ჰყავდა თუ არა სტალინს ორეულები და ვინ იყვნენ ისინი? - კვირის პალიტრა

ჰყავდა თუ არა სტალინს ორეულები და ვინ იყვნენ ისინი?

საბჭოთა დიქტატორის გულის მოგება ძნელი საქმე იყო და არც ორეულებს უმართლებდათ. სტალინი თავად აფასებდა მსგავსებას და საბოლოო გადაწყვეტილებასაც თვითონ იღებდა. სხვადასხვა ვერსიით მას რამდენიმე ორეული ჰყავდა. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით საიდუმლო გადაწყვეტილება “სტალინის ორეულების შესახებ” 1935 წელს, სერგეი კიროვის მკვლელობის შემდეგ იქნა მიღებული.

ერთ-ერთი, ვინიცელი ბუღალტერი ევსეი ლუბიცკი წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმებს ესალმებოდა სტალინის მაგივრად, იღებდა უცხოეთის დელეგაციებს და საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციების დროს “სათადარიგო ბელადის” ფუნქციას ასრულებდა. ამ ვერსიის თანახმად ლუბიცკი გადაურჩა სისხლიან რეპრესიებს და ღრმად მოხუცებული მოსკოვში 1981 წელს გარდაიცვალა.

სხვა ვესიით სტალინის ორეულად ასახელებენ დაღესტანის მკვიდრს, ფელიქს დადაევს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ფარაჯაში გამოწყობილი მოულოდნელად მოსკოვის ქუჩებში გამოჩნდებოდა და ავტომობილიდან მოსახლეობას ესალმებოდა.

„სტალინელები“ ალბათ შეიცხადებენ: „დიდი ბელადი“ იმდენად მამაცი და უშიშარი იყო ორეულის ზურგს არ ამოეფარებოდაო. თუმცა ფაქტები მეტყველებენ, რომ სტალინს ორეულების, როგორც სახელმწიფოს მეთაურის დაცვისა და მოწინააღმდეგის დეზინფორმაციის ერთ–ერთი ხერხის, ნამდვილად სჯეროდა. აშშ–ის პრეზიდენტების: ფრანკლინ რუზველტისა და ჰარი ტრუმენის სპეციალური წარმომადგენელი ჰარი ჰოპკინსი იხსენებს, რომ 1945 წლის 6 ივნისს კრემლში სტალინთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ის საბჭოთა დიქტატორს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა: „. . ხვალ მოსკოვიდან მივფრინავ, ჯერ ბერლინში შემდეგ ფრანკფურტში... . . იქნებ ბერლინში ჰიტლერის ცხედარიც ვიპოვოთო“, რაზედაც სტალინმა უპასუხა: „მე დარწმუნებული ვარ ჰიტლერი ჯერ კიდევ ცოცხალიაო“. თუმცა სტალინმა კარგად იცოდა, რომ 1945 წლის 5 მაისს სმერშის სპეცრაზმმა. ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ცხედრები აღმოაჩინა. ნეშთების იდენტიფიკაციისთვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, რომელსაც გენერალი ტელეგინი ხელმძღვანელობდა, ჰიტლერის კბილის პროთეზების გამოკვლევით დაადგინა, რომ ცხედარი ჰიტლერის იყო. თუმცა სტალინმა არც ტრუმენს და არც ჩერჩილს მაშინ არ გაუმხილა ეს ფაქტი. სიცოცხლის ბოლომდე სტალინს სჯეროდა, რომ ჰიტლერი ცოცხალი იყო და სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა, ხოლო ბერლინში, რეიჰსკანცელარიის ეზოში აღმოჩენილი გვამი ჰიტლერის ორეულის იყო. “კიდევ გაგვაცურა ამ არამზადამ და ახლა ალბათ უკვე არგენტინაში იმალებაო” - ხშირად იმეორებდა სტალინი. მას ვერ წარმოედგინა, რომ მის კოლეგას - ჰიტლერს, ორეულის დახმარებით მიმალვის შანსი ჰქონდა და არ გამოიყენა! ნახეთ სტატია სრულად