"ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა" - კვირის პალიტრა

"ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა"

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის აქტიური რეზერვის პროგრამა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. 18-დან 51 წლამდე მოქალაქეები ნებაყოფლობით ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებენ და გარკვეულ ანაზღაურებასაც იღებენ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ტერიტორიული (ტოტალური) თავდაცვის სახელმწიფო პროგრამა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ თემაზე რეზერვისტ ზაირა მიქატაძეს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ვიყავი ჩართული და ქართული ჯარი ჩემ თვალწინ იქმნებოდა, ვითარდებოდა. მაშინ რომ გამჩენოდა ჯარისკაცობის სურვილი, კიდეც გავხდებოდი, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩემი მომავალი პროფესია ყველაფერს მერჩია. აფხაზეთის ომშიც ჩემი პროფესიით მოვხვდი, თორემ იარაღთან შეხება საერთოდ არ მქონია..."

miqatadze-axvlediani-copy-1652336036.jpg

"მაშინ ვინ იცოდა ომის კანონი და როცა საბრძოლო მოქმედებების ადგილებზე გავდიოდით, მეომრებისგან განმასხვავებელი სამოსის ნაცვლად, მეც სამხედრო ფორმა მეცვა, "სატინის" ქსოვილისგან შეკერილი. ომის შემდეგ იგი ჩემი წარსულის რელიკვიად იქცა და სასოებით ვინახავდი, სანამ მეზობლის ბიჭმა არ მთხოვა მიმეცა, რომელიც ჯარში ახალგაწვეული იყო. ჯარისკაცს ფორმა არ ჰქონდა და როგორ დავუკავებდი?! ასე რომ, მე ჩაუცმელ ჯარსაც მოვესწარი. აფხაზეთის ომში ბიჭები რომ სამოქალაქო ტანსაცმლითა და საკუთარი ჯინსის შარვლებით იბრძოდნენ, ამაზე აღარაფერს ვამბობ..."

"საკუთარი ჯარის იმიჯზე ფიქრი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც მე აფხაზეთის ომში წასვლა მაიძულა. პატარა გოგო არ ვყოფილვარ, 22-23 წლის გახლდით, მაგრამ მაინც რთული აღმოჩნდა ომის კადრების ნახვა და აღწერა. ჩემს კალამს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: მეწერა ახალბედა ქართული ჯარის რეპუტაციის შემლახავი დეზინფორმაციის წინააღმდეგ და გადმომეცა ომის ისტორიები.

zaira-1652336077.jpg

"მძარცველებისა" და "ყაჩაღების" ნაცვლად იქ ვნახე თავგანწირვითა და სიმამაცით გამორჩეული ქართველი მეომრები. როცა ამდენ თავდადებულ მებრძოლს ვხედავდი, საკუთარ სიცოცხლეზე ფიქრის მრცხვენოდა. ამ ომში იმდენი მეგობარი დავკარგე, არსებობა უაზრობად მეჩვენებოდა, მაგრამ ისევ და ისევ მათი სახელებისა და საქმეების უკვდავსაყოფად ძალები მოვიკრიბე და ცხოვრება გავაგრძელე. მუდმივად ვეძებ უსახელო გმირებს..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

გელა მამულაშვილი