"მისი გაცნობის შემდეგ მეტყველების უნარი ნელ-ნელა წამერთვა" - კვირის პალიტრა

"მისი გაცნობის შემდეგ მეტყველების უნარი ნელ-ნელა წამერთვა"

"ლელუკა ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არ არსებობს, უყურადღებოდ წამით მაინც დამტოვოს, წლებია ასე გრძელდება", - ამბობს კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე. ის გულახდილად გვესაუბრება მეუღლეზე, შვილებზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე, მუსიკაზე, პროექტზე "მიმღერე" და მონიკა ბელუჩისთან შეხვედრის ამბავსაც იხსენებს.

- პროექტში "მიმღერე" ჩართვას სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც ამიხსნეს, ეს არ იქნებოდა კონკურსი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. დღემდე არც ერთ კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია და ალბათ არც მივიღებ, მაგას მუსიკალურ მონაცემებსა და პროფესიონალიზმს მიღმა, კიდევ სხვა რამ სჭირდება. ჩვენს პროექტში კი ოჯახური, მეგობრული გარემოა და ეს მსიამოვნებს. ტელევიზიასთან მოლაპარაკებების დროს ბოლომდე არ ვიცოდი, მონაწილეები ვინ იქნებოდნენ, მაგრამ ნაწილის შესახებ ინფორმაცია მქონდა.

- მაყურებელთა მიერ გამოხატული ემოციებიდან რა დაგამახსოვრდათ?

- სოციალურ ქსელში ამ პროექტის მიმართ ძალიან დიდი პოზიტივია. ხალხს მონატრებია მსგავსი საღამოები. ქუჩაში მაჩერებენ, მელაპარაკებიან (არა მხოლოდ მე, სხვა - მონაწილეებსაც). თუ არ ვცდები, სამი ეპიზოდი დარჩა. სხვათა შორის, მეუბნებიან, თუ გაგრძელდება, კარგი იქნებაო.

- თქვენი ოჯახის შესახებ მიამბეთ, ლელუკა როდის და სად გაიცანით?

- ლელუკა 19 წლის წინ, "თეატრალურის კვარტეტის" ერთ-ერთ რეპეტიციაზე გავიცანი. ჯგუფი ახალი შეკრებილები ვიყავით, მეორე თუ მესამე რეპეტიცია გვქონდა, მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი დათო არჩვაძე იყო. დათო და ლელუკა ბავშვობის მეგობრები არიან. ერთ დღეს დათოს უთქვამს, ძალიან კარგი კვარტეტი შეიკრიბა, წამოდი, რეპეტიცია აქვთ და მოგასმენინებო. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღის შემდეგ გულში ჩამივარდა.

- მისი გულის მოგება გაგიჭირდათ?

- დიახ, 8 წელი მოვანდომე.

- რთულად მოსახიბლი აღმოჩნდა?

- ასე გამოდის.

- რა პიროვნული თვისებები აღმოაჩინეთ ამ ადამიანში, რამაც მასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩინათ?

- ყველაფერი ის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც ადამიანში მხიბლავდა.

- უფრო კონკრეტულად?

- ლელუკა ძალიან თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველია. არ არსებობს, უყურადღებოდ ერთი წამით მაინც დამტოვოს, წლებია ასე გრძელდება. სიტყვებითაც მიჭირს გადმოცემა. ლელუკა არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ზრუნავს ჩემზე. მეც მზრუნველი ვარ.

- 8-წლიანი მცდელობის შემდეგ, თავად რით მოხიბლეთ?

- (იცინის) ეგ უკვე არ ვიცი, ამაზე არასდროს გვილაპარაკია.

- სიყვარულში როგორ გამოუტყდით, იმ დღეს როგორ გაიხსენებთ?

- ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ქცევაზე მეტყობოდა, რომ მიყვარდა. მისი გაცნობის შემდეგ მეტყველების უნარი ნელ-ნელა წამერთვა (იცინის).

- რომანტიკა, სიურპრიზები რა დოზით არის თქვენს ურთიერთობაში?

- ადრე მეტად რომანტიკული ვიყავი, თუმცა ახლაც ვარ. ლელა ჩემზე მეტად რომანტიკულია. გამოგიტყდებით, ეს ამბავი ლელას უკეთესად გამოსდის, ის ჩემს გაოცებას ხშირად ახერხებს.

