"ერთხელ, ხატი ვლადიმერ პუტინმაც მაჩუქა, შემდეგ კი ავტოგრაფიც გაუკეთა" - "გრიშა ლეპსი" - კრემლში მიღებული არტისტის ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ერთხელ, ხატი ვლადიმერ პუტინმაც მაჩუქა, შემდეგ კი ავტოგრაფიც გაუკეთა" - "გრიშა ლეპსი" - კრემლში მიღებული არტისტის ცხოვრება

„რუსეთში მოღვაწე მუსიკოსის, გრიგორი ლეპსის ხმას ერთხელ მაინც თუ მოისმენს ვინმე, ის მუდამ დაამახსოვრდება“, - წერს ერთ-ერთი რუსული გამოცემა ქართული წარმომავლობის მომღერალზე, რომელსაც როგორც რუსეთში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ.

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პუტინის საყვარელი მომღერალი დონბასში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის აქამდეც ღიად უჭერდა მხარს კრემლის პოლიტიკას. მედიის ცნობით, ქართული წარმოშობის მომღერალმა რუს ოკუპანტებს „გამარჯვების მუზეუმში“ უმღერა - არტისტი სცენაზე Z სიმბოლიკით გამოვიდა. მომღერლის თქმით, კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.

რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავის ნამდვილი გვარი ლეფსვერიძეა, დაიბადა და გაიზარდა სოჭში. მამა ხორცკომბინატში მუშაობდა, დედა კი ექთანი იყო. ის დასთან, ეთერთან ერთად იზრდებოდა.

როგორც სააგენტოები წერენ, გრიშა საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, ძირითადად, ქუჩაში იზრდებოდა და უბნის ბიჭებთან ერთად ჩხუბსაც არ ერიდებოდა. როგორც მეგობრები ამბობენ, ის სამართლიანი იყო და ჩხუბს თავად არასდროს იწყებდა.

"გრიშა ლეპსი", როგორც მას ბავშვობაში მეგობრებმა შეარქვეს, ფეხბურთით იყო გატაცებული, უფროს კლასებში კი სკოლის ანსამბლში დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ბიჭს მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. სკოლის შემდეგ მან მუსიკალურ სასწავლებელში დასარტყამი ინსტრუმენტების განხრით ჩააბარა, მალე კი სავალდებულო სამხედრო სამსახურით ხაბაროვსკში გაუშვეს. საყვარელი საქმიანობა მომავალ მუსიკოსს არც ჯარში მიუტოვებია და იქ სამხედრო ანსამბლში უკრავდა.

ჯარიდან დაბრუნებულმა მუსიკალური საქმიანობა განაგრძო და ანსამბლ „Индекс-398“-თან ერთად რესტორნებში დაიწყო სიმღერა. სულ მალე ლეპსი სოლისტიც გახდა და რესტორნებში ანსამბლის გარეშე მღეროდა. მუსიკოსის რეპერტუარი მოეწონათ რესტორნის სტუმრებს. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა მუსიკოსის მსმენელები კრიმინალური ავტორიტეტებიც იყვნენ.

სოჭში ყველასათვის საყვარელი მომღერლისთვის დიდი დარტყმა იყო ახლო ნათესავის - ბიძაშვილის მკვლელობა. მედიის ცნობით, ნატალია სოჭში იმ პერიოდში ცნობილი ადვოკატი იყო, მას საკუთარ სახლთან დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს... ამ ტრაგედიის შემდეგ ლეპსმა მოსკოვში გადასვლა გადაწყვიტა.

lepssss-1652279608.jpg

მოსკოვში ჩასული მუსიკოსი საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. პირველი ალბომის ჩაწერა არცთუ ისე ადვილი იყო, თუმცა მას ერთ-ერთი ახლობელი დაეხმარა და 1995 წელს მან პირველი ალბომი გამოუშვა, რომლის პირველი სიმღერა „ნატალი“ მის გარდაცვლილ ნათესავს ეძღვნებოდა.

ძალიან მალე ლეპსი პანკრეატიტის დიაგნოზით საავადმყოფოში აღმოჩნდა. მუსიკოსის დედამ შვილისთვის სოჭში ბინა გაყიდა, ოპერაციის შემდეგ ის უკეთ გახდა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ლეპსის კარიერული წინსვლა.

მან ალკოჰოლური სასმელის მიღებას დაანება თავი, 35 კილო დაიკლო და მუსიკალურ საქმიანობას მთელი ენერგიით შეუდგა.

ლეპსმა რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, გამოუშვა რამდენიმე ალბომი, ატარებდა კონცერტებს, 2000 წელს კი, ტურნეში წასულს, ხმის იოგების პრობლემა შეექმნა და ხმა დაკარგა. ურთულესი ოპერაციისას მომღერალს ახალგაზრდა მეუღლე - ანა ამხნევებდა. ლეპსს საქმიანობა არ შეუწყვეტია და მერე დაიწერა ცნობილი სიმღერა „Рюмка водки на столе“, რომელიც მის სავიზიტო ბარათადაც იქცა.

მუსიკოსს უამრავი პრიზი აქვს მიღებული. მისი სიმღერები რუსეთში ჰიტადაა ქცეული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ის პროდიუსერიცაა. მუსიკალური საქმიანობის გარდა, ლეპსს საკუთარი საიუველირო ბრენდი "GL Jewelry" აქვს, მომღერალი მსმენელის წინაში მუდამ სათვალით გამოდის, ამიტომ არავის გაუკვირდა, რომ მან საკუთარი ბრენდი - „Leps Оптика“ შექმნა.

