პოლონეთის ორი ტრაგედია: ვითომ შემთხვევით უმართლებთ დიქტატორებს? - კვირის პალიტრა

პოლონეთის ორი ტრაგედია: ვითომ შემთხვევით უმართლებთ დიქტატორებს?

1943 წლის 4 ივლისის ღამის თერთმეტ საათზე გიბრალტარზე მდებარე ბრიტანეთის კუთვნილი სამხედრო ბაზიდან მძიმედ აფრინდა ბრიტანეთის სამხედრო–საჰაერო ძალების კუთვნილი სატრანსპორტო თვითმფრინავი “ B-24 Liberator AL 523”. 25 ტონიანი გიგანტი სიბნელეში გაუჩინარდა. ბორტზე იმყოფებოდნენ: პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, გენერალი სიკორსკი, პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი თადეუშ კლიმეცკი; პოლონეთის არმიის ოპერატიული სამმართველს უფროსი პოლკოვნიკი ანდჟეი მარეცკი; სიკორსკის ქალიშვილი და მდივანი სოფია ლესნევსკა; სიკორსკის ადიუტანტები ლეიტენანტი ადამ კულაკოვსკი და ლეიტენანტი იოზეფ პონიკევსკი; ასევე დიდი ბრიტანეთის არმიის წარმომადგენლები.

22-1652432444.jpg
ვლადისლავ სიკორსკი და თადეუშ კლიმეცკი (1942 წელი)

პოლონეთის პრემიერ–მინისტრი გიბრალტარის გავლით კაიროდან ლონდონში ბრუნდებოდა. გიბრალტარის აეროდრომიდან აფრენიდან ერთი წუთის შემდეგ თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ბორტზე 11 მგზავრი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა. ეკიპაჟის 6 წევრიდან დაიღუპა ხუთი.

33-1652432474.jpg
B-24 Liberator AL 523

ამ თვითმფრინავით სიკორსკი სისტემატურად დაფრინავდა და არასდროს ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია. ავიაკატასტროფაში ერთადერთი გადარჩენილი იყო ჩეხი ეროვნების მფრინავი ედუარდ პრჰალი (1911-1984).

44-1652432502.jpg
ედუარდ პრჰალი

მისი ჩვენების თანახმად, აფრენისთანავე მან თვითმფრინავი 40 მ სიმაღლეზე ჩამოწია, რათა სიჩქარე აეკრიფა. მაგრამ შტურვალი გაიჭედა და თვითმფრინავის ზღვაში ჩავარდა. ამავდროულად, პრჰალმა ვერ შეეძლო აეხსნა, რატომ ეცვა მაშველი ჟილეტი (რამაც ის გადაარჩინა) ამ რეისზე, თუმცა, როგორც წესი, ამას არასდროს არ აკეთებდა. ავიაკატასტროფის ადგილზე იპოვეს სიკორსკის ცხედარი (სხვების ცხედრები ვერ იქნა ნაპოვნი).

5-1652432535.jpg
ასე გამოიყურებოდა თვითმფრინავი კატასტროფის შემდეგ

სიკორსკის წინააღმდეგ მანამდეც რამდენჯერმე იყო ტერაქტის მცდელობა. 1942 წლის მარტში ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მიფრინავდა. ატლანტიკის თავზე თვითმფრინავში აღმოაჩინეს ბომბი საათის მექანიზმით. ტერაქტის შემსრულებელმა, რომელიც სიკორსკის გარემოცვიდან იყო, ბოლო მომენტში განაცხადა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ და მაშინ ტრაგედია თავიდან იქნა აცილებული. საინტერესოა, რომ ავიაკატასტროფამდე ათი დღით ადრე, ჯერ კიდევ 1943 წლის 23 მაისს, გაავრცელეს ხმები სიკორსკის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შესახებ. მაშინ ლონდონს შეფარებული პოლონეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი უვნებლად გადარჩა, თუმცა ამგვარი ინფორმაციის გავრცელების უკან ყოველთვის სპეცსამსახურების ხელწერა ჩანს. ალბათ მაშინ ვიღაცას სულსწრაფობამ სძლია და სასურველი – უკვე მომხდარად მოეჩვენა.

6-1652432585.jpg
სიკორსკის უკანასკნელი ფოტო, 1943 წლის 4 ივლისი.

ამ გარემოებამ 1943 წლის 4 ივლისის ავიაკატასტროფის ირგვლივ არსებული ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. თვითმხილველთა გამოკითხვით გაირკვა, რომ აეროდრომზე თვითმფრინავი ორი საათის განმავლობაში დაცვის გარეშე იყო მიტოვებული. ასაფრენ ზოლზე დარჩა რამდენიმე ნივთი, მათ შორის, საფოსტო ბარგი და არის ვერსია, რომ ეს ნივთები ვიღაცამ შეცვალა იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის სანაცვლოდ, რომელიც თვითმფრინავზე აიტანეს.

ავიაკატასტროფის გამოძიებამ ნათელი ვერ მოჰფინა ამ ტრაგედიის მიზეზებს. ვერსიები საკმაოდ ბევრი იყო: თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა, მფრინავის შეცდომა, დივერსია. განიხილებოდა სიკორსკის და მისი მხლებლების ხმელეთზე ლიკვიდაციის შესაძლებლობაც კი. ლონდონში მყოფმა პოლონეთის მთავრობამ უარი თქვა გამოძიების შედეგების აღიარებაზე, რადგანაც ავიკატასტროფის მიზეზი არ იყო დადგენილი.

სიკორსკის სიკვდილში ბრალს დებდნენ: გერმანელებს, დიდ ბრიტანეთს, საბჭოთა კავშირს და პოლონეთის ემიგრაციაში მყოფ მთავრობასაც. როგორც ყოველთვის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციის შემდეგ ხდება ხოლმე, მათ დეზინფორმაციაც უკვე გამზადებული ჰქონდათ.

სტალინმა 1944 წლის მაისში იუგოსლაველ პოლიტიკოსს მ. ჯილასთან საუბარში სიკორსკის სიკვდილში დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური დაადანაშაულა. მილოვან ჯილასი მოგონებებში წერს: „ . . . თქვენ, ალბათ, ფიქრობთ, რომ ჩვენ, თუ ბრიტანელების მოკავშირეები ვართ, დაგვავიწყდა ვინ არიან ისინი და ვინ არის ჩერჩილი? მათ არ აქვთ იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე მოკავშირეებს ავნონ.- პირველ მსოფლიო ომში ისინი გამუდმებით ღალატობდნენ რუსებსაც და ფრანგებსაც, და ჩერჩილი? ჩერჩილი ისეთია, თუ არ გაფრთხილდი, ჯიბიდან კაპიკსაც ამოგაცლის. . . . და რუზველტი? რუზველტი ასეთი არ არის - ის მხოლოდ უფრო დიდი ფულისთვის გაირჯება . . .

მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ტიტო სადაზვერვო სამსახურების მზაკვრობას, განსაკუთრებით ინგლისურს, უნდა ვუფრთხილდეს: - ბოლოს და ბოლოს, მათ მოკლეს გენერალი სიკორსკი, ... . .. რა არის მათთვის ტიტოსთვის ორი-სამი კაცის გაწირვა - საკუთარს არ ზოგავენ! სიკორსკის შესახებ კი - ბენეშმა მითხრა: სიკორსკი ჩასვეს თვითმფრინავში და მშვენივრად ჩამოაგდეს - არანაირი მტკიცებულება, არავითარი მოწმე. "სწორედ მათ მოკლეს გენერალი სიკორსკი თვითმფრინავში, შემდეგ კი ოსტატურად ჩამოაგდეს თვითმფრინავი - არც მოწმეები, არც კვალი" – სტალინმა რამდენჯერმე გაიმეორა ეს გაფრთხილებები “. (ციტატის დასასრული).

