადმოისროლოს დამატებითი ძალები და თავიდან აიცილონ უკრაინელების კონტრშეტევის წინსვლა, რუსეთის საზღვრისკენ" - წერია მიმოხილვაში.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი ქმედებები შეაჩერებს რუსეთის საარტილერიო თავდასხმებს ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანზე და პოტენციურად საშუალებას მისცემს უკრაინელ დამცველებს შეტევა რუსეთის საზღვრისპირა რაიონებისკენ განახორციელონ, რამაც შესაძლოა ჩაშალოს რუსული ძალების შეტევა იზიუმის მიმართულებით.