"ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ..." - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ..." - რას წერს გია ხუხაშვილი

"ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდამჭერებში ცრუ იმედების შექმნა დიდი იმედგაცრუებით დასრულდება..." - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე, რითაც ეხმაურება ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარულ ბანკის, Credit Suisse-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

გთავაზობთ ექსპერტის პოსტს უცვლელად:

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ივანიშვილის სანქციების ქვეშ აღმოჩენის არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს.შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით მხარდამჭერებში ცრუ იმედების შექმნა დიდი იმედგაცრუებით დასრულდება. ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მიღების მიზნით, გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება.აქ საოცარი სხვა რამეა. თვითონ ხელისუფალმა რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის და მშვიდობის თემასთან დაკავშირების პარანოიდალური კამპანია წამოიწყო. მოკლედ, ერთმანეთს აგიჟებენ, გიჟდებიან და ჩვენც საგიჟეთში გვაცხოვრებენ…" - წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის,

6 მაისს ბიძინა ივანიშვილის დაქირავებულმა PR კომპანია Cision-მა განცხადება გაავრცელა, რომლითაც იუწყებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთ სასამართლო დავას იწყებდა შვეიცარიული ბანკის - Credit Suisse-ის წინააღმდეგ. მიზეზად კი ის დასახელდა, რომ ამ შვეიცარიული ბანკის დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ოპერაციები შეფერხდა და ივანიშვილმა ფინანსური ზიანი მიიღო.

PR კომპანიის თანახმად ერთ-ერთი ტრანზაქციის შესასრულებლად თანხმობა მხოლოდ ერთი თვის თავზე გაიცა. ოფიციალურ დასაბუთებაში კი მიზეზად "გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში" იყო მითითებული.

"ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, აქვს ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ საფრანგეთთან და საქართველოსთან, არ არის და არ შეიძლება იყოს დაკავშირებული სანქცირებული ორგანიზაციებისა და პირების სიასთან", - ეწერა Cision-ის განცხადებაში.

აღნიშნულ ვითარებას, სხავდასხვა შეფასება მოჰყვა ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრების მხრიდან.