"მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ" - კვირის პალიტრა

"მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ"

თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში პირველად საუბრობს თავისი პოზიციის დეტალებზე. ვინ იყო თენგიზ ცერცვაძის კრიტიკის მთავარი ადრესატი, ჯანდაცვის მინისტრის რომელმა განცხადებებმა გამოიწვია მისი უკმაყოფილება და როგორ აფასებს ის ახალი ჯანდაცვის მინისტრის პოლიტიკას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს ესაუბრა.

- თქვენი 15-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, უკვე მეორედ გავრცელდა ინფორმაცია თანამდებობიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. ამჯერად, წასვლის მიზეზად თქვენ უსაფუძვლო ცილისწამებებს და ბრალდებებს ასახელებთ. რამ გამოიწვია თქვენი განცხადება, ვინ იყო ადრესატი - ჯანდაცვის ახალი მინისტრი, რომელიც პანდემიის დროს კლინიკების მენეჯმენტის მხრიდან თანხების არამიზნობრივ გამოყენებაზე საუბრობს, თუ კრიტიკოსები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის კლინიკური მართვის ხარვეზებზე მიუთითებენ?

- კლინიკური მართვის ხარვეზებზე კამათი და დისკუსია ბევრჯერ იყო, თუმცა ეს არასდროს ყოფილა ისეთი დონის მიზეზი, რომ თანამდებობიდან წასვლაზე გამეკეთებინა განცხადება. მრავალი წელია, რაც ექიმად ვმუშაობ. ვიცი, რომ ცხოვრებას უსამართლო ბრალდებების, ცილისწამების და რთული მომენტების გარეშე ვერ გაივლი. ამ შემთხვევაში, ბრალდება იმდენად უსაფუძვლო და უზნეო იყო, რომ ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა, საღ აზრს იყო აცილებული და რაღაც მომენტში, კონტროლი დავკარგე. ჩემი კრიტიკის მთავარი ადრესატი იყო გაზეთი „რეზონანსი“ და მასში გამოქვეყნებული, ზვიად ტომარაძის ინტერვიუ, ამასთან, მისი მიმდევრების კომენტარი. ძალიან მძიმე ბრალდება იყო, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ, ე.წ. სამმა მუშკეტერმა მილიარდი ლარი მივითვისეთ. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ სიცოცხლეში ერთი ლარიც კი არ ამიღია არაკანონიერად, პაციენტისგან ერთხელაც კი არ ამიღია ჰონორარი!

როდესაც ჩვენ მილიარდის გაფლანგვას გვაბრალებენ, ამას საფუძველი თუ არა, ეჭვი მაინც უნდა ჰქონდეს. ჩვენ, ადამიანებმა, მთელი პანდემიის სიმძიმე საკუთარ კისერზე გადავიტანეთ, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალური ყოფილიყო. უამრავი ადამიანი გვყავს გადარჩენილი. ბრალს იმაში კი არ გვდებენ, რომ პაციენტებს ცუდად ვმკურნალობდით, გვაბრალებენ, რომ პაციენტები კლინიკებში ჩავხოცეთ! ტომარაძე და მისი მიმდევრები მოითხოვდნენ, რომ არათუ დავესაჯეთ, არამედ დავეხოცეთ, საფლავში ჩაგვდონ არა ჩვეულებრივი გზით, არამედ - წამებით. ეს ყოფილა მარგინალური კატეგორია, ბნელეთის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, დაარწმუნონ ადამიანები, რომ ქვეყანაში საშინელება ხდება, ექიმები შეგნებულად კლავენ ადამიანებს, მილიარდს ფლანგავენ. ასევე, ამბობენ, რომ კოვიდი არ არსებობს. ყველამ იცის, თუ რას წარმოადგენს ეს კატეგორია. საზოგადოების უმეტესი ჯანსაღი ნაწილისგან მივიღე რჩევა, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს ყურადღება არ უნდა მივაქციო.

გარდა ამისა, ჩემი განცხადების პირდაპირი ადრესატი მინისტრი არ ყოფილა, თუმცა, მის მიმართ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა. მაშინ, როდესაც მინისტრმა მილიარდის და ცარიელი საწოლების თემა გააჟღერა, არ განმარტა, თუ ვინ იყო ბრალდების ადრესატი, არ განმარტა, სად წავიდა ეს მილიარდი - საქმეში დაიხარჯა, თუ გაიფლანგა. ჯერ არ იყო დასრულებული კვლევა იმისთვის, რომ ეთქვა, კონკრეტულად ვინ და როგორ დახარჯა. ამ ყველაფრის წინასწარ გაჟღერებით ინსინუაციების საბაბი მისცა ტომარაძეს და მსგავს ადამიანებს. როდესაც გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, როდესაც მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ.

