მინდა ის, რაც მართლა ცვლილებას მოიტანს. რატომ გააკრიტიკეს რეკომენდაციები ექსკურსიების შესახებ - კვირის პალიტრა

მინდა ის, რაც მართლა ცვლილებას მოიტანს. რატომ გააკრიტიკეს რეკომენდაციები ექსკურსიების შესახებ

ერთ-ერთი ვიყავი, ვინც განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მიერ (ძირითადად მოსწავლეთა ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე) გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელიც წლიდან წლამდე ფაქტიურად არ იცვლებოდა, ვაქვეყნებდი და ვფიქრობდი, რომ რეგულაციები აუცილებელია სკოლებისთვის.

რეგულაციებში ვგულისხმობ მეტ პასუხისმგებლობებს, საკითხის სიღრმისეულ შესწავლას, რომ ცვლილებებმა დადებითი შედეგი მოიტანოს.

2 წლის წინანდელი სტატისტიკა ექსკურსიებზე დაღუპული და დაშავებული სკოლის მოსწავლეების შესახებ საკმაოდ შემაშფოთებელია. ამიტომაც გასაკვირი არ არის, ასეთ დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ. პანდემიის პერიოდში პრობლემები შეჩერდა ექსკურსიების შეჩერებასთან ერთად, მაგრამ რას გვაძლევს და რის საფუძველზე დაიწერა რეკომენდაციები და მოხდა თუ არა საკითხის სიღრმისეული შესწავლა?...

რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ ზოგმა მშობელმა ეს უფლებების შეზღუდვად აღიქვა. ზოგმა კერძო კომპანიებს მიმართა შეკითხვებით, ან დახმარებით. მოკლედ, ეს მიუთითებს იმაზე, - იმდენად ჩატეხილია ხიდი სკოლასა და მშობლებს შორის, რომ მშობლები არ ენდობიან დირექციას. მეორე ის, რომ დირექციას აკმაყოფილებს პასუხი — ზემოდან აგვიკრძალეს...

იმის ნაცვლად, რომ მშობლები თავად ითხოვდნენ უსაფრთხოების ნორმების დაწესებას, გარკვეულ პროტესტს ასეთი ელფერი ჰქონდა -ახალგაზრდებს „გულაობა“ შეეზღუდებათ...

ექსკურსიები ჩემს ბავშვობაში იყო, ბავშვების ნებაზე მიშვების, ალალბედზე მგზავრობის, მშობლებისა და მასწავლებლების (გასაგები მიზეზების გამო) დაახლოების და ერთმანეთში "ათქვეფის", მოსწავლეების მხრიდან ერთმანეთის ბულინგის და ამის მასწავლებლების მხრიდან იგნორის, ძალიან მცირედით გართობის (უფრო ღრეობის) "ცანცარის" გასვლები. როგორი უხერხული იყო მშობლებისა და მასწავლებლების ერთად სმა...

ბევრმა ისიც თქვა გაუქმდეს ექსკურსიები, რადგან უკვე გვეშინიაო. ჩემთვის გასაგებია ეს პათოსი, რომელსაც ჩვენში არასოდეს ჰქონია ის დანიშნულება, რაც განვითარებულ ქვეყნებში აქვს. რომელი მწერლისა თუ ისტორიული ძეგლის დარდით დავდივართ ნეტავ ექსკურსიაზე? ჩვენ თავს ვიტყუებთ და ამ ილუზიებში გვინდა თავად გამოსწორდეს პრობლემები.

აუცილებელია მასწავლებლებმა და მშობლებმა იცოდნენ, რომ კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს, ისევე მნიშვნელოვანია მისი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეც.მეთოდები. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობას და გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. და ეს ხდება მაშინ, როცა სწორად არის ჩამოყალიბებული ღონისძიების მიზანი.

ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ზედმიწევნით აქვს პასუხისმგებლობა ჯერ სამინისტროს, შემდეგ სკოლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ნარჩუნდება ქაოსი - სკოლიდან მშობელზე, მშობლიდან სკოლაზე, სკოლიდან რეინჯერზე, ვიღაცისგან მძღოლზე ან სულაც არარსებულ პიროვნებაზე გადაბრალება და ასე დაუსრულებლად.

