"წარმოუდგენლად დიდი ფული მეგონა. ვფიქრობდი, ყველაფერს ვიყიდდი, მაგრამ ის ფული 2 დღეში გაქრა" - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენლად დიდი ფული მეგონა. ვფიქრობდი, ყველაფერს ვიყიდდი, მაგრამ ის ფული 2 დღეში გაქრა"

"კომედი შოუს" მსახიობი - ნინი მოხევიშვილი აღიარებს, რომ შოპოჰოლიკია. სწორედ ეს მავნე გატაცება გახდა საფუძველი, რომ პირადი შემოსავლის გაჩენაზე ეზრუნა და ფინანსურად დამოუკიდებელი გამხდარიყო...

- საერთოდ, ბავშვობიდან შოპოჰოლიკი ვარ. მოზარდობის ასაკიდან უკვე ჩემი ერთადერთი საფიქრალი ის იყო, თუ რომელი ტანსაცმელი მეყიდა, რა ჩამეცვა... სკოლაში წასასვლელ სამოსს წინადღეს ვიმზადებდი... უნივერსიტეტში სწავლა რომ დავიწყე, არ ვმუშაობდი. ერთხელ მაღაზიაში რაღაც მოკლე კაბა მომეწონა. საერთოდ, ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ოჯახის არც ერთ წევრს თითქოს არანაირი გართულება არ აქვს, მაგრამ ასე თუ ისე, დედაჩემი მაინც პრობლემურია. ვერ ვრისკავდი, მისთვის მეთხოვა, რომ ის მოკლე კაბა ჩემთვის ეყიდა. მაშინ მივხვდი, საჭირო იყო, ჩემი ფული მქონოდა, რომ გადაწყვეტილება თავად მიმეღო. 19 წლის ვიყავი. მუშაობას ვერსად დავიწყებდი, რადგან ვსწავლობდი. გადავწყვიტე, ბავშვები ინგლისურ ენაში მომემზადებინა. სანაცნობოში ბევრი ბავშვი მყავდა. ვთქვი, - თუ ვინმეს ენდომება, დიდი სიამოვნებით მოვამზადებ. თან, ჩემი პრაქტიკისთვისაც კარგი იქნება-მეთქი... მოკლედ, ამ ხუმრობა-ხუმრობაში 15 ბავშვი მომიგროვდა (იცინის)... მას შემდეგ ფინანსურად სულ დამოუკიდებელი ვარ.

- შენი პირველი ოფიციალური სამსახური რა იყო?

- ჟურნალისტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში როცა ვაბარებდი, იმ წელს პრობლემა შეიქმნა და ინგლისურ ფილოლოგიაზე ჩაბარება მომიხდა. მომდევნო წელს საბუთები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიტანე. პრაქტიკებზე "მუზიკბოქსში" მოვხვდი. თან, იქ ჩემი მეგობარი მუშაობდა. იცოდა, რომ ბავშვობიდან ჟურნალისტობა მინდოდა: მიკროფონის ნაცვლად, რაღაც ნივთები მეჭირა და სულ "ინტერვიუებს ვიღებდი" (იცინის)... "მუზიკბოქსში" "ფორტბოიარდის" მსგავს საბავშვო გადაცემაზე ვმუშაობდი, სიუჟეტებს, "ნიუსებს" ვამზადებდი. პრაქტიკის თვალსაზრისით, ის პერიოდი კარგად დამამახსოვრდა, მაგრამ სიმართლე გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტობა მინდოდა, ამ სფეროში "გახსნილი" ვერ ვიყავი, სიამოვნებასაც ვერ ვიღებდი, ამ საქმეში საკუთარ თავს დიდად ვერ ვხედავდი... 2 წლის შემდეგ, უკვე "რუსთავი 2"-ში გადავედი: "ფარული კონვერტისთვის" გოგონა სჭირდებოდათ, რომელიც სიუჟეტებზე იმუშავებდა. ისევ ჩემმა მეგობარმა - ნათია დედანაშვილმა გამიწია რეკომენდაცია (მისი დამსახურებაა, თუ დღეს ტელევიზიაში რამეს წარმოვადგენ). 1 წელი ჟურნალისტად ვიმუშავე. მას მერე, რაც "კომედი ჯგუფში" მოვხვდი, საერთოდ, განსხვავებული სფერო ავირჩიე - ოფისის მენეჯერი ვიყავი. მართალია, გამოცდილება არ მქონია, მაგრამ "კომედი ჯგუფის" წევრები ბავშვობიდან ისე ძლიერ მიყვარდა, რომ შემოთავაზებას მაშინვე დავთანხმდი. იმ დღიდან მივხვდი, რომ ჩემი სამუშაო სფერო კომედიური ჟანრი ყოფილა, თუნდაც - მსახიობობა, სიმღერა... ჟურნალისტიკა გვერდით გადავდე. ახლაც იმავე სტაფთან ვმუშაობ, ოღონდ - "ფორმულაზე". პარალელურად, ოფისის მენეჯერის საქმეს ვითავსებ - პოსტი არ დამიტოვებია. ასევე, "კომედი შოუს" მსახიობი ვარ...

