ხარკოვთან კონტრშეტევა, დონბასთან თავდაცვის საპასუხოდ - უკრაინელები რუსეთის საზღვრისკენ იერიშზე გადავიდნენ... - კვირის პალიტრა

ხარკოვთან კონტრშეტევა, დონბასთან თავდაცვის საპასუხოდ - უკრაინელები რუსეთის საზღვრისკენ იერიშზე გადავიდნენ...

რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებების საერთო ფრონტის სიგრძე 700 კმ-ს აღემატება - ის იწყება ჩრდილოეთში, ხარკოვის მისადგომებიდან და მთავრდება სამხრეთში, მიკოლაევამდე არ მისული.

დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციებზე დაყრდნობით, სამხედრო ექსპერტები ამ ნახევარ-რკალური ფრონტის ხაზს, პირობითად 7 მიმართულებად ყოფენ.

პირველ, ხარკოვის მიმართულებაზე, სადაც ფრონტის ხაზის სიგრძე ას კმ-მდეა, თავმოყრილია რუსეთის შეიარაღებული ძალების 5 საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი.

მეორე, იზიუმის მიმართულება ყველაზე საშიშად ითვლება უკრაინელებისთვის, რადგან სულ რაღაც 60 კმ-ის სიგრძის ფრონტზე რუსმა ოკუპანტებმა 22 საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფს მოუყარეს თავი და მათი შეტევები სამხრეთით ვითარდება.

მესამე მიმართულება სევეროდონეცკისაა - 100 კმ ზე 19 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი უტევს.

პოპასნის, რუსული შეტევების მეოთხე მიმართულებაზე, ოციოდე კმ-ის სიგრძის ფრონტზე 7 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ცდილობს წინ წაწევას.

მეხუთე მიმართულების, დონეცკის ფრონტის სიგრძე 140 კმ-ს შეადგენს და იქიდან აღმოსავლეთისკენ შეტევას 20 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი ცდილობს, მაგრამ თითქმის წარუმატებლად, რადგან რვა წლის განმავლობაში უკრაინელებმა ამ მიმართულებაზე კაპიტალური თავდაცვითი ზღუდეები ააგეს და უკან ერთი ნაბიჯითაც არ იხევენ.

შეტევის მეექვსე მიმართულება ზაპოროჟიეს ემუქრება და აქ ფრონტის ხაზის სიგრძე 130 კმ-ს შედგენს.13 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი მზადაა სამხრეთიდან ჩრდილოეთ შეტევისთვის.

ბოლო, მეშვიდე მიმართულება ხერსონშია, სადაც ფრონტის ხაზის ყველაზე დიდი მონაკვეთია - 160 კმ, რომელზეც განლაგებულია მხოლოდ 7 რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფი, რაც არასაკმარისია დასავლეთით მიკოლაევზე და მით უმეტეს ოდესაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად.

2-surati-ruka-1652344684.jpg
რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე რუსი ოკუპანტების შეტევების შვიდი მიმართულება

რა თქმა უნდა, ზემოთ, მოყვანილი მონაცემები არ ასახავს აბსოლუტურად ზუსტ ციფრებს, მაგრამ ის მაინც იძლევა იმის წარმოდგენას თუ რა სიტუაციაა, დღეისათვის შექმნილი რუსეთ-უკრაინის ომში.

უკრაინელები უნდა უფრთხოდნენ ორ "ქვაბში" ანუ ალყაში აღმოჩენას.

პირველი, პატარა "ქვაბის" საშიშროება მაშინ წარმოიქმნება, თუკი ლისიჩანსკთან რუსი ოკუპანტები მაინც მოახერხებენ რკალის შეკვრას სევეროდონეცკის მესამე და პოპასნას მეოთხე, შეტევების მიმართულებების შეერთების შემთხვევაში.

მეორე, დიდი "ქვაბის" წარმოქმნისა და ბევრად კატასტროფულ მდგომარეობაში უკრაინული არმია მაშინ აღმოჩნდება, თუკი რუსული საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფები მეორე, იზიუმის მიმართულებიდან დაიწყებენ წარმატებული შეტევის განხორციელებას სამხრეთით, ხოლო დონეცკის, მეხუთე მიმართულებიდან კი გაიჭრებიან ჩრდილო-დასავლეთისკენ...

ამ ურთულეს შემთხვევაში ალყაში აღმოჩნდება აღმოსავლეთ უკრაინის ორი დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი - სლოვიანსკი და კრამატორსკი ათი ათასობით უკრაინელ სამხედროსთან ერთად...

მოწინააღმდეგემ რომ ვერ მოახერხოს მთელი ძალების კონცენტრაცია იზიუმის, სევროდონეცკის, პოპასნასა და დონეცკის მიმართულებებიდან შეტევების განვითარებაზე ალყების შესაკრავად, უკრაინის გენშტაბმა დაიწყო კონრშეტევითი ოპერაცია პირველ მიმართულებაზე - ხარკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.

ამ კონტრშეტევას რამდენიმე შორსგამიზნული ჩანაფიქრი აქვს.

პირველი - ვოვჩანსკისკენ იერიშით გავიდეს რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე.

მეორე - ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, ზურგიდან მიადგეს იზიუმს.

მესამე - კონტრშეტევების დაწყებით აიძულოს რუსი ოკუპანტები, რომ შეტევებიდან და ალყების შეკვრის ოპერაციებიდან დროებით მაინც გადავიდეს თავდაცვით მოქმედებებზე, რისთვისაც საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფების ზურგში გადასროლა მოუწევს, რაც ლოგიკურად შეანელებს ან საერთოდ ჩაახშობს დონბასში რუსული "ქვაბების" შექმნის საშიშროებას.

ჯერჯერობით უკრაინული გენშტაბის ჩანაფიქრი ამართლებს - უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაანთავისუფლეს ათზე მეტი დასახლებული პუნქტი, რომლებიც ორ თვეზე მეტია რუს ოკუპანტებს ჰქონდათ ოკუპირებული და ათიოდე კმ-ში მიუახლოვდნენ რუსეთის საზღვარს.

ამას წმინდა სამხედროს გარდა დიდი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ენიჭება - უკრაინელები ხედავენ რომ მათი არმია თავდაცვის შემდეგ შეტევაზეც გადავიდა და წარმატებებსაც აღწევს,ხოლო საზღვრისპირა მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები აფორიაქდნენ,რადგან ომი მათ ტერიტორიას უახლოვდება და ჭურვების აფეთქება ეხლა მათ სახლებსაც ემუქრება...

დღეს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან ათიოდე კმ-ში უკვე მიფრინდა "გრადის" რაკეტები და ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს...