"ვფიქრობ, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება" - რას აცხადებს ექსპრეზიდენტის დედა? - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება" - რას აცხადებს ექსპრეზიდენტის დედა?

სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია - ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ „ვივამედიში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და ძალიან სუსტადაა.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იგივე, ვერ ჭამს და შესაბამისად, არ ჭამს. არის ძალიან სუსტად, არაფერი შეცვლილა. აქ მოსვლამდე ვიყავი პოლონეთის საელჩოში და რაღაც მარტივი სცენარი დაიხატა ჩემთვის: კი გადმოიყვანეს ამ კლინიკაში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ეს არის დროებითი ღონისძიება. სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ საავადმყოფოში მისი გადმოყვანა მოჩვენებითია, ეს ბრიუსელისთვის გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში უკან დაბრუნებას, სადაც უსათუოდ მოკვდება, თუ მანამდე არ მოხდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე კლინიკაში, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

"ინტერპრესნიუსი"