"უკრაინის კონფლიქტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გეოპოლიტიკურ ძვრას დააჩქარებს" - The Economist - კვირის პალიტრა

"უკრაინის კონფლიქტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გეოპოლიტიკურ ძვრას დააჩქარებს" - The Economist

ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ "ეკონომისტის“ (The Economist) 11 მაისის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით "უკრაინის კონფლიქტი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გეოპოლიტიკურ ძვრას დააჩქარებს" (ავტორი - ჯოუ ბო, გადამდგარი პოლკოვნიკი, ჩინეთის სინჰუას უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

"თუ ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, მაშინ ითვლება თუ არა ჩემი მეგობრის მტერი ჩემს მტრადაც? კაცმა რომ თქვას, აუცილებელი არაა, რომ ასე იყოს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე თვლის ჩინეთი, როცა საკითხი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეხება. ერთი მხრივ, ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, მეორე მხრივ - პეკინი უკრაინის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩინეთს დიდი ძალისხმევა უწევს, რომ ბალანსი შეინარჩუნოს თავის რეაგირებაში ორ მეგობარ-პარტნიორს შორის მიმდინარე კონფლიქტის მიმართ. პეკინი ხაზს უსვამს, რომ მას მშვენივრად ესმის "რუსეთის საფუძვლიანი შეშფოთება“ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმავდროულად აქცენტს აკეთებს "ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის აუცილებლობაზე“.

ასეთი გულდასმით აწონილ-დაწონილი ჩინური ნეიტრალიტეტი რუსეთ-უკრაინის ომისადმი, ალბათ, დაპირისპირებულ მხარეებს - კიევს და მოსკოვს - მაინცდამაინც არ მოსწონთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორივეს ესმის ჩინეთის მდგომარეობა: თუ პეკინი მიუერთდება დასავლეთის პოზიციას და მკაცრად დაგმობს რუსეთის მოქმედებას, ჩინეთის ასეთ ნაბიჯს, რასაკვირველია, აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები სიხარულით შეხვდებიან... მაგრამ ამ შემთხვევაში პეკინს მოსკოვთან პარტნიორული ურთიერთობა გაუწყდება - გავა ცოტა დრო და ამერიკა ჩინეთს კვლავ ზეწოლას დაუწყებს. ყველასათვის ცნობილია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა პეკინთან მიმართებით, რაც "უკომპრომისო მეტოქეობაში“ გამოიხატება, ომთან მიახლოებულში.

უეჭველია, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა ჩინეთის ინტერესებს წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა, მისი ინიციატივის "ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ევროპული პროექტის ჩათვლით. მაგრამ პეკინი გაგებით ეკიდება მოსკოვის მტკიცებას, რომ კონფლიქტის მთავარ მიზეზს აღმოსავლეთით ნატოს პერმანენტული გაფართოება წარმოადგენს - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ყველა რუსი ლიდერი, დაწყებული მიხეილ გორბაჩოვიდან, ამგვარი გაფართოების წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ალიანსს ნეგატიურ შედეგებზე აფრთხილებდნენ. რუსეთი დარწმუნებულია, რომ ნება არ უნდა მისცეს უკრაინას რეალურად დატოვონ "რუსული სამყარო და "დასავლურ სამყაროს“ შეუერთდეს, ანუ მოწინააღმდეგის ბანაკში გადავიდეს. თუ მოსკოვს ნატო ფრანკენშტეინად - ურჩხულად, მონსტრად - ეჩვენება, რომელიც თავის ძალებს ყველგან იკრებს, მაშინ ვლადიმერ პუტინი, ალბათ ფიქრობს, რომ იგი, უბრალოდ, ვალდებულია, რომ ეს მონსტრი შეაჩეროს.