რუსული მედიის ცნობით, ის ხატებს აგროვებს და უამრავი ძვირფასი ხატი აქვს სახლში დაბრძანებული. 2018 წელს ლეპსმა სახელმწიფო მუზეუმში ხატების გამოფენაც მოაწყო, ექსპერტთა შეფასებით, მათი საერთო ღირებულება 40 მილიონ დოლარს აღემატება. როგორც ცნობილია, ყოველი ხატი აღწერილია და მომღერლის სახლშია დაბრძანებული. ჟურნალისტს კითხვაზე ერთხელ ხუმრობით უპასუხა: „მათი მოპარვა შეუძლიათ, მაგრამ გაყიდვა - არა მგონია! ღმერთი დასჯით“, - თქვა მომღერალმა.

ერთხელ მომღერალმა განაცხადა, რომ ხატი ვლადიმერ პუტინმაც აჩუქა, შემდეგ კი - ავტოგრაფიც გაუკეთა:

"პუტინმა მაცხოვრის ხატი მაჩუქა, ორი წლის შემდეგ მასზე ავტოგრაფიც გააკეთა: "პატივისცემით, ვლადიმერ პუტინი". ძალიან გამიხარდა, ხატების კოლექცია მაქვს, მათი რაოდენობა 160-ზე მეტია, ზოგიერთი - ავტორის ხელმოწერითაა, ერთი კი - პრეზიდენტის ხელმოწერით მაქვს".

მომღერალი ხშირად ატარებს საქველმოქმედო კონცერტებს, შემოსულ თანხას კი ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ურიცხავს.

ოჯახი

ლეპსის პირველი მეუღლე მუსიკალური სასწავლებლის თანაკურსელი - სვეტლანა დუბინსკაია იყო. მათ გოგონა, ინგა შეეძინათ, თუმცა მათი ქორწინება 2 წელს გაგრძელდა. მიუხედავად განქორწინებისა, როგორც ცნობილია, ის ძალიან ყურადღებიანი მამაა და გოგონას მზრუნველობას არ აკლებს.

lepss2-1652279423.jpg
ანა შაპლიკოვასთან ერთად

2000 წელს რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ლაიმა ვაიკულეს საბალეტო შოუს მოცეკვავე - ანა შაპლიკოვა გაიცნო. ისინი მალე დაქორწინდნენ. შვილის, ევას დაბადების შემდეგ, მათ ოფიციალურად მოაწერეს ხელი, შემდეგ მათ კიდევ ერთი გოგონა - ნიკოლი და ვაჟი - ივანი შეეძინათ.

lepss3-1652279423.jpg
ევასთან ერთად

ევა მამის მსგავსად მუსიკითაა გატაცებული და გოგონათა ჯგუფ COSMOS girls-ის სოლისტია, მათ კლიპიც გადაიღეს, რომელშიც თავად გრიგორი ლეპსი და ფილიპ კირკოროვი მონაწილეობენ.

2021 წელს ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მეუღლეს შორდება, მედიის ცნობით, ინიციატორი ანა იყო. ეს ინფორმაცია ყველასათვის მოულოდნელი იყო, რადგან ინტერვიუში ლეპსმა განაცხადა, რომ ანასთან მეოთხე შვილზე ოცნებობდა.

პოლიტიკური შეხედულება

რაც შეეხება მომღერლის პოლიტიკურ შეხედულებებს, როგორც ცნობილია, 2012 წელს მან ღიად დაუჭირა მხარი ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ინაუგურაციაზე კი სიმღერაც შეასრულა.

2013 წელს თავად მომღერალს დასჭირდა სახელმწიფოს თანადგომა - როცა აშშ-მა ის კრიმინალურ სამყაროსა და მაფიოზურ კლანთან კავშირში დაადანაშაულა, მას ღიად დაუჭირა მხარი პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ ლეპსი პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და ყველასათვის საყვარელი მომღერალია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ოფიციალური განცხადება გააკეთა, აშშ-ის მხარე უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაში დაადანაშაულა. თავად მომღერალმა ამ ფაქტს იუმორით უპასუხა და გამოუშვა ალბომი: Гангстер № 1.

2015 წელს მომღერალს უკრაინაში შესვლა აეკრძალა და სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

„მე ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვარ, პატივს ვცემ ჩემს პრეზიდენტს და ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სამართლიანი მგონია. მას ვენდობი, პატივს ვცემ და ვაფასებ“, - განაცხადა ლეპსმა.

„მხარს ვუჭერ თუ არა იმას, რაც ყირიმში მოხდა? - ეს ორაზროვანი კითხვაა, რუსეთისთვის, ალბათ, მომგებიანია ყირიმი ჰქონდეს, თუმცა, რადგან ჩვენმა პრეზიდენტმა ეს გადაწყვიტა, ესე იგი, ასეც უნდა იყოს“, - განაცხადა მომღერალმა ყირიმის ანექსიაზე.

უცხოური მედიის ცნობით, მიმდინარე მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინა მომღერლის ფინანსურ მდგომარეობაზე, პუტინის სიყვარული მომღერალს ძალიან ძვირად დაუჯდა... ლეპსის ქონების ძირითადი ნაწილი ამერიკისა და ბრიტანეთის ბანკებში ინახებოდა, სანქციების დაწესების შემდეგ კი ეს ქონება დაყადაღებულია. სანქციების შედეგად გრიგორი ლეპსმა, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ პუტინის საყვარელი მომღერალი საქართველოშიც იმყოფებოდა და კონცერტი ორჯერ გამართა.