- როგორ ფიქრობთ, მაინცდამაინც თქვენ რატომ გახდით მძიმე ბრალდებების სამიზნე გაზეთ „რეზონანსის“, ბ-ნი ზვიად ტომარაძის და როგორც თქვენ ამბობთ, „მისი მიმდევრების მხრიდან“ მაშინ, როდესაც არც მინისტრის მხრიდან და არც სხვებისგან უშუალოდ თქვენზემინიშნება არ ყოფილა?

- მინდა გიპასუხოთ მიხეილ ქვლივიძის ცნობილი ლექსიდან „არა! ქართველთა გზა როდია ასე იოლი: თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება.“ ჩვენში ლამის წესად იქცა იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც ცდილობს ქვეყნისთვის სიკეთე გააკეთოს. მახსოვს, თავის დროზე ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ისეთი უალტერნატივოდ წარმატებული პროექტისთვის, როგორიცაა C ჰეპატიტის ელიმინაცია, რომელმაც სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, საქართველოში 80 ათასი ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა. ახლაც გაზეთ „რეზონანსისთვის“, ბ-ნი ტომარაძისთვის და მისი მრევლისთვის და მათი მსგავსი ადამიანებისთვის აბსოლუტურად სულერთია, რა გაქვს გაკეთებული - უდიდესი სიკეთე, თუ დიდი ბოროტება. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტ სიბინძურეში დაგვადანაშაულონ და შენი ჩაქოლვა მოითხოვონ. ამისთვის კი მათ, რაც შეიძლება ცნობადი ადრესატები სჭირდებათ და ალბათ, ჩვენ ე.წ. „მუშკეტერები“ შესაფერის სამიზნედ ჩაგვთვალეს. სხვა ახსნა მე არ მაქვს.

- საბოლოოდ, თქვენ თქვით, რომ რჩებით თანამდებობაზე, თუმცა პირველმა განცხადებამ, რომელშიც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიციიდან შესაძლო წასვლაზე საუბრობდით, გააჩინა განცდა, რომ ერთგვარად ნაწყენი და გაბრაზებული ხართ ჯანდაცვის ახალ მინისტრზე. რამდენად არის ეს ასე და აქვე - ხომ არ გქონიათ მინისტრთან პირისპირ კომუნიკაცია თქვენი განცხადების შემდეგ? რამდენად ამოწურულია საკითხი, რაც სავარაუდოდ, აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა?

- კომუნიკაცია იყო. მე მინისტრთან არც მანამდე და არც შემდეგ სერიოზული უთანხმოება არ მქონია, პირიქით თანამოაზრეები ვიყავით, მე მას გვერდში ვედექი ყველა დიდ წამოწყებაში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. მე მაინც დამრჩა ხინჯი, კერძოდ, რატომ გააკეთა მინისტრმა განცხადება დაზუსტების და ზუსტი ადრესატის მინიშნების გარეშე? მინისტრიც ადამიანია. მე არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი მომეწონა, რაც მან თქვა.

- ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა სისტემაში გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყო, მათ შორის დაიწყო კლინიკების შემოწმება და მათ მიერ გახარჯული თანხების მონიტორინგი. როგორ აფასებთ ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ხედვებს, რომელიც მას სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით გააჩნია...

- თუ არ ჩავთვლით, მინისტრის ბოლო გამონათქვამებში არსებულ უზუსტობებს, რომელიც სამწუხაროდ, ინსინუაციების მიზეზი გახდა, ყველა მის წამოწყებას დადებითად ვაფასებ, უფრო მეტიც, მე მხარდამჭერი და ბევრი მის მიერ გაკეთებული წამოწყების უშუალო მონაწილე ვიყავი. მინისტრის მხრიდან ძალიან დიდი წამოწყებაა მედიკამენტების გაიაფება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რაციონალიზაცია, ხარჯეფექტური პროგრამები, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერში მხარი არ დავუჭირო? ყველაფერში გვერდში ვედექი და დავუდგები, თუმცა მისი ცალკეული გამონათქვამები მიუღებელი იყო. გააგრძელეთ კითხვა