"უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა შეიზღუდება - ომის ესკალაციისათვის თავის არიდების მიზნით“ - კვირის პალიტრა

"უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა შეიზღუდება - ომის ესკალაციისათვის თავის არიდების მიზნით“

"ვაშინგტონი უკრაინას მილიარდობით დოლარის იარაღს აწვდის, მძიმე არტილერიის, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ჩათვლით და ამას აკეთებს ყველას დასანახად - საჯაროდ აქვეყნებს ამ იარაღის დასახელებებს, თითოეული ვაზნის რაოდენობითაც კი. მაგრამ იმავდროულად ამერიკა სიფრთხილეს იჩენს, როცა საქმე ეხება უკრაინის დასახმარებლად და წარმატების მისაღწევად ომში შეტანილ სხვაგვარ წვლილს - სადაზვერვო მონაცემების გადაცემას“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა შეიზღუდება - ომის ესკალაციისათვის თავის არიდების მიზნით“ (ავტორები - შეინ ჰარისი და დენ ლემოთი).

როგორც გაზეთის ჟურნალისტებს ამერიკელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აცნობეს (ანონიმურობის გათვალისწინებით), ინფორმციები რუსეთის ჯარების დისლოკაციასა და მათი მოძრაობა-გადაადგილების შესახებ უკრაინის შესაბამის თავდაცვით ორგანოებს ონლაინ-რეჟიმში, განუწყვეტლივ მიეწოდება, მაგრამ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამ მიზეზით დაძაბულობის გაღრმავების თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სადაზვერვო მონაცემების გადაცემის (გაცვლის) წესი, რომელიც ითვალისწინებს ორ მნიშვნელოვან აკრძალვას იმ მონაცემებზე, რომელთა მიწოდება ამერიკას უკრაინისთვის არ შეუძლია.

პირველ რიგში, ეს ეხება იმ ინფორმაციას, რომლის მეშვეობით უკრაინელებს რუსეთის არმიის სარდლობის წარმომადგენლების ლიკვიდირების შესაძლებლობა ექნებათ. ამ კატეგორიაში შედიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

მეორე აკრძალვა ეხება ისეთ ინფორმაციას, რომელიც უკრაინას დაეხმარება რუსეთის არმიის იმ სამიზნეებზე შეტევის განხორციელებაში, რომლებიც უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ. ეს წესი ნაწილობრივ განკუთვნილია იმისთვის, რომ აშშ იმ სამხედრო მოქმედებებისა და შეტევების მხარე (მონაწილე) არ გახდეს, რომლებსაც უკრაინის არმია რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს.

ამას ისიც ემატება, რომ ამერიკა დაიცავს იმ აკრძალვასაც, რომელიც უკრაინისთვის "მიზნობრივი ინფორმაციის“ გადაცემას ეხება. მაგალითად, ინკოგნიტო ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის არმიისათვის აკრძალულია იმ მონაცემების გადაცემა, თუ სად, რა ადგილზე იქნა შენიშნული კონკრეტული რუსი გენერალი, რომ უკრაინელებმა მის მიმართ დარტყმა ვერ განახორციელონ.

თუმცა ამერიკის შეერთებული შტატები კიევს მაინც მისცემს ინფორმაციებს რუსეთის არმიის ქვედანაყოფების სამეთაურო და მართვის პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც უკრაინას თავდაცვისათვის დაეხმარება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