საარტილერიო დუელების მოლოდინში - ვინ გაიმარჯვებს: ფრანგული "ცეზარი" თუ რუსული "მსტა"? - კვირის პალიტრა

საარტილერიო დუელების მოლოდინში - ვინ გაიმარჯვებს: ფრანგული "ცეზარი" თუ რუსული "მსტა"?

რუსეთ-უკრაინის ომის მე-80 დღისთვის უკვე ნათლად იკვეთება, რომ "ომის ღმერთის" - არტილერიის დუელი იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი დონბასისთვის სისხლისმღვრელ ბრძოლებში - ვისი არტილერია უფრო შორი მანძილიდან, უფრო ზუსტად და რაც არანაკლებ მთავარია, სწრაფად გაანადგურებს მოწინააღმდეგეს...

საარტილერიო ცეცხლის სიშორეს, სიზუსტესა და სისწრაფეს თავის თავში აერთიანებს თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რომლებსაც რამდენიმე ჭურვის გასროლის შემდეგ შეუძლიათ ოპერატიულად შეიცვალონ საცეცხლე პოზიცია და თავიდან აირიდონ მოწინააღმდეგის სწრაფი კონტრსაბატარეო პასუხი.

რუსეთის არმიამ უკრაინაში შეჭრა დაიწყო ძირითადად 152 მმ-იანი "აკაციისა" და "მსტა-ს" ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით, თუმცა როდესაც გაუჭირდა, ხანგრძლივი შენახვის სამხედრო საწყობებიდან მოძველებული,122 მმ-იანი "გვოზდიკების" ამოღება და უკრაინის ფრონტზე გაგზავნაც არ ითაკილა. გარდა ამისა რუსი არტილერისტები უკრაინელების წინააღმდეგ ასევე იყენებენ სხვა თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსაც- 203 მმ-იან "მალკას" ("პიონის" მოდერნიზებული ვარიანტი),152 მმ-იან "გიაცინტ-ს", 240 მმ-იან "ტიულპანს" (თვითმავალი ნაღმსატყორცნი) და 120 მმ-იან "ნონას"(ასევე თვითმავალი ნაღმსატყორცნი), თუმცა ომის ვიდეოკადრებში უკრაინელების მიერ აფეთქებული, იშვიათი "ხოსტაც" გამოჩნდა, რომ "გვოზდიკას" მოდერნიზებული ვარიანტია.

რუსი ოკუპანტების თვითმავალი საარტილერიო დანადგარების ცეცხლს უკრაინელები ძირითადად იმავე "გვოზდიკებით", "აკაციებით", "მსტა"-ებითა თუ "პიონებით" უპირისპირდებიან და არცთუ წარუმატებლად, მაგრამ უკრაინელი არტილერისტები ერთი უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან - მათ საბჭოთადროინდელ თვითმავალ (ისევე როგორც ბუქსირებად) საარტილერიო დანადგარებს ბრძოლებში ჭურვების ინტენსიური გასროლების შედეგად თითქმის ამოეწურათ ლულებისა და სასროლი მექანიზმების რესურსი, ისევე, როგორც უკრაინის არმიის საწყობებში კატასტროფულად შემცირდა საბჭოთა, 122 და განსაკუთრებით კი, 152 მმ კალიბრის ჭურვების მარაგი.

მათ შესავსებათ, ჭურვების მარაგი გაუგზავნეს აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრმა იმ ქვეყნებმა, ვის შეიარაღებასა თუ საწყობებში ჯერ კიდევ რჩებოდა საბჭოთა საარტილერიო დანადგარები, მაგრამ მალე ეს მარაგიც ამოიწურება და უკრაინელებს ამ საბჭოთა 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების სათხოვნელად... რუსეთიღა დარჩებათ, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია.

რეალური გამოსავალია რუსეთთან ინტენსიურ და ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში მყოფი უკრაინის არმიის საარტილერიო შეიარაღების გაძლიერება ნატოს სტანდარტის ჰაუბიცებითა და 155 მმ კალიბრის ჭურვებით.

ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უკრაინელები წარმატებით ბომბავენ მოწინააღმდეგის პოზიციებს აშშ-დან, კანადიდან და ავსტრალიიდან მიწოდებული ასზე მეტი "მ777" ტიპის ჰაუბიცებიდან 155 მმ კალიბრიანი ჭურვებით.

მაგრამ ეს ჰაუბიცა ბუქსირებადია, მართალია საკმაოდ მსუბუქი (მის კონსტრუქციაში ტიტანის ფართო გამოყენებამ "მ777"-ის მასის 4,2 ტ-მდე შემცირების საშუალება მისცა კონსტრუქტორებს, მაშინ როდესაც მისი ანალოგი, საბჭოთა "მსტა-ბ"-ე 7 ტონას იწონის), მაგრამ მაინც, საცეცხლე პოზიციიდან მის მოხსნასა და გამწევზე ჩაბმას 3 წუთამდე სჭირდება, რაც თანამედროვე საარტილერიო დუელებში (როდესაც მოწინააღმდეგე უკვე აღჭურვილია გასროლილი საარტილერიო ჭურვების აღმოჩენისა და კონტრსაბატარეო ცეცხლის კორექტირების რადილოკაციური სადგურებით) უკვე დიდი ფუფუნებათ ითვლება...

