"მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს..." - კვირის პალიტრა

"მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, ჩემთან დაკავშირებით არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს..."

ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით,- ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ მისი საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მიმართა.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, რომელშიც მან ოჯახის წევრებს, "მთავარ არხს", ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა.

"რადგან ბოლო სიტყვაა, რომელიც პროცესის ფარგლებში უნდა ვთქვა, უფრო მიმართვა იქნება, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია. არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული. მინდა მივმართო რამდენიმე ადამიანს, პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ეს ნერვიულობად არ ღირს. სოფო, შენ კარგად იცი, ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ციხეში, არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ისედაც გვერდში დაგიდგებიან. აქ არის ჩემი მეორე ოჯახი, ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არანედ მინუსებიდან, ყველას ყველაფერი თხოვეთ, მთავარია გახსოვდეთ, ამ ქვეყნის ბედი თქვენზეა მნიშვნელოვანწილად.

მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემ დიდ ოჯახს, ტელევიზიას, არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს, ახლა ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩემი ტელევიზიაში არ ყოფნა ამ პრობლემას გაამწვავებს, ყველას ვთხოვ, ყველა ბიზნესმენს, ყველა ქართველს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, არავის, ჩემთან დაკავშირებული არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ჩემი კატეგორიული მოთხოვნა. არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს, ქართველ პატრიოტს თავისუფლება ვერ ექნება ადამიანისგან, რომელმაც თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მძინარე ცხინვალი დაბომბა. მისი მისამართით სიტყვა არ დაიძრას - არა და არაადროს, მისივე ციტირებით.

კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის მნიშვნელოვანია, უკვე მეორედ აღძრა ბიძინა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება. ახლა ვეუბნები, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მინდა გთხოვოთ თქვენ, აქ სხედან სხვა ადამიანებიც ბრალდებულების სკამზე, ჩემთვის ბრალის წაარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არ მისჯის შემთხვევაში ჯარიმა შემამსუბუქებელი იქნება, ძალიან ცდება, აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს ჩემი უდანაშაულობა. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე ჯობს ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ამას პირველ რიგში ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს. მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი", - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, თუ მას პატიმრობას არ მიუსჯიან და ჯარიმას დააკისრებენ, ეს მას მის საქმიანობას - ადვოკატობას დააკარგინებს.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა და განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

IPN