ევროპის მომავლის წარმოდგენა მაინცდამაინც რთული არ არის. აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ე.წ. "სპეცოპერაცია“ წარუმატებლობას განიცდის. სწორედ ამიტომ რუსეთის ლიდერი მანამდე იბრძოლებს, სანამ იგი რაიმე გამარჯვებას არ მიაღწევს და ამას პათოსით არ გამოაცხადებს. ალბათ, ეს "გამარჯვება“ იმით იქნება გამოხატული, რომ უკრაინას იძულებულს გახდის ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიაროს, პირობას დაადებინებს, რომ ნატოს წევრობას მეტად აღარ მოისურვებს და დათანხმდება "დონეცკის რესპუბლიკების“ დამოუკიდებლად აღიარებას. თუმცა პრობლემური საკითხია - შეძლებს თუ არა რუსეთის ჯარი დონბასის გაკონტროლებას მას შემდეგ, რაც რეგიონის მთლიანი ტერიტორიის ოკუპირებას მოახდენს.

გაჭიანურებული საომარი მოქმედებები მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარის საფუძველს იძლევა - "ომი გამარჯვებამდე“, თუმცა ასეთი ვარიანტის თავიდან აცილება შესაძლებელია. სიტუაცია ნაწილობრივ ჰგავს ავღანეთში შექმნილ სიტუაციას 1980-იან წლებში, როცა იქ საბჭოთა ჯარი იბრძოდა: დასავლური ალიანსი, ამერიკა და მისი მოკავშირეები შეუჩერებლივ აწვდიდნენ იარაღს მოჯაჰედებს, რომლებმაც საბჭოთა არმიის ძალები და რესურსები გამოფიტეს.

მიმდინარე კრიზისის - რუსეთ-უკრაინის ომის წყალობით, ნატომ მაკრონისეული დიაგნოზი - "ტვინის სიკვდილი“ - გადაიტანა და აღორძინდა. ალიანსის წევრებმა რიგი გეგმები დასახეს და ძალისხმევა განახორციელეს ნატოს ძლიერების განსამტკიცებლად, მაგალითად, გერმანიამ. ირონია იმაში გამოიხატება, რომ რაც უფრო მეტად პოპულარული ხდება ნატო, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოება ექნება ევროპას. თუ ფინეთი ნატოს წევრი გახდება, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ ალიანსის ჯარები რუსეთის "ჩრდილოური დედაქალაქიდან“ - სანქტ-პეტერბურგიდან - ორ ნაბიჯზე აღმოჩნდება. კრემლმა უკვე გააფრთხილა ყველა, რომ ასეთი ნაბიჯი ბალტიის ზღვის "უბირთვო სტატუსს“ ჯვარს დაუსვამს. შესაძლოა კრემლის განცხადება ბლეფია, მაგრამ ვინ იცის, რას მოიმოქმედებს მოსკოვი? თუ ნატოს ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მაშინ რატომ აჯავრებს ვლადიმერ პუტინს? ევროპის უსაფრთხოება, რომელიც უკვე წარსულში დარჩა, მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით იქნება უზრუნველყოფილი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლაპარაკი მიდიოდა იმაზე, რომ რუსეთისა და ჩინეთის "განუსაზღვრელი“ პარტნიორობა, რომლის შესახებაც პუტინმა პეკინში ვიზიტის დროს განაცხადა, ალბათ, სამხედრო ალიანსად გარდაიქმნებაო. მაგრამ უკრაინის კონფლიქტმა დადასტურა, რომ მოსკოვისა და პეკინის ურთიერთდაახლოება ალიანსი არ არის. ჩინეთი რუსეთს არანაირ სამხედრო [და ეკონომიკურ] დახმარებას არ უწევს, პირიქით - პეკინმა ორჯერ გაუწია უკრაინას ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება, კვების პროდუქტების ჩათვლით და პირობა მისცა, რომ მშვიდობის მიზნით "კონსტრუქციულ როლს შეასრულებს“.