სიკორსკი იყო ემიგრაციაში მყოფი პოლონეთის მთავრობის ყველაზე ავტორიტეტული ლიდერი და მისი გარდაცვალება სერიოზული დარტყმა იყო პოლონეთისთვის. ახალმა პრემიერ–მინისტრმა მიკოლაიჩიკმა, როგორც მისმა შემცვლელმა არციშევსკიმ, ვერ შეძლეს საბჭოთა კავშირთან მოლაპარაკებების წარმართვა ომის შემდგომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრების დადგენის შესახებ. 1943 წლის აპრილიდან სტალინი არ ცნობდა ემიგრაციაში მყოფ პოლონეთის მთავრობას და ამიტომაც თეირანის და იალტის კონფერენციებზე პოლონეთის საკითხი თავად პოლონელების მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტეს.

1945 წლის აპრილში საბჭოთა კავშირმა მოსკოვში პოლონეთის ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა. დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების პროტესტის მიუხედავად ომის დასასრულს პოლონეთის ხელისუფლებაში მოვიდა საბჭოთა კავშირის მიერ დაკომლექტებული „დემოკრატიული“ მთავრობა, რომელმაც უსიტყვოდ მიიღო სტალინის ყველა მოთხოვნა. ასე რომ სიკორსკის გარდაცვალებით ყველაზე მეტად სტალინმა ისარგებლა.

ამ ავიაკატასტროფის თემა კვლავ აქტუალური ზუსტად ოცი წლის შემდეგ გახდა. 1963 წლის ივნისში ავიაკატასტროფის ყველა სხვა ვერსია დაივიწყეს და მხოლოდ ერთადერთი გახდა პრიორიტეტული – საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობა ავიკატასტროფაში. რატომ?

1963 წლის 23 იანვარს ბეირუთში გაუჩინარდა ინგლისური გაზეთის, „ობსერვერის“ კორესპონდენტი კიმ ჰაროლდ ფილბი. ივნისში კი ცნობილი გახდა, რომ ის მოსკოვში იმყოფებოდა და ამით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ფილბი საბჭოთა აგენტი იყო. ეს იყო მსოფლიო დონის სენსაცია! მაგრამ რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა კიმ ფილბის გიბრალტარში მომხდარ ავიაკატასტროფასთან?

7-1652432720.jpg
კიმ ფილბი

ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ 1943 წლის 4 ივლისს კიმ ფილბი გიბრალტარში იმყოფებოდა. . . . გასათვალისწინებელია, რომ ფილბიმ მი–6 ში კარიერა დაიწყო "სპეციალური ოპერაციების" განყოფილებაში, რომელიც დაკავებული იყო დივერსიებით. ამიტომ მისთვის რთული არ იქნებოდა სიკორსკის თვითმფრინავის მართვის სისტემის დაზიანება. სიკორსკის სიკვდილის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის „გაწითლება“ სტალინს უფრო გაუმარტივდა.

დღემდე ეს ტრაგედია ბურუსითაა მოცული და ბევრს მაიჩია, რომ ეს ავიაკატასტროფა არ იყო უბედური შემთხვევა. პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა, გენერალ სიკორსკის მემკვიდრეების თანხმობით, 2008 წლის ნოემბერში მოახდინეს გენერლის ცხედარის ექსჰუმაცია, რათა დაედგინათ გარდაცვალების ნამდვილი მიზეზები. გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრემიერ– მინისტრი გარდაიცვალა სიმაღლიდან ჩამოვარდნისთვის დამახასიათებელი მრავლობითი დაზიანებებით ( მოტეხილი ჰქონდა ნეკნები, ხელები, ფეხები, ხერხემალი და თავის ქალა). დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ ექსპერტებმა ტყვიით მიყენებული ჭრილობების, დახრჩობის ან მოწამვლის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამის შემდეგ ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი აპირებს შეისწავლოს უშუალოდ ავიაკატასტროფის მიზეზები, მათ ეჭვი აქვთ, რომ ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევა კი არა, არამედ დივერსიის შედეგი იყო. თუმცა საეჭვოა, რომ თითქმის ოთხმოცი წლის შემდეგ ამის დადგენა მოხერხდეს. ასე რომ უმართლებთ დიქტატორებს.

(მეორე ნაწილის დასასრული)

იხილეთ პირველი ნაწილი