"ვინც კრიტიკულ სიტუაციაში გღალატობს, გვერდით არ უნდა დაიყენო" - კვირის პალიტრა

"ვინც კრიტიკულ სიტუაციაში გღალატობს, გვერდით არ უნდა დაიყენო"

ქეთი წიკლაურმა მამის ნამღერი „მხოლოდ მეეტლე“ ჩაწერა, სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა. ახლა წიგნის გამოცემაზე მუშაობს.

მალე თემურ წიკლაურის სახელობის სკვერის მოპირკეთებაც დაიწყება. ასე ცდილობს გაუმკლავდეს ტკივილსა და მონატრებას. ფიქრობს, რომ ადამიანმა იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოს, ბოლომდე უნდა იცხოვროს და იბრძოლოს.

- "ადამიანებად გვხდიან დედა და მამა, ადამიანურებად კი - აღზრდა" (კარლ ვებერი).

- ვეთანხმები ავტორს, თუმცა მხოლოდ მშობლებს არა აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. პიროვნებად ჩამოყალიბებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. შეიძლება ბევრს მიაჩნია, რომ სწორად ზრდის შვილს, მაგრამ შედეგი ერთნაირი არ იყოს - ერთი დედისა და მამის გაზრდილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან. თუ ნიადაგი, ასევე, გენეტიკური და ფსიქოლოგიური ფონი ჯანსაღია და მშობლების მიდგომაც ბრძნულია, ცუდ ადამიანს რატომ აღზრდიან? ხდება ისეც, რომ მშობელი ნაკლებად არის ჩართული ამ პროცესში, მაგრამ ასეთ ოჯახებშიც კარგ ადამიანებად გაზრდილან. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. მე ჩემი მშობლების მაგალითზე ვიზრდებოდი. „შეეშვით შვილების აღზრდას - სულერთია მაინც თქვენ დაგემსგავსებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი“ - ხომ არის ასეთი გამონათქვამიც? ბევრი მათი ნათქვამი მახსოვს, რაც გამითვალისწინებია კიდეც.

მე თვითონ მოწესრიგებული დედა ვარ. როდესაც ერთხელ ვთქვი, მკაცრი დედა ვარ-მეთქი, ჩემს შვილს გაეცინა, ასე არ არისო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასეა. სხვების მიმართაც მკაცრი და მომთხოვნი ვარ და საკუთარი თავის მიმართაც, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვიყო უზომოდ მოსიყვარულე.

- „ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!“ (ვაჟა-ფშაველა).

- ესეც ძალიან ინდივიდუალურია, გამომდინარე ადამიანის განათლებიდან, ცნობიერებიდან, ღირებულებებიდან. ვფიქრობ, ჩემი სიყვარული სამშობლოსადმი იმაში გამოიხატება, რომ არასდროს მომსვლია აზრად აქედან წასვლა და სხვაგან ცხოვრება. ამაზე არასდროს მიფიქრია, რთულ პერიოდშიც კი. რატომღაც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ქვეყანაში. მგონია, სასიცოცხლო ძალები გამომელევა. მიწა, ხალხი, კულტურა, ისტორია და კიდევ ბევრი სხვა რამ შეადგენს სამშობლოს.

- „თუ გსურს ერი ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ქვეყნის ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი - გმირებად“ (ზვიად გამსახურდია).

- დღეს პოპულარულია და ბევრია გატაცებული სწავლებებით სულიერი ცხოვრების შესახებ. ბოლო დროს ხშირად ისმის ფრაზა: „აქ, ახლა და ამ დროს“ - ანუ იცხოვრე ამ წუთით; ამ მომენტში რაც ხდება, აი, ეს არის ცხოვრება; სხვა არაფერი არსებობს, არც წარსული და არც მომავალი... ყოველთვის მქონდა და მაქვს პროტესტი ამგვარი დამოკიდებულების მიმართ. წარსულის გარეშე ადამიანი როგორ იქნება?! ყოველთვის მასზე დაკვირვებით უნდა ვიცხოვროთ, უნდა ვაანალიზებდეთ მომხდარს, თუმცა არც იმას ვამბობ, რომ სულ წარსულში ვიქექებოდეთ და მომავლისკენ არ ვიყურებოდეთ. წარსულის გარეშე არც აწმყო არსებობს და არც მომავალი. მე თუ არ გავაანალიზე ჩემი სამშობლოს ისტორია, ჩემი ოჯახის, გენეტიკის შესახებ, ძალიან მაინტერესებს, მაშინ როგორ უნდა მივხვდე, ვინ ვარ ან საიდან მოვდივარ? ბევრი რამ შეიცვალა დედამიწის ზურგზე, მაგრამ ადამიანი თავისი შეცდომებითა და ცოდვებით არ იცვლება, საუკუნეების განმავლობაში ერთი და იგივე კითხვები გვიჩნდება და ვეძებთ პასუხებს.

