"თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრად მიღების წინააღმდეგია“ - ერდოღანის არგუმენტები - კვირის პალიტრა

"თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრად მიღების წინააღმდეგია“ - ერდოღანის არგუმენტები

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ "დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრად მიღების წინააღმდეგია“, რომელშიც განხილულია პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ გაკეთებული განცხადება სკანდინავიის ქვეყნებთან მიმართებით.

„თურქეთი ნატოს წევრი ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნეგატიური პოზიცია გამოხატა შვედეთისა და ფინეთის მიზნების წინააღმდეგ - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა პარასკევს, 13 მაისს სტამბოლში განაცხადა, რომ მას არ აქვს „დადებითი აზრი“ ამ ორი ქვეყნის ნატოში მიღების შესახებ. თავის მხრივ, სტოკჰოლმმა და ჰელსინკმა ანკარასთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოხატეს. გვერდზე არც ვაშინგტონი არ დარჩა. ამასობაში კი რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის შეწყვეტით აფრთხილებს.

რეჯეფ ერდოღანის არგუმენტები

როგორც თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, მას არ სურს, რომ იგივე შეცდომები იქნეს დაშვებული, როგორიც თავის დროზე ნატოში საბერძნეთის მიღებით იქნა ჩადენილი. საკმარისია გავიხსენოთ, რომ თურქეთს თავის მეზობელ ქვეყანასთან [ისტორიულად] საკმაოდ რთული პოლიტიკური დამოკიდებულება აქვს და ეს ფაქტორი ორივე ქვეყნის ერთ სამხედრო ალიანსში ყოფნამაც კი ვერ შეცვალა.

„სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციებისათვის სასტუმროდ იქცნენ“, - ასე დაასაბუთა თავისი პოზიცია რეჯეფ ერდოღანმა. თურქეთი შვედეთს და ფინეთს დიდი ხანია ღიად უყენებს ბრალს, რომ მათ ტერიტორიაზე ბევრი არასასურველი თურქი ემიგრანტი ცხოვრობს. ანკარა ასევე ადანაშაულებს მათ, განსაკუთრებით შვედეთს, რომ ხელს არ უშლიან ფეთულაჰ გიულენის მომხრეების მათთან ცხოვრებას. როგორც ცნობილია, რეჯეფ ერდოღანი აშშ-ში მყოფ თურქ ემიგრანტ მწერალს ფ. გიულენს და მისი იდეების მიმდევრებს 2016 წელს თურქეთში მოწყობილი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად და მონაწილეებად თვლის.

ნატო მიესალმება...

ფინეთის მთავრობამ 12 მაისს განაცხადა, რომ დაუყონებლივ წარადგენს ბრიუსელში განაცხადს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით. მოსალოდნელია, რომ შვედეთიც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. იმის გათვალისწინებით, რომ ათწლეულების განმავლობაში ორივე ქვეყანა მკაცრი ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ატარებდა სამხედრო ბლოკებისადმი მიუმხრობლობის სფეროში, მათი ახლანდელი პოზიცია თავდაცვით საკითხში ფუნდამენტურ ცვლილებას ნიშნავს.

შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღებას ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო უნდა დათანხმდეს. ბოლო დრომდე ნატოს წევრები ჰელსინკისა და სტოკჰოლმის სწრაფვის მიმართ დადებით პოზიციას გამოხატავდნენ. ნატოს გენმდივანს იენს სტოლტენბერგს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ორივე ქვეყანას ხელგაშლილი შეხვდებოდა და სიხარულით მიიღებდა“. პარასკევს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის სახელმწიფოს ლიდერებს ესაუბრა და მათ მხარი დაუჭირა ნატოში მიღების საკითხში. როგორც თეთრი სახლი აცხადებს, ვაშინგტონი ახლა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით მუშაობს.

თავის მხრივ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანი ლინდემ თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის სურვილი გამოხატა. მას იმედი აქვს, რომ მევლუთ ჩავუშოღლუს ბერლინში მოელაპარაკება, სადაც, ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელებიც არიან მიწვეულნი.

თურქულის ამბივალენტობა

თურქეთი კარგი ურთიერთობა აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. დრემდე ანკარა ამბივალენტურ (ორმაგ) პოზიციას იკავებდა უკრაინის ომის მიმართ: თურქეთი უკრაინას საბრძოლო დრონებს აწვდის, მაგრამ იმავდროულად არ შეუერთდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს. ბოლო კვირეებში რეჯეფ ერდოღანმა არაერთგზის შესთავაზა კიევს და მოსკოვს, რომ იგი მზად არის საშუამავლო როლი შეასრულოს.

რუსეთის მუქარები და ფინური სიმშვიდე

რუსეთმა დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება ფინეთის მთავრობის განცხადებაზე - კრემლმა ჰესლსინკის ნაბიჯი მკაცრად გააკრიტიკა: პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი თავისი უშუალო მეზობლის მიერ გამოხატულ სურვილს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრად მიღების თაობაზე რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად თვლის. ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც აღნიშნა, რომ მოსკოვი იძულებული იქნება საპასუხო ზომები მიიღოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათისაც. პარასკევს კი რუსული კომპანიის „ინტერრაოს“ შვილობილმა კომპანიამ (RAO Nordic Oy), რომლის ოფისი ჰელსინკში მდებარეობს, განაცხადა, რომ 14 მაისიდან შეწყდება რუსული ელექტრონერგიის ფინეთში ექსპორტი - თითქოსდა იმის გამო, რომ ფინური მხარე მოხმარებული ენერგიისათვის ფულის გადახდას აგვიანებს. თუმცა განცხადებაში იმედიც გამოიხატა, რომ უახლოეს ხანში ეს პრობლემა გადაიჭრება.

ფინეთის ელექტროქსელური კომპანია „ფინგრიდი“ მშვიდად შეხვდა შექმნილ სიტუაციას და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოება არაფერი არ ემუქრება: „ჩვენ ამისათვის მზად ვიყავით“, - ხაზი გაუსვა „ფინგრიდის“ ხელმძღვანელმა ტიმო კაუკონენმა "ფრანს-პრესისადმი“ მიცემულ ინტერვიუში, - "რუსულ ელექტრონერგიას შვედეთიდან და ნორვეგიიდან მიღებულით ჩავანაცვლებთ“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