"ძალა მეცლებოდა, დედა ხელებში მაკვდებოდა - ეს ყველაფერი "სიკვდილის თამაშებს" ჰგავდა" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "მარიუპოლის ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევა შეძლო", თუმცა... - კვირის პალიტრა

"ძალა მეცლებოდა, დედა ხელებში მაკვდებოდა - ეს ყველაფერი "სიკვდილის თამაშებს" ჰგავდა" - რას ჰყვება გოგონა, რომელმაც "მარიუპოლის ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევა შეძლო", თუმცა...

"ეს ყველაფერზე მძიმე იყო - სარდაფში ჯდომაზე, შიმშილზე, ქუჩაში დახოცილი ადამიანების ცქერაზე"

ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი, საიდანაც ბოლო დღეებია, შეფერხებით მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. ამის პარალელურად, იმის გამო რომ რუსეთი "აზოვსტალის" მეტალურგიულ ქარხანაზე დაბომბვას აგრძელებს, ქალები და ბავშვები თავშესაფრიდან ვეღარ გამოდიან. რამდენიმე დღის წინ, ინტენსიური იერიშების გამო, ასობით ადამიანი კვლავ მიწის ქვეშ, ბუნკერებში გადავიდა. იმ უკრაინელების თქმით, ვინც თავშესაფრიდან სასწაულებრივად გამოაღწია, უკვე არავინ იცის, კატაკომბებში შებრუნების შემდეგ როდის ნახავენ მზის სინათლეს და ჩაისუნთქავენ სუფთა ჰაერს...

რაფაელა კოშოვსკას გაუმართლა და დედამისთან ერთად, მარიუპოლის ჯოჯოხეთისთვის თავის დაღწევა შეძლო, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ წინ არაერთი "რუსული სიურპრიზი" ელოდა...

- მარტის დასაწყისიდან 14 აპრილამდე ბლოკადაში გავატარეთ... რამდენიმე შენობის სარდაფის გამოცვლამ მოგვიწია. მარცხენა სანაპიროს რაიონში ვცხოვრობდით, სადაც დავიბადე, მაგრამ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, გარშემო ყველაფერი ისე მოასწორეს, ჩემი ქალაქის ქუჩებს ვეღარ ვცნობდი და ვარაუდით დავდიოდი. აფეთქებებისგან ხეები ძირიანად იყო მოთხრილი, შენობები რამდენიმე ნაწილად დაყოფილი და ნანგრევებად ქცეული. ქუჩების დასახელებათა ნიშნების ნაწილი ჩვენებმა ჩამოხსნეს, ნაწილი ჭურვებს შეეწირა. ერთი თავშესაფრიდან მეორეში გაქცეულები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ეს სკოლის ან ბაღის ქუჩაა, ამ ნიშნით დავიმახსოვროთ-თქო, რადგან არ ვიცოდით, უკან დაბრუნებულებს, რა მდგომარეობაში დაგვხვდებოდა და, როგორც წესი, არასდროს გვხვდებოდა შეუცვლელი. ადამიანებს თავის სახლთან ქვეცნობიერი, შინაგანი ემოციური ბმა აქვთ... თავიდან ვცდილობდით, რომ იქვე ახლოს დავმალულიყავით, რათა საჭიროების შემთხვევაში სახლიდან თბილი პლედები, საკვები, მედიკამენტები გამოგვეტანა, ოღონდ ეს მანამდე იყო, ვიდრე ქალაქს მიწასთან გაასწორებდნენ. მერე ნანგრევებში საბუთებს ვეძებდით, რომ თუ გაგვიმართლებდა და სხვა ქვეყანაში გადასვლას შევძლებდით, ჩვენი იდენტიფიცირება შესძლებოდათ... თავიდან დღეებს ვითვლიდით, შემდეგ - კვირებს, ბოლო ხანებში კი იმას, თუ რამდენჯერ გადავურჩით სიკვდილს. მერე სათვალავიც ამერია, ალბათ - ათჯერ ან თხუთმეტჯერ... ყველაზე კარგად მახსოვს, რამდენი დღე ვიყავით უწყლოდ. შიმშილს ვითმენდით, უძილობასაც. მე და დედა ბეტონის ნანგრევებზე დადებულ ძველ კარზე ვიწექით, თხელ პლედზე. მეშინოდა, დედა არ გაყინულიყო, მაგრამ ჩემზე მაგრად ეჭირა თავი.