- „ომი არის უბედურება და დანაშაული, რომელიც მოიცავს ყველა უბედურებას და ყველა დანაშაულს“ (ვოლტერი).

- ჩვენ ბევრი ომი გამოვიარეთ და ბევრი რამ ვნახეთ. უბრალოდ, დრო გადის და განსხვავებულად აფასებ მომხდარს. ერთსა და იმავე წიგნს სხვადასხვა ასაკში რომ კითხულობ, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ ხოლმე. ჩემთვის აღმოჩენა გახდა ის, თუ როგორ მოქმედებს ადამიანებზე ომი. ეს გამოჩნდა მათ ქცევებში, განსჯაში, ანალიზში... მხოლოდ ის კი არ არის შემზარავი, რომ XXI საუკუნეში კიდევ ომია. ზოგჯერ სიზმარში გგონია თავი და ფიქრობ, ნუთუ ეს მართლა ხდება?! ბევრი უარყოფითი ამოტივტივდა ზედაპირზე, რაც ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით მათგან, ვისგანაც არ მოველოდი, ჩემს საახლობლო წრესა თუ სოციალურ ქსელებში. დაუსჯელობის სინდრომია და შეხვედრისას თუ ადამიანი თავს იკავებს, შეაფასოს შენი პოზიცია, იქ კომენტარებში ერთმანეთს არ ინდობენ. ჩვენ ხომ არ ვართ ანალიტიკოსები, შეიძლება, ყველა ერთ ჭრილში არ აღვიქვამდეთ მომხდარს და ეს ნორმალურია, მაგრამ ის, რაც ხდება, კატასტროფაა...

- „მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო“ (რობინ უილიამსი).

- ზუსტად ასე ხდება ხოლმე, როგორ არ დავეთანხმო რობინს?! ითმენ, ითმენ და როცა ფიქრობ, რომ ცოტასაც უნდა გაუძლო; როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო მოთმინება, სწორედ მაშინ გიმტყუნებს.

- „რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას?!“ (თომას ელიოტი).

- სხვათა შორის, მამას გარდაცვალების შემდეგაც ბევრი მიყვება, როგორ გაუმართა ხელი, როგორ დაინახა სხვისი გასაჭირი, როგორ გამოხატა თანადგომა, და ეს მათთვის იმ კონკრეტულ სიტუაციაში რამდენად მნიშვნელოვანი იყო. მართლაც არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული ადამიანი იყო. იმ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ჩვენს ოჯახში მოხდა, ორივე ასე ცხოვრობდა. მამა ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს და ეს არ იყო ფორმალური ან რაიმე ვალდებულების გამო.

- „ცხოვრებამ ერთი განსაკუთრებული გაკვეთილი მომიძღვნა და მასწავლა: ვინც მძიმე წუთებში ერთხელ უკვე გიღალატა, გიღალატებს მეორედაც“ (დონალდ ტრამპი).

- ადამიანის ხასიათი ასე თუ ისე შევიცანი, რაღაც დოზით მაინც. თუ დავინახე, რომ ტრანსფორმაცია მოხდა და გაიაზრა, რამ მიიყვანა ასეთ საქციელამდე, თუ შეაფასა და მოინანია თავისი შეცდომა, მაშინ შესაძლებელია ურთიერთობის შენარჩუნება. ბრმად თუ ენდე კიდევ, შესაძლოა, მეორედაც გიღალატოს. ისეთი ადამიანი, ვინც კრიტიკულ სიტუაციაში გღალატობს, გვერდით არ უნდა დაიყენო. არასდროს მიმიცია მეორედ ღალატის შანსი, ადვილად ვერ ვივიწყებ მომხდარს. ერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ურთიერთობის გარდასახვა შევძელით ორივემ. მოკლედ, გააჩნია სიუჟეტს და ცხოვრებისეულ სპექტაკლს, რომელშიც ეს კონკრეტული მოქმედება ხდება. ორივე მხარეს უნდა სჭირდებოდეს ურთიერთობის გაგრძელება. თუ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი და უნდათ ერთად ყოფნა, ყველაფრის გარკვევა შესაძლებელია. დრო მომხდარს სხვა ელფერს აძლევს, ზოგჯერ ვეღარც ხვდები, რა პრობლემები გქონდათ, რაზე კამათობდით და რის გამო დაშორდით.

