"უკრაინის ეკონომიკისათვის ხანგრძლივი ომის გაძლება რთული იქნება“ - The Economist - კვირის პალიტრა

"უკრაინის ეკონომიკისათვის ხანგრძლივი ომის გაძლება რთული იქნება“ - The Economist

ბრიტანული ჟურნალი "ეკონომისტი“ (The Economist) ბეჭდავს სტატიას სათაურით - "უკრაინის ეკონომიკისათვის ხანგრძლივი ომის გაძლება რთული იქნება“, რომელშიც გაანალიზებულია ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკური სიტუაცია, ფინანსები, მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა და სხვა ასპექტები.

გთავაზობთ პუბლიკაცის მცირე შემოკლებით:

"იმ ადამიანისათვის, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მართვას მტრის არმიის შეჭრის - ანუ ომის პირობებში ცდილობს, სერგეი მარჩენკოს საოცრად ოპტიმისტური განწყობა აქვს. რუსებმა, სავარაუდოდ, უკრაინის თითქმის ყველა ძირითადი საზღვაო ნავსადგური დაიკავეს ან დაბლოკეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი მშვიდად არის. "სიტუაცია ძალიან რთულია, მე ამას არ ვაიოლებ“, - ამბობს იგი "ლატეს“ ყავის ფინჯნით ხელში, - "მაგრამ პრობლემებს მაინც ვუმკლავდებით“. ჩვენ სამინისტროს ახლოს მდებარე, ჩინებულად მოწყობილ კაფეში ვსხედვართ. საჰაერო განგაშის ხმა ისმის, მაგრამ მინისტრი მას ყურადღებას არ აქცევს.

პანიკა რომ არ იყოს, ამის მიზეზები საკმაოდ ბევრია. უკრაინა ომში იმ დროს აღმოჩნდა, როცა მისი ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაში იყო - წარმოება 7%-ით მატულობდა წინა წლებთან შედარებით, კორონავირუსის პანდემიით მოსახლეობა დიდად არ დაზარალებულა, კარგი საერთაშორისო ფასებით ხდებოდა მარცვლეულის, რკინისა და ფოლადის ექსპორტი, კარგად მუშაობდა საბანკო სექტორი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტმა კი გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხოლოდ 3% შეადგინა. უკრაინის საგარეო ვალები ომის წინ მშპ-ის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენდა - ეს ისეთი ციფრია, რომელზედაც მრავალი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.

საგადასახადო სისტემისა და შეღავათების გაციფრება (ელექტრონული ვერსიის სახით) ნიშნავს, რომ შემოსავლები ეკონომიკის იმ სექტორებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, ბიუჯეტში რამე დაბრკოლებების გარეშე შედის, რუსეთის თავდასხმის მიუხედავად. პენსიონერებს პენსიები და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებს - ხელფასები ძველებურად ერიცხებათ - იმ რეგიონებშიც კი, რომლებიც რუსეთის ჯარების მიერ არიან ოკუპირებული. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმიტომ, რომ უკრაინის ინტერნეტი და 3G-იანი მობილური კავშირი თითქმის არ დაზარალებულა რუსების მიერ სისხლიანი ომის გაჩაღების შედეგად. დღეისათვის უკრაინის საწარმოების უმრავლესობა თავიანთ თანამშრომლებს ანაზღაურებას ჩვეულებრივ უხდიან - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი ჩვეულებრივი რეჟიმით არ მუშაობენ ან მუშაობა საერთოდ არ შეუძლიათ. საკვირველია, მაგრამ საშემოსავლო (სახელფასო) გადასახადი, მინისტრის თქმით, მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

მაგრამ სიტუაცია მთლად მარტივად მაინც არ არის. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკრაინის მშპ 2022 წელს, სავარაუდოდ, 45%-ით შემცირდება ("ჩვენი შეფასებით კი - 44%-ით“, - იჭმუხნება სერგეი მარჩენკო). რასაკვირველია, ორივე შეფასება უკიდურესად უარყოფითია. საბაჟო შემოსავლები, რომელთა მოცულობა ადრე საგადასახადო შემოსავლებში მნიშვნელოვანი იყო, ახლა ომამდელი დონის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, იმპორტის შემცირებისა და მრავალი სახის ბაჟის გაუქმების გამო.

სამხედრო ხარჯების ზრდაც დიდი ტვირთია უკრაინის ბიუჯეტისათვის - იმ შემთხვევაშიც კი, როცა იარაღი და საბრძოლო მასალები დასავლელი სპონსორების მიერ ქვეყანას უფასოდ გადაეცემა. ამჟამად მცირე და საშუალო ბიზნესი გადასახადებს მხოლოდ ნებაყოფლობით იხდის (როგორც სერგეი მარჩენკო ამბობს, იგი მოხარულია, რომ თანამემამულეები პატრიოტიზმს ავლენენ). ასეთ სიტუაციას სახელმწიფო ფინანსების უკმარისობამდე მიჰყავს: უკრაინას ყოველთვიურად დამატებით 5 მილიარდი დოლარი ესაჭიროება, რაც ომით დანგრეული ქვეყნის მშპ-ის 5 პროცენტს შეადგენს.