- გახსოვს, შენი პირველი ოფიციალური ხელფასი რა თანხა იყო და რაში გამოიყენე?

- ხელფასი პირველად რომ დამინიშნეს, დაახლოებით 550 ლარი ხელზე უნდა ამეღო. შევედი, კუთვნილი თანხა ავიღე და ვფიქრობდი, სად დამეხარჯა. წარმოუდგენლად დიდი ფული მეგონა. ვფიქრობდი, ყველაფერს ვიყიდდი. დედას გეფიცები, ის ფული 2 დღეში გაქრა (იცინის)... რა თქმა უნდა, ტანსაცმელი ვიყიდე, ოჯახის წევრებისთვის პატარ-პატარა საჩუქრები შევიძინე... მეორე ხელფასის აღებისას უკვე გათვლილი მქონდა, თანხა როგორ დამეხარჯა - ფულის ყადრს მივხვდი და გავაცნობიერე, რომ არ უნდა გამეფლანგა.

- დღეს გონიერი მხარჯველი ხარ?

- კი. შარშან, შარშანწინ ხელფასი თვიდან თვემდე არ მყოფნიდა - ფული "სად მიდიოდა", ვერ ვიგებდი. მერე დავჯექი და საკუთარ თავს ვუთხარი: - ნინი, დამშვიდდი, ამდენი ტანსაცმელი აღარ გჭირდება. უკვე იმდენი გაქვს, რომ შეგიძლია, გამოიყენო-მეთქი. მიმაჩნია, რომ დღესდღეობით, თანხას გონივრულად ვანაწილებ, რომ მერე იმაზე ფიქრი არ დამჭირდეს, ხვალ ფული რომ აღარ მექნება, რა ვქნა-მეთქი?..

- შენი ხელფასის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- მძღოლი არ ვარ. შესაბამისად, ჩემი ხელფასის ნახევარი ტაქსით ტრანსპორტირებაში იხარჯება. ასევე, შოპინგს არ ვღალატობ, თუმცა ძველებურად არ ვიქცევი, როცა მართლა თავადაც ვატყობდი, რომ სისულელეს ვაკეთებდი. უბრალოდ, დოზირებულად, გარდერობის განახლებას მაინც ვცდილობ. ასევე, მეგობრებთან ერთად, საღამოს სადმე ფინჯანი ყავის დალევა ან ვახშმობა მიყვარს. პლუს, შეიძლება, შაბათ-კვირას სადმე გავიდე... სახლის საჭიროებისთვისაც მაქვს გათვლილი თანხა. ეს ჩვევა მაქვს: ხელფასიდან მინიმალურ თანხას გადავდებ ხოლმე: ვაიდა რაღაც მოხდეს - უცბად ფული დამჭირდეს, გადადებული თანხის გამო, იმედიანად ვარ...

- ინგლისურ ენაში ბავშვების მომზადების გარდა, სხვა არაოფიციალური საქმე შეგისრულებია?

- კი, მახსოვს, უნივერსიტეტში, ერთ-ერთმა ლექტორმა სიუჟეტის მომზადება მთხოვა - პრაქტიკის სახით, ვცადოთო. პოლიტიკური არჩევნების პერიოდი იყო. ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელსაც ამერიკული კომპანია აწარმოებდა. ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ლექტორმა მეორე კვირას ისევ დამირეკა: სიუჟეტი მოეწონათ. თუ კიდევ მოამზადებ, ამჯერად, უკვე თანხასაც გადაგიხდიანო. სიხარულისგან გადავირიე!.. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ეს საქმე მომეწონა - უცხო და საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ აპოლიტიკური ვარ, ამას მაინც თავისი ხიბლი ჰქონდა. მახსოვს, 250 ლარი გადამიხადეს... კიდევ, სათვალეების მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, ფოტოსესიაში ვმონაწილეობდი, ფოტომოდელის სტატუსით. 300 ლარი გადამიხადეს. პლუს, სათვალეც მაჩუქეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი... ამჟამად, "ინსტაგრამითაც" ვმუშაობ (ბარტერით): თანხაზე კი არა, პროდუქციაზე ორიენტირებული ვარ - კომპანიის პროდუქციას "სთორიზე" ვაქვეყნებ, კომპანია კი პროდუქციას საჩუქრად მიგზავნის. ჩემთვის პროდუქცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანხა, რადგან აღებული ფული ისევ იმ პროდუქციაში უნდა დავხარჯო. მოკლედ, ეს საქმე ძალიან მომწონს - კმაყოფილი ვარ, რადგან 1-2 თვეა, ტანსაცმელი აღარ მიყიდია (იცინის). "კომედი შოუს" გადაღებებზე, ძირითადად, ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ამიტომ მინდა, სულ ახალი სამოსი მეცვას, რომ კადრში ლამაზად ჩანდეს.