- თავშესაფარში ცეცხლის დანთების შესაძლებლობა არ იყო?

- ზოგან იყო, ზოგან - არა. ნესტი გახლდათ და არ ეკიდებოდა, ან ძალიან დაბალი სარდაფი იყო და შეიძლებოდა გავგუდულიყავით... ერთხელ, თავშესაფარში დიაბეტიანი ქალი გვყავდა, უბით დაჰქონდა პური და შაქარი. თავიდან ცოტა ამრეზით ვუყურებდით, როდესაც ვხედავდით, როგორ იყრიდა შაქარს პირში... მისი შვილები არ ჭამდნენ, მხოლოდ თითო ნაჭერ პურზე გადადიოდნენ, დედას უვლიდნენ. შემდეგ გვითხრეს, ინსულინი სახლში დაგვრჩა, კორპუსი დაბომბეს და გამოტანა ვერ მოვასწარით, რაც ჩანთაში გვქონდა, ამოგვეწურა და თუ არ ჭამა, მოკვდებაო... რამდენიმე კვირის შემდეგ თითქმის ყველაფრის მარაგი ამოგვეწურა. ბავშვები ტირილით იღვიძებდნენ - "დედა, მშია, პური მინდა"... მათთვის პურის მოსატანად დედები, დიდედები, ბებიები ქუჩაში იხოცებოდნენ ან რუსი სამხედროების ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ. თავიდან ვიღაცებს უმართლებდათ - ავტომატიანი რუსებისთვის "გადარბენას" - "პერებეჟკას" ასწრებდნენ, მერე ასეთი ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რადგან რუსები ყველგან იყვნენ...

პური და საკვები ქალაქში აღარ მოიპოვებოდა, ჩვენებს მოჰქონდათ და იმას ვინაწილებდით. ალბათ მეოცე ან ოცდამეერთე თავშესაფარში ვიყავით. კონსერვები ვიპოვეთ, თითქმის ერთი კვირა გამოვიზოგეთ. მერე ისევ მოგვაწოდეს ჩვენებმა პური, თევზის კონსერვი და ცოტა წყალი. ერთხელ, ისევ ტირილით გაიღვიძა 3 წლის ევგენიმ, შიოდა და დედას პურს სთხოვდა. დედამისი ცდილობდა, ბავშვი როგორმე დაეწყნარებინა. ძილი და სიმშვიდე ფუფუნება იყო, რადგან ინტენსიურად გვბომბავდნენ. ყოფილა შემთხვევა, ჭურვები იმ შენობისთვის დაუყრიათ, რომლის სარდაფშიც ვიყავით, აფეთქების წნევა სარდაფის კარსაც გლეჯდა, შენობას ერთბაშად ყველა კარს აცლიდა. თუ გაგვიმართლებდა, რამდენიმე გადარჩებოდა და იმ მხარეს მივიყუჟებოდით... ერთ ღამეს მშიერი პატარა ბიჭი ჩაბჟირდა, მას სხვა პატარებიც აჰყვნენ. უეცრად დიაბეტიანი ქალი ადგა და მათთან მივიდა, პური გაუნაწილა. ევგენის დედა უარობდა, - აქ ყველა გადარჩენისთვის ვიბრძვით, ალბათ ხვალ ისევ მოგვაწვდიან, არ არის საჭიროო, მაგრამ ქალმა პურის ამოღებაც ვერ მოასწრო, ისე დაესივნენ მშიერი ბავშვები... მე სიკვდილის არ მეშინია, ამაზე არ ინერვიულოთო, უთხრა. ორ დღეში კომაში ჩავარდა და ვეღარც გადარჩა... შვილები საცოდავად უყურებდნენ გარდაცვლილ დედას... თითქოს გულზე მარწუხივით მიჭერდა ტკივილი, ერთი გულიანი ტირილი ქვეყანას მერჩივნა, მაგრამ არ შეიძლებოდა, სისუსტე არ უნდა გამომეჩინა, მე კი არა, მისი შვილები ერეოდნენ ემოციებს და ერთმანეთს ჩახუტებულები ღამე ჩუმად ტიროდნენ...