- გარდა იმისა, რომ ერთმანეთს პიროვნული თვისებებით ხიბლავთ, მუსიკაც გაერთიანებთ. ჰარმონიული ურთიერთობისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუსიკა არის ფერები, სურნელება, შეგრძნება... ყველაფერი მუსიკასთან ასოცირდება, ლელუკაც ასეა, ჩვენ ერთი სამყარო გვაქვს. რა თქმა უნდა, ხშირად ვკამათობთ, მუსიკაზე, ფილმებზე, მაგრამ ჩვენ მაინც ერთი სამყარო გვაქვს. მუსიკა ჩვენს ურთიერთობას დამატებით სხვა ფერებსა და ხიბლს სძენს.

- ლელუკა რომ მუსიკალური არ ყოფილიყო, თქვენს ურთიერთობას ეს თავისებური ხიბლი მოაკლდებოდა?

- ალბათ მოაკლდებოდა. ჩემი დილა, საღამო არის მუსიკა. ამის გარეშე წარმოუდგენელია. სულ მიკვირს, როგორ სამყაროში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მუსიკასთან არანაირი შეხება არა აქვთ. სხვათა შორის, ასეთებთან აქამდე ურთიერთობა არ მქონია.

- წლების წინ როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები დიდ სცენაზე?

- რომ შევიკრიბეთ, რეპეტიციები დავიწყეთ და ამ საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი, პირველი ეტაპი კომპოზიტორების გაცნობა იყო. კარგად მიგვიღეს მაცაცო სებისკვერაძემ, ნუნუ დუღაშვილმა, ნუნუ გაბუნიამ, მარიკა კვალიაშვილმა, ვაჟა აზარაშვილმა, შემდეგ - ჩვენმა თანამედროვე კომპოზიტორებმა, ქეთი გაბისიანმა და ლილიკო ნემსაძემ. ამ ადამიანებმა დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს წარმატებაში. პირველი კომპოზიტორი, რომელიც გვენდო და სცენაზე დაგვაყენა, ნატო გელაშვილი იყო. გვერგო პატივი, მისი კონცერტი მისივე არაჩვეულებრივი სიმღერით გაგვეხსნა. ნატო გელაშვილს ჩვენი სცენის ნათლია შევარქვით.

- ბავშვობაში არ მღეროდით?

- ბავშვობაში არც ერთ საბავშვო სტუდიაში არ დავდიოდი, სპორტით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სულ მინდოდა მემღერა, ბავშვთა ანსამბლებში მევლო. მუსიკალური საქმიანობა გვიან დავიწყე, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი რომ გავხდი. ჩვენი კვარტეტის წევრმა ლაშა კირვალიძემ ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი "თეატრალები", რომელსაც გოგიტა ბუგიანიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ 4 კაცი გამოვეყავით და შეიქმნა "თეატრალურის კვარტეტი", რომელსაც სათავეში დათო არჩვაძე ჩაუდგა. ჩემი მუსიკისადმი სიყვარული ოჯახიდან მოდის. ჩემთან სულ ისმოდა ქართული სიმღერა, მას ვერ გავექცეოდი, არც მქონდა შანსი, არ შემყვარებოდა, ან მასზე კარგი რა უნდა შემყვარებოდა?! ბებიას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში.

- თქვენი შვილები - დუდუ და მაშო მუსიკალურები არიან, არა?

- დიახ. მგონი, ისინი თავიანთ სიტყვას იტყვიან. დუდუს 3 წლიდან თავისი ნაშრომები აქვს.

- 3 წლის ბავშვი მუსიკის დაწერას როგორ ახერხებდა?

- ინსტრუმენტთან ჯდებოდა და თავის გამოგონილ მელოდიას უკრავდა. გავიდოდა რამდენიმე დღე და ისევ იმავე მელოდიას იმეორებდა. არ ვიცი, ასე ზუსტად როგორ იმახსოვრებდა, მე ჩუმად ვიწერდი. შემდეგ რომ ვეკითხებოდი, იმ მელოდიებს რაღაც სახელებს არქმევდა. ერთი ნაწარმოები პანდემიას მიუძღვნა. ახლა მუსიკალურ ათწლედში შევიყვანეთ და იქ სწავლობს.

