"რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა" - კვირის პალიტრა

"რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფინეთის უსაფრთხოების გარემო შეცვალა"

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიინისტოს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.

„პრეზიდენტმა ნიინისტომ პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, თუ როგორ ძირეულად შეცვალა ფინეთის უსაფრთხოების გარემო რუსეთის მოთხოვნამ, რომ ქვეყნები ნატო-ში არ გაწევრიანდნენ და ასევე 2022 წლის თებერვალში მისმა უკრაინაში შეჭრამ,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ნიინისტომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომით გამოწვეული ადამიანური ტანჯვის გამო.

„ფინეთის პრეზიდენტმა გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში ომით გამოწვეული ადამიანური ტანჯვის გამო და ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობის დამყარების გადაუდებელი აუცილებლობა“, - აცხადებენ ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას გადასცა გზავნილები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, რომელიც კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიაწოდა.

ნიინისტოს ოფისში აცხადებენ, რომ პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი იყო პირდაპირი და გამწვავების გარეშე წარიმართა.