რეკომენდაცია წავიკითხე, მაგრამ განმარტება ვერ გავიგე რატომ 150 კმ? ჩემი მოსაზრებით დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის აბსოლუტურად მისაღებია 150 კმ არეალში ექსკურსიის დანიშვნა რიგი მიზეზების გამო. ვფიქრობ, მაღალ კლასელებისთვისაც მისაღები უნდა იყოს, ვიდრე ის დამოკიდებულება სრულად აღმოიფხვრება რაც ზემოთ გავიხსენე.

მე რომ პედაგოგი ვიყო მოსწავლეებს გამგზავრებამდე შევამოწმებდი და მივაწოდებდი ინფორმაციას, რისი წაღება შეუძლიათ ექსკურსიაზე და რისი — არა. რა უნდა ნახონ, როგორ მოიქცნენ, რა არის მთავარი წესები გასვლასთან დაკავშირებით. თუ არ მეცოდინებოდა, მოვიძიებდი მაინც გასვლის ადგილას არსებული მდინარე საშიშია თუ არა. შესწავლილია თუ არა რისკები რაც გზაზე შესაძლოა შეგვხვდეს? არ სჭირდება დიდი დრო ამ ყველაფერს. სჭირდება მხოლოდ პასუხისმგებლობა.

აქვე, რატომ არ შეუძლია სკოლას სურვილისამებრ დაიქირაოს ტურის დამგეგმავი ან სპეციალისტი, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის? ან განათლების სამინისტრო რატომ არ უნდა ეხმარებოდეს ამაში?

დიახ, მოკლე მანძილზეც შესაძლოა მოხდეს უბედურება, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს შემთხვევითობა, ხოლო ის ექსკურსიები, რომელიც წლების მანძილზე ეწყობოდა უპასუხისმგებლობის და არასწორი ურთიერთობების შედეგი იყო. რომ მახსენდება რამდენ უბედურებას გადავრჩენილვართ...

აქვე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრ ღირსშესანიშნაობასთან მისასვლელი გზა არ არის მოწესრიგებული და სახიფათოა, რაც პირდაპირ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა!

ისიც ითქვა, რომ წარმოუდგენელია ექსკურსიაზე მიგყავდეს ბავშვი და არ ფიქრობდე პირველად სამედიცინო დახმარებაზეო. არადა, წლებია ასე ვიარეთ სკოლის ექსკურსიებზე. დიახ, სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გავალდებულებდეს ამ კუთხით, ვიდრე ეს ნორმა გახდება და ადამინები ერთმანეთის გაფრთხილებას ისწავლიან.

ზოგი მოზარდის გარდაცვალების ან დაშავების მიზეზი დისკრიმინაცია და უყურადღებობაა. ზოგის გზებზე არარსებული ნიშნების არსებობა. ეს არსებითად უნდა შეიცვალოს ჩვენთან.

ევროპის ქვეყნებში - წინასწარ ეწოდებათ ინფორმაცია მოსწავლეებს ვიზიტის გეგმის შესახებ: რა უნდა ნახონ, რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, სად უნდა მივიდნენ, უსაფრთხოების ზომები რას ითვალისწინებს და ასე შემდეგ.

არის მკაცრად გაწერილი სტანდარტები, რომელსაც ერგება ყველა. თუმცა დაგეგმვის პროცესში მოსწავლეს სურვილისამებრ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

ცდილობენ ექსკურსიებისთვის უფრო მეტი ფუნქციის მინიჭებას და დროს აღარ წაგართმევთ განვიხილო მეტი მაგალითი. ამის შანსი ვფიქრობ კიდევ მექნება.

ვისურვებდი უკეთესი თუ არა ანალოგიური ყოფილიყოს ჩვენთან ექსკურსია, როგორც კარგად დაგეგმილი სასწავლო ღონისძიება, რომელსაც "ცანცარობის" ქაოსის, ღრეობის, ვისაც რა უნდა იმის კეთების დატვირთვა აღარ ექნებოდა მხოლოდ.