- საინტერესოა, მელოდიებს რა სახელებს არქმევდა?

- ერთს "გაზაფხული" დაარქვა, ერთ მელოდიას - "კორონა".

- "კორონა" როგორ ჟღერდა?

- მძიმე და მოწყენილი მუსიკა გამოუვიდა.

- შვილები როგორი შემფასებლები არიან?

- ჩემი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი დუდუა, მისი ყველაზე მეტად "მეშინია".

- მისი კრიტიკა დაგხმარებიათ?

- ძალიან ბევრჯერ. სხვათა შორის, ისეთი რჩევები აქვს, თუ დაფიქრდები, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ძალიან მიკვირს, ასეთი შეფასების უნარი საიდან აქვს.

- "მიმღერეს" იმ ეპიზოდებიდან, რომლებიც ეთერში უკვე გავიდა, თქვენს საუკეთესო გამოსვლად რომელს მიიჩნევთ?

- ჩემს სულსა და გულთან რომელიც ყველაზე ახლოს არის - ქალაქური სიმღერაა. ვფიქრობ, რომ ამ ეპიზოდში სიმღერა ყველას ძალიან კარგად და გულიანად გამოგვივიდა.

- ოჯახურ შეკრებებს ისევ აგრძელებთ?

- რა თქმა უნდა. 1-ლ მაისს ჯორჯიკიებთან მთელი შემადგენლობით ვიყავით (იცინის). სულ ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. ახალი იდეები იბადება. მალე რეგიონებში, დიდ ქალაქებში მსმენელის წინაშე ჩვენი პროექტის მარგალიტი სიმღერებით წარვდგებით.

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ოჯახსა და შვილებთან ერთად ყოფნა. ხშირად ქალაქგარეთაც გავდივართ. ოჯახთან ერთად ყოფნას არაფერი შეედრება ამ ქვეყანაზე.

- გვარად ჭეფხოძე ხართ, "შემოქმედელი" ფსევდონიმად წარმომავლობის გამო აიღეთ?

- ჯერ ფსევდონიმი იყო, ახლა კი უკვე ოფიციალურად ვარ კობა შემოქმედელი-ჭეფხოძე. ჩემი ოჯახი წარმოშობით გურიიდან, ძალიან ლამაზ სოფელ შემოქმედიდანაა. ეს სოფელი სიგიჟემდე მიყვარს. ჩემს შვილსაც ძალიან მოსწონს. როგორც კი დრო გვაქვს, გურიაში ჩავდივართ, ზაფხულობით უფრო ვახერხებთ.

- შემოქმედელების გამოხმაურება როგორია? ამაყობენ?

- სოფელში ძალიან ბევრი ახლობელი და ბავშვობის მეგობარი მყავს. ჩემდამი სითბოსა და სიყვარულს არასდროს იშურებენ. რაც "თეატრალური კვარტეტი" არსებობს და ეკრანზე მხედავენ, სულ მირეკავენ, მათამამებენ და მეფერებიან. კვარტეტის ბიჭებსაც კარგად იცნობენ, იქ მათთან ერთადაც არაერთხელ ვყოფილვარ.

- თქვენს არქივში არის მონიკა ბელუჩისთან ერთად გადაღებული ფოტო. ამ ფოტოს ამბავი მომიყევით.

- 2017 წელს არის გადაღებული, იტალიაში ერთ-ერთ ქალაქში გასტროლზე ვიყავით. გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩვენს კონცერტს მონიკა ბელუჩი დაესწრებოდა. რამდენიმე სიმღერა გვქონდა ნამღერი, დარბაზში რომ შემოვიდა. დაესწრო კონცერტს. "სულიკო" რომ ვიმღერეთ, ცრემლებიც კი წამოუვიდა. მონიკა ბელუჩი ბავშვობაში ვის არ გვიყვარდა (იცინის)?! კონცერტის შემდეგ ფოტოები გადავიღეთ.

- საქართველოს შესახებ რა იცოდა?

- ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი არ იცოდა, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ აგვეხსნა და კარგად წარმოგვეჩინა. რა თქმა უნდა, საქართველოში დავპატიჟეთ. იმედია, გვეწვევა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"