უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა - კვირის პალიტრა

უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, "აზოვსტალში" 27 წლის ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაღუპულის დამ, ანა ბიგვავამ განუცხადა, ტერიტორიიდან ცხედრის გამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მისივე ინფორმაციით, ტატო ბიგვავა უკრაინის მოქალაქეა და ის „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხება.

უკრაინაში იმყოფებიან ბიგვავას მშობლებიც. ისინი უკრაინაში საცხოვრებლად აფხაზეთში ომის შემდეგ გადავიდნენ.

"ჩემი ძმა 2014 წლიდან იცავდა უკრაინას. ის ყოველთვის ამბობდა, უკრაინა და საქართველო უნდა დავიცვაო, რადგან ეს არ არის მარტო უკრაინის ომი. ძალიან არ გვინდოდა, რომ წასულიყო „აზოვში“ და ვეუბნებოდით, რომ ეს არ გაეკეთებინა, თუმცა გვეუბნებოდა - პატივი ეცით ჩემს გადაწყვეტილებასო. მეგობართან ერთად წავიდა „აზოვში“, რომელიც 2019 წელს აფეთქდა. ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი და ვთხოვდით, რომ წამოსულიყო, მაგრამ ახლა არ წამოვალო,- ამბობდა, ჩემს ძმაკაცზე უნდა ვიძიო შურიო",- განაცხადა გარდაცვლილის დამ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი თვის წინ ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

ოჯახს ცხედრის გადმოსვენება საქართველოში სურს. ის წარმოშობით ზუგდიდელია.

ინტერპრესნიუსი