"ეტყობა აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გამოყვანას - ჩემთვის დღის წესრიგში რჩება მისი საზღვარგარეთ გაყვანა" - კვირის პალიტრა

"ეტყობა აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გამოყვანას - ჩემთვის დღის წესრიგში რჩება მისი საზღვარგარეთ გაყვანა"

დღის წესრიგში ჩემთვის, რა თქმა უნდა, რჩება საზღვარგარეთ გადაყვანა - ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას კლინიკა “ვივამედთან“ განაცხადა, სადაც არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა სწორედ დღეს მოხდება.

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილმა წონაში დაიკლო და უჭირს სიარული.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის დედამ აღნიშნა, სააკაშვილის მკურნალობა საქართველოში იმ დიაგნოზებით, რაც მას აქვს, შეუძლებელია.

„დღის წესრიგში ჩემთვის, რა თქმა უნდა, რჩება საზღვარგარეთ გადაყვანა. ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი გახდება. ვხედავ, რომ ადამიანი სუსტად არის, წონა დაკლებული აქვს, სიარული უჭირს.

მე ამ კლინიკაზე [ვივამედი] კარგის მეტი არაფერი გამიგია. ნაწილობრივ მაინც, მისი მდგომარეობის გამოკვლევა უნდა მოხდეს. ვიცი, რომ ბევრი დიაგნოზი აქვს და ყველა ამ დაავადების აქ განკურნება, არა მარტო ამ კლინიკაში, საერთოდ საქართველოში, რამდენადაც ვიცი, არ შეიძლება. ამიტომ არის აუცილებელი, მისი გაყვანა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილთან სასწრაფო დახმარების მანქანა, სავარაუდოდ, უკვე მივიდა.

„ყური მოვკარი, რომ სასწრაფო მივიდა. ეტყობა აპირებენ მის გამოყვანას. იმ დღევანდელი დღის არ იყოს, შეიძლება ვინმე სხვა გამოჰყავთ, არაფერია გამორიცხული“, - აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში” ტრანსპორტირება დღეს მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"