ვინ ან რა შეავსებს ამ ფინანსურ ვაკუუმს? როგორც მინისტრი ამბობს, - ნაწილობრივ იმით, რომ ცენტრალური ბანკი დღეს ჩვეულებრივზე უფრო მეტ ფულს ბეჭდავს. ასევე ნაწილობრივ იმითაც, რომ გამოშვებულია სამხედრო ობლიგაციები, რომლებზეც მთავრობა 11%-იან წლიური განაკვეთის გადახდას ვალდებულობს, რაც ინფლაციის დონეზე ნაკლებია. თუმცა ვაკუუმის შევსების ძირითად წყაროს მაინც უცხოური ფინანსური დახმარება შეადგენს. სერგეი მარჩენკოს თქმით, სწორედ ამით არის დაკავებული თითქმის მთელი სამუშაო დროის განმავლობაში - იგი უცხოეთის ქვეყნების მთავრობებს უკრაინის დახმარებისათვის ლობირებს. ამ მხრივ ყველაზე დიდ იმედებს მინისტრი აშშ-ზე ამყარებს, რომლის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე მიმართა კონგრესს უკრაინისათვის დამატებითი თანხის გამოყოფის მიზნით. "ეს კარგი ახალი ამბავია, მაგრამ როგორი იქნება ამერიკული პაკეტი და როდის მოგვეცემა რეალურად, ჯერ არ ვიცით“, - ამბობს სერგეი მარჩენკო.

უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ეხმარება, რაშიც აშშ-სა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს დიდი წვლილი მიუძღვით. თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ამ ძალისხმევის შედეგი ჯერჯერობით მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ არის: უკრაინამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მხოლოდ 4,5 მილიარდი დოლარის გრანტი მიიღო, მას კი ბიუჯეტის დეფიციტის "ამოსავსებად“ ყოველთვიურად 15 მილიარდი დოლარი სჭირდება.

სერგეი მარჩენკოს თქმით, ფინანსური დახმარება არასტაბილურია [რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის იმედის მომცემი არ არის]. თუ ომი კიდევ "სამ ან ოთხი თვეს გაგრძელდება“, მაშინ ძალიან მტკივნეული ზომების მიღება იქნება საჭირო, გადასახადების მატებისა და ხარჯების მკვეთრი გაზრდის სახით. ამასთან, "შიშს იწვევს“ ერთი მომენტი: ომის წინ უკრაინა საკმაოდ ნორმალურ საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანას წარმოადგენდა, ომის გამო კი შეიძლება საწარმოების ნაციონალიზაცია დაიწყოს, რაც წლების განმავლობაში დიდი შრომით მიღწეული პროგრესის უკუსვლას, მის განეიტრალებას გამოიწვევს.

კიდევ უფრო საჭირბოროტო პრობლემა, როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შუა ჩნდება: უკრაინაში ხორბლის, ქერის, მზესუმზირის და სხვა საკვები მარცვლეულის თესვის სეზონი უკვე დასრულდა. საკვირველია, მაგრამ დათესილია ადრინდელი ფართობების თითქმის 80% - ფერმერები მინდვრებში ხშირად ჯავშანჟილეტებით მუშაობდნენ, მაგრამ რა უნდა უყონ მოწეულ მოსავალს? მისი აღება შეიძლება რთული არ იყოს, რადგან რუსეთის არმიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დაიხია, ფრონტის ხაზმა აღმოსავლეთისკენ გადაიწია და საეჭვოა, რუსებმა ისევ იგივე ტერიტორიები დაიკავონ, მაგრამ მალე დღის წესრიგში დადგება მოწეული მოსავლის გატანა საზღვარგარეთ...

შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტის ყოფნა და მანევრები, აგრეთვე, უკრაინის არმიის მიერ ნავსადგურების აკვატორიის დანაღმვა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი სავაჭრო ნავსადგური ოდესა (ილიჩევსკთან ერთად) სრულიად დახურულია. იგივე ითქმება მიკოლაევის ნავსადგურზეც... ხერსონის პორტს და აზოვის ზღვის პორტებს კი - ბერდიანსკს და მარიუპოლს - რუსეთი აკონტროლებს. უკრაინა ადგილზე ბევრ მარცვლეულს ვერ შეინახავს - ელევატორებში ჯერ კიდევ წინა მოსავლის ხორბალი არის დარჩენილი, რომლის მთლიანი ექსპორტი ვერ მოხერხდა და რომელიც, ტრადიციისამებრ, ახლა გაყიდული უნდა იყოს.

ამ პრობლემის მოგვარება დავალებული აქვს მუსტაფა ნაიემს, ყოფილ ჟურნალისტსა და დეპუტატს, რომელიც დღეს უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეა. თუ მარცვლეული ზღვით ვერ იქნება გატანილი, მაშინ მინისტრის მოადგილე შეეცდება, ხორბლისა და სხვა პროდუქტების ექსპორტი საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით განახორციელოს - პოლონეთის, უნგრეთის გავლით, აგრეთვე, რუმინეთის ნავსადგურების მეშვეობით ან მდინარე დუნაით. სამწუხაროდ, ისიც პრობლემაა, რომ უკრაინის გზები ინტენსიურ დატვირთვას ვერ გაუძლებს, ალტერნატიულ ნავსადგურებს კი საკმაოდ მცირე სარეზერვო გამშვები შესაძლებლობები აქვთ.