"ახლა დავდინჯდი, თორემ მაშინ ნამდვილი სვანის ხასიათი მქონდა..." - კვირის პალიტრა

"ახლა დავდინჯდი, თორემ მაშინ ნამდვილი სვანის ხასიათი მქონდა..."

ეთერ ლიპარტელიანი - ევროპული "ბრინჯაოს" პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი

ქართველ სპორტსმენებს შორის მსოფლიოს რეკორდი პირველმა მძლეოსანმა ნინო დუმბაძემ დაამყარა. პირველი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები სახელოვანი ფალავნები - დავით ციმაკურიძე და გივი კარტოზია იყვნენ, ხოლო ჩვენს დიდოსტატებს შორის პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი გახდა. გავა დრო და ამ ლეგენდებთან ერთად, წლების შემდეგ ლენტეხელ გოგონას - ეთერ ლიპარტელიანსაც გაიხსენებენ. ახლახან სოფიაში გამართულ ევროპულ ჩემპიონატზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ქართველ მანდილოსან ძიუდოისტებს შორის პირველმა დაიკავა ადგილი ჩემპიონ-პრიზიორთა კვარცხლბეკზე.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აღვიქვი ჩემი შედეგი. მედალი რომ გადმომცეს, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მაინც დამრჩა: მე ოქროსთვის ვიყავი განწყობილი და თავიდან კარგადაც დავიწყე ტურნირი. სტარტზე პოლონელ არტელა პოდოლაკს მოვუგე ვაზარით.

შემდეგ ძალიან გამოცდილი ფრანგი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, პრისცილა ნიეტო დავამარცხე იპონით. მაგრამ მომდევნო შეხვედრაში მეორე ფრანგთან, ოლიმპიურ ჩემპიონ სარა ლეონესთან წავაგე. მართალია, ჩემპიონატი ჩეხ ვერა ზემანოვასთან ისევ იპონზე გამარჯვებით დავასრულე, მაგრამ ეს მხოლოდ ბრინჯაოსთვის მეყო. იმედი მაქვს, მომავალში ოქროს მედალსაც დავეუფლები..."

"დედაჩემიც სასტიკი წინააღმდეგი იყო, - გოგო და ძიუდო ვის გაუგონიაო?! სამაგიეროდ, მამა მიჭერდა მხარს: შენ თუ გინდა, იჭიდავეო. მეც მეტი რაღა მინდოდა?! ბავშვობაში ისედაც ახტაჯანა ვიყავი. ეს ახლა დავდინჯდი, თორემ მაშინ ნამდვილი სვანის ხასიათი მქონდა..."

"თავიდან ლენტეხში დავიწყე ვარჯიში. მერე ბიძაჩემმაც რომ დაინახა ჩემი მონდომება, რუსთავში წამომიყვანა და საკუთარი შვილივით მზრდიდა. ყოველდღე თბილისში დავყავდი სავარჯიშოდ. ათი წლის ვიყავი, საკმაოდ ჯიუტი, მაგრამ ეტყობა, მიზანი მქონდა და არ ვზარმაცობდი, დიდ სპორტზე ვფიქრობდი..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 12 მაისის ნომერში წაიკითხავთ.

გოგი ფრანგიშვილი