რუსები უკვე სარდაფების "წმენდაზეც" გადავიდნენ. გვესმოდა, ქუჩაში როგორ გადასძახებდნენ ერთმანეთს - "აჩისტკა ნაჩინაეტსია" ("წმენდა იწყება")... საშინლად ჩაცმულები, დაუბანელები, სიგარეტს სარდაფში თავშეფარებულ ადამიანებს ართმევდნენ, მაგრამ მოსწონდათ, რომ შიშის ზარს გვცემდნენ...

იქიდან "აზოვსტალში" გადავედით, სადაც გამოსვლამდე დავყავით და ბოლო დღეებამდე შედარებით ნორმალური პირობები გვქონდა, მაგრამ არც იქ შეიძლებოდა დიდხანს დარჩენა. ყველა ეტაპს, რომლითაც მშვიდობიანი მოსახლეობა გაჰყავდათ, აფრთხილებდნენ, - შესაძლოა, რუსებმა ცეცხლი გახსნან, მზად უნდა იყოთო. ეს ყველაფერი "სიკვდილის თამაშებს" ჰგავდა, მაგრამ ჩვენ მაინც მივდიოდით, რადგან უკანდასახევი არ იყო. ვგრძნობდი, ძალა მეცლებოდა, დედა ხელებში მაკვდებოდა. ცოცხალ-მკვდრებს ვგავდით ფანტასტიკური ჟანრის ფილმიდან, რომლის პერსონაჟებმაც დანაღმულ ველზე უნდა გაიარონ, სამშვიდობოს გავიდნენ და გადარჩნენ. ასეც იყო.

"აზოვსტალის" გარშემო რამდენიმე რადიუსი დანაღმულია. რუსებმა ნაღმები დატოვეს ჩვენს დანგრეულ სახლებში, ქუჩაში დაგდებულ დამსხვრეულ მანქანებში, სარდაფებში, მაღაზიებში, იმ ადგილებში, რაც სკვერებისგან დარჩა... ამას თვითონ ამბობდნენ, - ეს იმისთვისაა, რომ "აზოველებმა" და სხვებმაც ჩვენთან შეუთანხმებლად აქაურობა არ დატოვონო. ყველას დასახოცად მზად იყვნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ქალი იყო, ბავშვი თუ მოხუცი.

- როგორ გამოაღწიეთ?