2-potoo-1652449077.jpg
გერმანული PzH 2000

ამიტომაც დაწყებულია პროცესი უკრაინის არმიისთვის ნატოს წევრი ქვეყნების შეირაღებაში არსებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - გერმანული PzH 2000, ბრიტანული AS-90 და ფრანგული CAESAR გადაცემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ქვეყნებში გაგზავნილია უკრაინელი არტილერისტების გათვლები ახალი საბრძოლო ტექნიკის ასათვისებლად, ხოლო თავად ეს თვითმავალი საარტილერიო დანადგარები უკრაინული ეკიპაჟებით უშუალოდ ბრძოლებში ეტყობა ამ თვის ბოლოსკენ უფრო ჩაერთვებიან...

უკრაინა პირველ ეტაპზე მხოლოდ 12 ერთეულს გერმანულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს მიიღებს, საიდანაც 5 ნიდერლანდების საჩუქარი იქნება, დანარჩენი 7 კი თავად გერმანიის.

რა თქმა უნდა, 700 კმ-იანი სიგრძის რუსულ-უკრაინული ფრონტისთვის 12 საარტილერიო დანადგარი, რომელიც ერთ საარტილერიო დივიზიონის (ბატალიონის) საშტატო შემადგენლობასაც კი ვერ ავსებს, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ბოლოსდაბოლოს გაბედა და ყინული დაძრა - მძიმე საბრძოლო ტექნიკის გადაცემა დაიწყო უკრაინისთვის, ბევრისმთქმელი ფაქტია.

3-potoo-1652449197.jpg
ბრიტანული AS-90

გერმანული PzH 2000 და ბრიტანული AS-90 მუხლუხებიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებია და საბჭოთა/რუსული "მსტა-ს"-ის ერთგვარ ანალოგებს წარმოადგენენ, თუმცა თუკი რუსული ჰაუბიცა 152 მმ-იან მსხვრევად-ფუგასურ ჭურვს მაქსიმალურ, 24,7 კმ მანძილზე აგზავნის, ისევე როგორც ბრიტანული, გერმანული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიერ 155 მმ კალიბრის საშტატო ჭურვის გასროლის მაქსიმალური მანძილი 30 კმ-მდე ადის.

აქტიურ-რეაქტიული საარტილერიო ჭურვების (ამ ჭურვებს გასროლის შემდეგ ერთვებათ რაკეტული ძრავა) გამოყენების შემთხვევაში, მიზნის დაზიანების მაქსიმალური სიშორე ათიოდე კმ-ით იზრდება.

თუკი რუსულ "მსტებს" შეუძლიათ გამოიყენონ ლაზერის სხივით კორექტირებადი "კრასნოპოლის" მართვადი ჭურვი, ნატოს ჰაუბიცები ისვრიან "ექსკალიბურის" დიდი სიზუსტის მართვად ჭურვებს 40-60 კმ-ს მანძილზე და 4 მ-ის სიზუსტით აზიანებენ სტაცინალურ სამიზნეს-ასეთი განსაცვიფრებელი სროლის სიზუსტე (ჩვეულებრივი 155 მმ-იანი ჭურვები სამიზნეს ასიოდე მეტრითაც სცილდებიან) კი "ჯი-პი-ეს"-ის სისტემით მიიღწევა.

რაც შეეხება ფრანგულ "ცეზარს", ის განსხვავებული სიტყვაა თანამედროვე თვითმავალ საარტილერიო დანადგარების ოჯახში, რადგან სამხიდიანი ბორბლებიანი სატვირთო ავტომობილის ძარაზეა დამონტაჟებული და მუხლუხებიანი თანოძმეებისგან განსხვავებით შესაშური მობილურობით გამოირჩევა. მას წუთში 155 მმ კალიბრის 6-8 ჭურვის გასროლა მაქსიმალურ, 40 კმ-ზე შეუძლია, რადგან ისევე, როგორც გერმანულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს 52 კალიბრის გრძელი ლულა უყენია.

4-potoo-1652449337.jpg
„კრაზზე“ დამონტაჟებული უკრაინული „ბოგდანა“ ფრონტის ხაზზე

ლაპარაკი იყო შვედური თვითმავალი "არჩერის" შესაძლო გადაცემაზე უკრაინელებისთვის, მაგრამ ამ საკითხში ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის გარკვეული. ისე კი უკრაინელებს ერთი საცდელი ბორბლებიანი 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ბოგდანა" თავდაც ჰყავთ, რომელიც წააგავს ფრანგულ "ცეზარს" და მას უკრაინელი არტილერისტები უკვე იყენებენ ბრძოლაში.

ნატოს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული თვითმავალი საარტილერიო დანადგარების საერთო რიცხვი, პირველ ეტაპზე, ეტყობა საკმაოდ მოკრძალებული იქნება, მაგრამ თუკი უკრაინელებმა გაუძლეს რუსი აგრესორების ძლიერ შეტევებს დონბასში და თავიდან აირიდეს ალყაში მოქცევა, მაშინ დიდი ალბათობით ამ საშინელ ომში რაღაც მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება და დასავლეთის სამხედრო დახმარება, მათ შორის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების სახითაც (სულაც ამერიკული "პალადინების" ხარჯზე) მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პ.ს. სანამ გერმანული, ბრიტანული და ფრანგული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები უკრაინის ფრონტამდე ჩააღწევენ, უკრაინელ არტილერისტებს სულზე მიუსწრო ჩეხეთის მიერ გადაცემულმა 152 მმ-იანმა თვითმავალმა "დანებმა", სწორედ ისეთებმა, როგორებითაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრილ რუს ოკუპანტებს არაერთი საარტილერიო დარტყმა მივაყენეთ ანუ რუს აგრესორებს მეორედ უწევთ "დანას" გაშვებული ჭურვების "გემოს" გასინჯვა...