- ბოლოს მშობლებს თანხა როდის სთხოვე?

- 19 აპრილს დაბადების დღე მქონდა. რესტორანი დავჯავშნე, რისთვისაც გარკვეული თანხა წინასწარ, "ქეშად" უნდა გადამეხადა. იმ წუთში ნაღდი ფული არ მქონდა. დედაჩემთან ერთად ვიყავი. ვთხოვე, - მასესხე და როგორც კი გავალთ, თანხას დაგიბრუნებ-მეთქი... მერე დედამ ფული აღარ გამომართვა - დაბადების დღის საჩუქარიაო (იცინის)... ახლა, როცა უკვე საკუთარი შემოსავალი მაქვს, ვერ ვთხოვ, რომ თუნდაც, ტაქსის ფული მომცეს, თუკი გამოუვალი სიტუაცია არ არის, რა თქმა უნდა.

- ოდესმე "სივი" გაგიგზავნია?

- კი, ერთ-ერთ კომპანიაში ოფისის მენეჯერს ეძებდნენ. არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ უმარტივესი მოთხოვნები ჰქონდათ. სამუშაო გრაფიკიც კარგი იყო. ამიტომ, მეგობრის დახმარებით, "სივი" შევადგინე და გავგზავნე. მეორე დღესვე დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს... მოკლედ, მუშაობის დასაწყებად 3 ეტაპი გავიარე, მაგრამ მერე, ისე აღმოჩნდა, რომ როგორი გრაფიკიც მითითებული ჰქონდათ, სინამდვილეში ისე არ იყო: თურმე, შაბათ-კვირასაც უნდა მემუშავა, კვირის დღეებში კი ისეთი სამუშაო დრო იყო, როცა უნივერსიტეტში ლექციები მიტარდებოდა. უარი ვთქვი, რადგან მუშაობას ვერ შევძლებდი... მას შემდეგ, "სივი" არსად არ გამიგზავნია.

- შენი მომავალი როგორ წარმოგიდგენია, საკუთარ თავს რომელ სამუშაო სფეროში ხედავ?

- ახლა წარმოუდგენელია, რომ ჩემს ამჟამინდელ სამუშაო სფეროს თავი დავანებო და მაგალითად, იურიდიულ ან მედიცინის სფეროში აღმოვჩნდე. არასოდეს თქვა "არასოდესო", კი ბატონო, ამ მოსაზრებას ვეთანხმები, მაგრამ ჯერჯერობით, სხვა სფეროზე არ ვფიქრობ. თუ რაღაც სასწაული მოხდა, ალბათ, პიარის მიმართულებით ვიმუშავებ - საინტერესოა. თან, "ინსტაგრამზე" მცირე გამოცდილებაც მივიღე... ამჟამად, ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ვერც კი წარმოგიდგენია, რომ იმ სფეროში იმუშაო, რა განათლებაც მიღებული გაქვს?

- ვერა. "კომედი შოუში", "სკეტჩები" თუ გადაგვიღია, ჟურნალისტის როლს იქ ვთამაშობ ხოლმე. ასეთ დროს დედაჩემი უბედნიერესია: როცა ხელში მიკროფონს ვიღებ, დედა ხელახლა იბადება (იცინის)! ჟურნალისტიკის "შიდა სამზარეულოში" კომფორტულად არ ვარ: ამ საქმეს "გადარბენები", ბევრი შრომა სჭირდება. რთულია...

- საქმიან ან დასაქმების მოსურნე ადამიანებს რას ურჩევ?

- პირადად მე, ვფიქრობდი: ჩემი პროფესიით თუ არ ვიმუშავე, არა მგონია, სადმე თავი დავიმკვიდრო-მეთქი. ეს ასე არაა. პროფესიით მსახიობი არ ვარ, თეატრალური განათლება არ მაქვს. როცა ადამიანი მიზანს დაისახავ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. რა თქმა უნდა, სფეროში გამოცდილი ადამიანების აზრი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ საკუთარ თავს უნდა ენდო და უფრო მეტს მიაღწევ, უფრო დაგიფასდება... ყველაფერი პრაქტიკაში "მოდის". ჩემს შემთხვევაში, ასე მოხდა... ყველას ვურჩევ, არ შეეშინდეთ, არ დანებდნენ, ახალი გამოწვევებისთვის მზად იყვნენ და ცხოვრებაში ბევრ რამეს მოიგებენ. მგონია, რომ თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ეს ჩემი გაბედულების გამო მოხდა, თორემ მაგალითად, პირველ კლიპში მონაწილეობაზე უარი რომ მეთქვა - ვერ შევძლებ-მეთქი, დღეს "არავინ" ვიქნებოდი. ახლაც არ მიმაჩნია, რომ დიდი ვარსკვლავი ვარ, მაგრამ ვინც ვარ, ძალიან მიხარია. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ საკუთარი თავი დავარწმუნე - შენ ამას შეძლებ-მეთქი...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"