- ავტობუსით... იმ ზოლს გავყევით, რომელსაც წინ მიმავალი "უაზი" მიუყვებოდა. რამდენჯერმე გავჩერდით, 15-მდე ადამიანი ვიყავით. საიდანღაც სროლის ხმა ისმოდა და ვიგრძენი, არ მეშინოდა. არც დედას, არც სხვებს, თითქოს ყველანი შეგუებული ვიყავით სიკვდილს... არ ეშინიათ, აქ ყველანი გმირები და არარეალური არსებები არიან, - ირონიულად გაუღიმა მძღოლს რუსმა გამცილებელმა, რომელსაც ჩვენი განაწილება ევალებოდა. - დიახ, არ გვეშინია, ჩვენ უკვე ვნახეთ სიკვდილი და არაერთხელ მოგვკლეს თქვენებმაო, - უპასუხა ჩემ უკან მჯდომმა ქალმა. - თავი დაანებე, ცოდვები არიანო, - სთხოვა მძღოლმა გამცილებელს, რომელიც ისეთი სახით გვიყურებდა, მზად იყო, ყველანი ჩავეცხრილეთ. - სად არის თქვენი ნატო, რატომ არ გეხმარებათ?.. ან თქვენები სად არიან, მიგატოვეს, მშიერ-მწყურვალი, ისევ ჩვენების გამოსაყვანი გახდით, იქაც, რუსეთში ჩვენი საპატრონო ხართ... რაზე უნდა გელაპარაკოთ, ამერიკამ გონება აგირიათ, არადა, მარიუპოლი ძირძველი რუსული ქალაქია, იცით ეს?.. - არ ჩერდებოდა გამცილებელი და ჩვენს "წამოკიდებას" ცდილობდა. გაფრთხილებული ვიყავით, რომ "ფილტრაცია" იქნებოდა და ძალიან მშვიდად უნდა ვყოფილიყავით. კარგად არც ვიცოდით, რას ნიშნავდა ეს. ე.წ. ფილტრაციის ბანაკში ხელახლა შეგვამოწმეს, რაოდენობაც ხელახლა აღრიცხეს... - ზაპოროჟიე არ გამაგონოთ, მე ბრძანებას ვასრულებ, ყირიმისკენ!.. - გასცემდა ბრძანებას ვიღაც წითური კაცი. ჩვენს საბუთებს ფე-ეს-ბეს (რუსეთის უშიშროების სამსახური) თანამშრომლები აფორმებდნენ. "აზოვი", სამხედრო ან ძალოვანი არც ახსენოთ, - გვაფრთხილებდნენ თავად განაწილებაზე მყოფი თანამშრომლები, რომელთა არც წოდება ვიცი, არც ვინაობა. ორი დღე მოანდომეს განაწილებას. დედა ხელს არ მიშვებდა. ვიღაცებს რუსეთის ჩრდილოეთში სამსახურს, მანამდე ბინით უზრუნველყოფას, მატერიალურ დახმარებას სთავაზობდნენ, ვიღაცები დათანხმდნენ... ზოგს ჩემ თვალწინ ძალით მოაწერინეს ხელი. ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ ესტონეთში გველოდებოდნენ. ვიდრე ჩვენი ჯერი დადგებოდა, დედა ნერვიულობისგან ფეხზე ვეღარ იდგა... ბრეზენტის კარავში ჰქონდათ ფილტრაციის ბანაკი მოწყობილი. ფე-ეს-ბეს ოფიცერმა დაგვკითხა, რას ვგეგმავდით. გონიერი ხალხი ჩანხართ, იმედია, ვიღაცებს არ ხართ აყოლილი, რუსეთში გელოდებიან; შემდეგ, როცა ტერიტორია ბოლომდე გაიწმინდება, თუ სურვილი გაქვთ, ადვილად დაბრუნდებით და თქვენს ქალაქში იცხოვრებთ, მანამდე ყველაფერი უფრო კარგად აშენდება. ახლა გაივლით ყირიმს, ნახავთ, რა ლამაზია იქაურობა... - ჩვენ ესტონეთში გველოდებიან, - ღიმილით ვუთხარი. ის მე კი არა, დედას მიუბრუნდა: ვინ გელოდებათ?.. თქვენ რუსულენოვანი ქალბატონი ხართ, იქ კი რუსებს ვერ იტანენ. არ მითხრათ, რომ სხვა ენასაც ფლობთ; ნატოს გავლენით ესტონეთში ვძულვართ, რას ვიზამთ, სამართლიანობა მალე აღდგება, - გამომცდელად გვიყურებდა რუსი ოფიცერი. რუსეთში დამრჩენების სია და საბუთების ასლი ცალკე ედო, სხვების, ანუ ევროპაში ან საქართველოში წასვლის მსურველთა - ცალკე, და მათი რაოდენობა ბევრად ცოტა იყო. დედამ აკანკალებული ხელიდან საბუთები მეორეში გადაიტანა და უთხრა, - ესტონეთში ჩემი დისშვილი გველოდება. მე იშვიათი დაავადება მჭირს, ისედაც ვაპირებდი წასვლას ომამდე, ვერ მოვასწარიო... უეცრად ოფიცერმა უხეშად გააწყვეტინა, - მითხარი მისამართი და გვარ-სახელი, ვინ გელოდება. ჩემდა გასაკვირად, დედამ მისამართიც ზუსტად თქვა და ესტონელი სიძის გვარ-სახელიც. მერე მითხრა, - რომ არ დამვიწყებოდა, ავტობუსში მთელი გზა ვიზეპირებდიო... ოფიცერი ჩვენს მორალურად გატეხას ცდილობდა: - სინამდვილეში, ესტონეთში წასვლა იმიტომ გინდათ, რომ იქ ჩასულებმა რუსები ლანძღოთო... დედამ გააწყვეტინა, - არა, შვილო, ჩვენ საკმარისი სისხლი, ცრემლი და სიძულვილი ვნახეთ, ომია, არც რუსი მძულს, არც კაზაკი. თქვენი ბიჭები ლუკმას გვიყოფდნენ, პურს გვაწვდიდნენ, მაგრამ ახლა ჩვენი გზით უნდა წავიდეთო... ცრემლებს ვერ ერეოდა დედა. უცებ თვალწინ გამირბინა, ერთ პურს რომ გვაძლევდნენ 30 კაცს და სიცილით იხოცებოდნენ, - ტყვია რად გინდათ, მალე ტარაკნებივით ერთმანეთს დაერევითო. ჩვენი ხალხი კი, მართლა ლუკმას იყოფდა, ახალგაზრდები შიმშილს ვითმენდით, მოხუცებს რომ ეჭამათ... შენ საით, შენც ესტონეთში მიდიხარ? - ჰკითხა გაბრაზებულმა ოფიცერმა ჩემ უკან მდგომ ქალს, რომელსაც ორი ბავშვი ახლდა. - დიახ, ჩვენთან ერთად მოდის, - უპასუხა დედამ ახალგაზრდა გოგოს ნაცვლად... რუსი უფრო გაბრაზდა, - ახლა ყველაფერს დეტალურად შევისწავლი და თუ აღმოჩნდება, რომ იტყუებით, ბლოკადიდან პირდაპირ ციხეში გაგიშვებთო. სპეცსამსახურის თანამშრომლები შემოვიდნენ და რამდენიმე ხანს ითათბირეს... უმადურები ხართ, ნამდვილი "ხახოლები"! - დაიყვირა და ხელით გვანიშნა, გარეთ გადითო. საღამომდე ველოდით პასუხს. ეს დრო ყველაფერზე მძიმე იყო - სარდაფში ჯდომაზე, ბომბებზე, შიმშილზე, ქუჩაში დახოცილი ადამიანების ცქერაზე, შენობიდან გამოსულ არაადამიანურ ხმებზე, როცა მთვრალი რუსი სამხედროები ქალებს აუპატიურებდნენ და ვნატრობდი, ის რაღაც სამტონიანი ბომბები ჩამოეყარათ და ყველანი მიწაში ჩავეტანეთ... ოღონდ რუსეთში არა, დედა, ოღონდ იქ არა, - ვეუბნებოდი სრულიად გამოფიტულ დედას. - ცოცხლები მაინც ხომ გადავრჩებითო, - მპასუხობდა მიტკალივით გაფითრებული...

პური და რაღაც სასმელი დაგვირიგეს. საღამოს ავტობუსში ჩაგვსხეს, არ ვიცოდით, საით მივყავდით. მხოლოდ მოსკოვში ჩასვლის შემდეგ მივხვდით, რომ გადავრჩით. შემოვლითი გზებით, მაგრამ მაინც ბედნიერებმა ვიმგზავრეთ ესტონეთისკენ. უნდა ვთქვა - რამდენიმე რუსმა რომ გაიგო, უკრაინელები ვიყავით, ბოდიში მოგვიხადა, რაზეც დედამ თავისებურად ხისტად უპასუხა - იმის ნახევარი მაინც რომ იცოდეთ, რასაც თქვენი ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში აკეთებს, ბოდიში კი არა, ტანკებს გადაუდგებოდით, როგორმე უკრაინაში არ გამოგეშვათო...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"