- „მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- უნდა ვიყოთ მადლიერები, მაგრამ გააჩნია, ვინ მიგითითებს და როგორ. თუ შენი კეთილისმსურველია, კრიტიკა მისაღებია. ეს დამამცირებელი არ უნდა იყოს. შეიძლება კრიტიკა არ მიიღო, მაგრამ მერე მაინც უნდა დაფიქრდე, იქნებ ის მართალია? აზრს მე თვითონაც ვეკითხები მშობელს, შვილს, მეგობრებს. მე თვითონაც ვიცი ჩემი ღირსებებისა და ნაკლის შესახებ. ფიცხი და ამაყი ვარ, რაც ზოგჯერ ხელს მიშლის ურთიერთობაში. ცოტა მომთმენი და ფლეგმა რომ ვიყო, იქნებ უკეთესი ყოფილიყო.

- „წარმატებულია ქორწინება, როდესაც ქალი ცოტათი ბრმაა, კაცი კი ცოტათი ყრუ“ (გორდონ დინი).

- ვფიქრობ, ასეა. ამ საუკუნეში ქორწინება ოდიოზური გახდა, თუმცა არიან ბედნიერი წყვილები, ვისაც გაუმართლა. ადრე მხოლოდ ქალს მოეთხოვებოდა მოთმენა, რაღაცებზე თვალის დახუჭვა და გაჩუმება, იმაზეც კი, ქმარს რომ საყვარელი ჰყავდა. ახლა ვინ აიტანს ასეთ რამეს მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი შეინარჩუნოს და მეზობლები და ნათესავები მშვიდად იყვნენ?! ახალგაზრდები უფრო თავისუფლები არიან, გაშორება ცხოვრების დასრულების ტოლფასი აღარ არის, ჩვენი მშობლების თაობაში კი ეს კატასტროფა იყო. ბევრ ბულინგსა და ძალადობას ითმენდა ქალი, თუმცა ახლაც ხდება ასე.

- „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ (მიგელ დე სერვანტესი).

- ვისაც ჰყვარებია, ყველა დაეთანხმება სერვანტესს. მართლაც რამხელა ძალა აქვს გიჟურ სიყვარულსა და ვნებას, თუმცა არის ხალხი, ვისაც არ შეუძლია ვარდისფერი სათვალის მორგება, იმდენად რეალისტურად უყურებს ყველაფერს, სიყვარულსაც კი. სპილენძი ოქროდ მეც მომჩვენებია, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიე ასეთ ღვთაებრივ სიყვარულს. ნამდვილი სიყვარული ის არის, რომელიც სპილენძს კი არა, ყველაფერს ოქროდ გადააქცევს.

- „ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და, რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება... მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო…“ (გოდერძი ჩოხელი).

- რა სევდიანი სიტყვებია, გული მეტკინა, ბევრმა რამემ გაირბინა ახლა ჩემ თვალწინ. მეგონა, მამიკო სულ იცოცხლებდა, მაგრამ ასე არ ხდება. ადამიანი უნდა დაბერდეს და გაიაროს ეს გზა, იგრძნოს ყველას სიყვარული. ალბათ თანდათან გვაკლდება სითბო, როდესაც მშობლები მიდიან, მაგრამ ხომ გვრჩება მოგონებები, შვილები, შვილიშვილები, მეგობრები. ამ ადამიანებთან თუ მხოლოდ სიკვდილი დაგაშორებს და ამ ურთიერთობებს თუ სხვა ვერაფერი მოერევა, ამას რა სჯობს?! სამყარო ისეთია, თუ მოინდომებ, სითბოსა და სიყვარულს ყველგან ნახავ და მაშინ არც იმედი მოკვდება.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"