რუსეთ-ჩინეთის ასეთი "არაალიანსური“ დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამით ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა კომფორტულად, თავისუფლად იმოქმედოს. და იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი და რუსეთი "მრავალპოლარული მსოფლიოს“ იდეის ერთგულები არიან, "არაალიანსობა“ ორივეს აწყობთ - იმიტომ, რომ ისინი "მრავალპოლარულ მსოფლიოს“ თავისებურად, განსხვავებულად ხედავენ.

ერთი მხრივ, რუსეთს ნოსტალგია აქვს საბჭოთა იმპერიის აყვავების პერიოდის მიმართ (რომლის დაშლა ვლადიმერ პუტინმა "მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად“ შერაცხა). რუსეთი თავის თავს არსებული საერთაშორისო წესრიგის მსხვერპლად მიიჩნევს. მეორე მხრივ, ჩინეთმა დიდი მოგება მიიღო გლობალური ვაჭრობის იმ ნორმებით და წესებით, რომელიც დასავლეთმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნა. რუსეთისაგან განსხვავებით, პეკინი უკიდურესადაა დაინტერესებული არსებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით. სწორედ ამიტომ, იდეოლოგიური უთანხმოებისა და ზოგჯერ დაძაბულობის მიუხედავადაც კი, ჩინეთი დასავლეთთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს. შესაბამისად, არც პეკინს და არც დასავლეთს ამ კავშირების დარღვევა არ სურთ. აი, ასე განხვავდებიან ერთმანეთისაგან რუსული და ჩინური ხედვა "მრავალპოლარული მსოფლიოს“ მიმართ.

როგორ შეძლებს ამერიკა ერთდოულად ორივე თეატრისადმი ყურადღების მიპყრობას - ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისა და უკრაინის კონფლიქტის მიმართ, გაურკვეველი რჩება. ჯო ბაიდენს იმედი ჰქონდა, რომ თავის პოლიტიკას მოსკოვის მიმართულებით "სტაბილურ და პროგნოზულ“ საფუძველზე განახორციელებდა, რომ მეტი დრო ჰქონოდა ამერიკის სტრატეგიის რეალიზებისათვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში. უეჭველია, უკრაინის კონფლიქტი აშშ-ის ყურადღებას კიდევ უფრო მეტად მიიპყრობს და უდიდეს რესურსებს "ჩაყლაპავს“. აქედან გამომდინარე, კიევისა და მოსკოვის დაპირისპირებაში ვაშინგტონის თუნდაც ირიბი ჩარევა სულ უფრო მეტად დააზარალებს ჯო ბაიდენის ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრტეგიას, რომელსაც მაინცდამაინც ბევრი მომხრეც არ ჰყავს და არც ბევრი ინსტრუმენტები აქვს რეალიზებისათვის. საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჯო ბაიდენი უკრაინის კონფლიქტით დაკავებული. აშკარაა, რომ რეგიონში, სადაც ჩინეთი უმეტესი ქვეყნებისათვის უდიდეს სავაჭრო პარტნიორად ითვლება, ამერიკის მთავარი მოკავშირეებიც კი არ მოისურვებენ იმას, რომ თავიანთი ინტერესები ვაშინგტონს მსხვერპლად შეწირონ.

არის თუ არა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იმ მნიშვნელოვან "შემომაბრუნებელ“ მომენტად, რომელიც ახალი გლობალური უწესრიგობის დაწყებას გვამცნობს? მოარული ხმების თანახმად, როცა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ჯოუ ენლაის ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს იგი საფრანგეთის 1789 წლის რევოლიციაზე, მან უპასუხა, რომ ამაზე მსჯელობა ჯერ ძალიან ნაადრევიაო. თუმცა, სავარაუდოდ, უკვე ნაადრევი აღარ არის იმის თქმა, რომ უკრაინის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დააჩქარებს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ჩინეთს სულ უფრო ხშირად ვხედავთ მოვლენების ცენტრში და მან მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს - სიტუაციის ერთგვარი სტაბილიზატორის სახით. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