"ავარიას მისი და შეესწრო, მანქანის მძღოლი ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა" - კვირის პალიტრა

"ავარიას მისი და შეესწრო, მანქანის მძღოლი ოჯახის ახლობელი აღმოჩნდა"

ხაშურში მომხდარ ავარიას 13 წლის ნიკოლოზ ბანცაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, ხაშურის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. მოზარდი ველოსიპედით მოძრაობდა, როდესაც მას ავტომობილი დაეჯახა. ნიკოლოზი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. მანქანის მძღოლი დაკავებულია. ის 18 წლის ხაშურელი ახალგაზრდა აღმოჩნდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

„განადგურებულები ვართ, არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადავიტანთ. ნიკა საოცრად კარგი ბავშვი იყო, მოსიყვარულე, უზომოდ თბილი, სიცოცხლით სავსე. წარმოუდგენელი ტრაგედიაა. მასზე საუბარი არ შემიძლია. 13 წლის იყო, ხაშურის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ჩემი ნათლულია და ძალიან მტკივა გული. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. ძალიან ახლოს მყავდა, თითქმის სულ ერთად იყვნენ ბავშვები. ძალიან მიჭირს. უზომოდ მოსიყვარულე იყო ყველას მიმართ...

მშობლები სოფელში იმ წუთის წასულები იყვნენ. სახლში ბებია და მამიდა იყო. ეს უბედურება, ფაქტობრივად, მათი სახლის წინ დატრიალდა. სახლის წინ მარკეტი გაიხსნა, იქ იყვნენ ბავშვები გადასულები, ნიკა და მისი 11 წლის და. ბავშვებმა შეიძინეს რაღაცები მაღაზიაში და სახლში მოდიოდნენ, როცა ეს უბედურება პატარა დის თვალწინ დატრიალდა. გზაზე გადადიოდნენ, ნიკას და ფეხით იყო და მოასწრო გადასვლა, გადაასწრო მანქანას, საუბედუროდ, ნიკამ ვერ მოასწრო და მანქანა დაეჯახა. ამბობენ, დიდი სისწრაფით მოდიოდაო და ამ მანქანამ იმსხვერპლა ჩვენი ანგელოზი.

თბილისში გადმოყვანას აზრი არ ჰქონდა, ფაქტობრივად, ადგილზე იყო გარდაცვლილი. არ არის სწორი, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისში, კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილიდან ბავშვი გორში, პროზექტურაში წაიყვანეს. არ ვიცი, ამ ტკივილს როგორ გადავიტანთ.

რაც შეეხება მანქანის მძღოლს, ის დაკავებულია, 18 წლის ახალგაზრდაა. როგორც ვიცი, გარდაცვლილის ოჯახის ახლობელია. პირადად მე არ ვიცნობ. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ყველა გაგვანადგურა ამ ფაქტმა, სიტყვები უძლურია ასეთ დროს“, - გვიამბო ნიკას ნათლიამ, ფიქრია მიქელაშვილმა.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

„ჩემს ბიჭს გეძახდი და ასე იქნება მარადჟამს. არ არსებობს სიტყვები, რითაც შენს გაუბედურებულ დედას ვანუგეშებ. ფრთა მოატეხე ჩემს გენადიკოს. დადის და თვალებით გეძებს სულ. ეს ის ტკივილია, რომელიც არ განელდება ჩემო სიმპათიურო ბიჭო“, - წერს მეგობრის დედა.

„გული მეწვის, არასოდეს ამომივა ავარიის კადრი გონებიდან, როგორ მჯეროდა, რომ გაუძლებდა. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს პატარა ანგელოზო“, - წერს ფაქტის თვითმხილველი. როგორც ჩანს, ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. რა ჩვენებას მისცემს გამოძიება ბრალდებული, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„კვირის პალიტრა“ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მათ ახლობლებს ამ უდიდეს ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე იხილეთ:

"8 წლის ნიკოლოზი, გარდაცვალების წინა დღეს მასწავლებელთან მისულა, ჩაეხუტა და უთქვამს..." - რას ჰყვებიან შავშვებთან დაღუპული ექიმის ოჯახზე ახლობლები