"სააკაშვილის მდგომარეობა ნომერ პირველი პოლიტიკური პრობლემაა საქართველოსთვის" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მდგომარეობა ნომერ პირველი პოლიტიკური პრობლემაა საქართველოსთვის"

ვინც სახელმწიფოს არსზე დაფიქრებულა, დამეთანხმება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის არა მხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემა, არამედ დღეს, მოცემულ ვითარებაში, ნომერ პირველი პოლიტიკური პრობლემაა საქართველოსთვის, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საზოგადოების გაერთიანება შეუძლებელია და ეროვნულ ორგანიზმად ვერ ვიფუნქციონირებთ.

"სააკაშვილის მდგომარეობა მოცემულ ვითარებაში ნომერ პირველი პოლიტიკური პრობლემაა საქართველოსთვის, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმიტომ, რომ არის ქვეყნის ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივი ლიდერი. კომპრომისების საფუძველზე გაერთიანება შეუძლებელია, ეროვნულ ორგანიზმად ვერ ვმოქმედებთ, ვერ ვფუნქციონირებთ სწორედ ამ საკითხის გამო.

სანამ არ თქვა აშშ-ის ელჩმა, რომ ის ენდობა სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს და სწორედ იმ ექიმთა ჯგუფის მიერ უნდა წყდებოდეს ეს საკითხი, მანამდე თვეების განმავლობაში ხელისუფლება ყურს არ იბერტყდა. ახლა გადადგეს ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი იმიტომ, რომ ამბობდნენ, თითქოსდა პენიტენციური სისტემის ფარგლებში, რაც კი საქართველოში შესაძლებელია სამედიცინო მომსახურება, არაფერი არ აკლია სააკაშვილს. თუ ასეა, მაშინ ლოგიკური დასკვნაა, რომ საქართველოში არ ყოფილა ესე იგი საკმარისი სერვისი, რომ მისი მდგომარეობა არ უარესდებოდეს და რომ უარესდება, ეს თქვა ამ ექიმთა ჯგუფმა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ენდობა. ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ თუ საქართველოშია არა, მაშინ სადღაც სხვაგან იმიტომ, რომ საქართველოში ამის პირობები არ არის“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

გადაცემაში დავით დარჩიაშვილმა შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ ირაკლი კობახიძისა და "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებაც ისაუბრა.

დავით დარჩიაშვილის განცხადებით, მათ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთეს, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში ან ძალიან უსწავლელობის გამო ხდება ან რუსული ვექტორის მომხრეები არიან.

"ეს ადამიანები ან არიან პოლიტიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან უსწავლელები ან ღიად გაცხადებულად არიან რუსული ვექტორის მომხრეები. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ მათი ინტერესი ქართულია და არა რუსული და ამერიკული, ეს არის სისულელე, აბსურდი. როცა ორი დიდი ძალაა დატაკებული, საქართველოსნაირ ქვეყანას ნეიტრალიტეტის ფუფუნება არ შეიძლება ჰქონდეს. ვიღაცასთან ერთად უნდა იყო. უნდა აარჩიო რომელ ბანაკში ხარ, თუ არც იქა ხარ და არც აქ, ორივე ბანაკისგან მიიღებ დარტყმებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებაც დაახლოებით ასეთი იყო, გადაჰქონდა ისრები ამერიკისაკენ, თურმე ამერიკას უნდა, საქართველო ჩართოს ომში და ამის საშუალებაა ივანიშვილის ქონების დაყადაღება. ეს არის ან სრული უწიგნურობა, არ ცოდნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო საგარეო-პოლიტიკური ვექტორი არჩეული, ვის მხარეზე ხარ. კონსტიტუციაში გვიწერია, რომ პროდასავლურები ვართ, დაავიწყდა თავისივე ახალი რედაქციით შემუშავებული არ არის? ან ეს არის შეგნებული ტყუილი და მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ სინამდვილეში რუსულ თამაშს ვთამაშობთ. აირჩიოს ახლა რომელი ურჩევნია, უწიგნურობა თუ პრორუსული ორიენტაცია. მესამე რაიმე ახსნა ამას არ აქვს. არის კიდევ ერთი ახსნა. პიროვნულად ძალაუფლების შენარჩუნებაზე ჩაბღაუჭება. ეს ახასიათებს ივანიშვილს, მას პირველ რიგში თავისი ფული უნდა, მისი არიან ხელისუფლების ვითომ ხელმძღვანელები და ისინიც შეწუხდნენ“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"