"არეული და დაბნეული არაერთხელ ვყოფილვარ" - კვირის პალიტრა

"არეული და დაბნეული არაერთხელ ვყოფილვარ"

ერთი შეხედვით, მისი ოჯახი იდეალურია, ყველაფერი აქვს, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო, მაგრამ სულ სხვაგვარია რეალობა. "სიყვარულს მიღმა" სულ სხვა ამბები ხდება, სულ სხვა ურთიერთობაა. პერსონაჟის როლს, რომელსაც სერიალში ანა ჰქვია, მსახიობი სოფო გორელაშვილი ასრულებს.

რა საერთო თვისებებს პოულობს ამ პერსონაჟთან, როგორ იქცევა მაშინ, როცა მის ცხოვრებაშიც დგება დაბნეულობის და გაურკვევლობის პერიოდი, რას ფიქრობს ბედნიერების ძიებაში დაშვებულ შეცდომებსა და ცნებაზე "იდეალური ოჯახი"? - ამ ყველაფერზე სოფო გულახდილად გვესაუბრა.

- მსახიობობის სურვილი რა ასაკში გაგიჩნდა?

- ბავშვობაში მინდოდა, სტილისტი ვყოფილიყავი, შემდეგ მსახიობობამ გამიტაცა. რაც დრო გადიოდა, თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ეს პროფესია უნდა ამერჩია. ერთი ადამიანის ცხოვრება არ მაკმაყოფილებდა, ბევრნაირი ცხოვრებით მინდოდა მეცხოვრა და ამის შესაძლებლობად მსახიობობა ანუ ბევრი პერსონაჟის შექმნა მივიჩნიე.

- თუმცა, ოჯახმა არჩევანი არ მოგიწონა...

- დედას არ უნდოდა, თეატრალურში მესწავლა. მაშინ ვერ ვიგებდი, ახლა ძალიან კარგად ვხვდები, მას ამის სურვილი რატომ არ ჰქონდა. საქართველოში არ არის ეს სფერო სათანადოდ განვითარებული, არის დაბალანაზღაურებადი, სულ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობ, არ გაქვს სტაბილურობა...

- გარკვეული დროის განმავლობაში ფსიქოლოგიურზე სწავლობდი, არა?

- დიახ, ერთი წელი ვისწავლე ამ ფაკულტეტზე. თავისთავად, ფსიქოლოგია საინტერესოა, მაგრამ მე სხვა ლექციებს ვერ ვესწრებოდი. ძალიან უბედური ვიყავი. ის გარემო ჩემთვის მიუღებელი იყო. რუსთაველის თეატრსა და თეატრალურ უნივერსიტეტს რამდენჯერაც ჩავუვლიდი, იმდენჯერ ტირილს ვიწყებდი. დედამ ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და დამნებდა, - ოღონდ შენ იყავი ბედნიერი და ისწავლე, სადაც გინდაო.

- დღეს, როცა ეკრანზე გხედავს, რას გეუბნება?

- დედა სულ ნერვიულობს და შფოთავს. ჩემი წარმატება, რა თქმა უნდა, ძალიან ახარებს, მაგრამ ისეთ პერიოდებში, როცა საქმე არ მაქვს, მეუბნება, რომ თავის დროზე სწორედ ამიტომ იყო ჩემი გადაწყვეტილების წინააღმდეგი. მაგალითად, პანდემიის დროს სრულიად უსაქმოდ ვიყავი, მხოლოდ მცირე ხნით მქონდა "თესეას" გადაღებები.

- როდესაც თეატრალურში ჩააბარე, გქონდა განცდა, რომ სწორ ადგილზე მოხვდი, თუ იმედგაცრუებაც იყო?

- პირველ კურსზე მქონდა განცდა, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. გარემო ისეთი იყო, როგორიც მინდოდა, სწავლის პროცესიც საინტერესო გახლდათ, მაგრამ რეჟისორმა, რომელიც მაშინ გვასწავლიდა, ჩემთან ურთიერთობისას სხვაგვარი მიდგომა აირჩია.

- რას გულისხმობ?

- როგორც მოგვიანებით გავარკვიე, თურმე თვლიდა, რომ ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. ამბობდა, პირველკურსელი ასეთი გათამამებული არ უნდა იყოს, რქები უნდა მოვამტვრიოო. სულ მეუბნებოდა, იცოდე, შენს ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე დაბრუნდებიო.

- ეს გთრგუნავდა?

- ძალიან. მას ჰქონდა წარმოდგენა, რომ ძალიან გათამამებული და თავდაჯერებული ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ასე ნამდვილად არ იყო. იმ ხერხით, რომელიც ჩემთან საურთიერთოდ აირჩია, ჯოჯოხეთი გამატარა. საბოლოო ჯამში, როცა ახალ პიესაზე მუშაობა დაიწყო და რამდენიმე სტუდენტი აგვარჩია, ორი გოგოდან ერთ-ერთი მე ვიყავი. მაშინ მივხვდი, თურმე როგორი თვალით მიყურებდა; თურმე რატომ ჰქონდა ასეთი მიდგომა ჩემდამი. ეს ყველაფერი პირველ კურსზე ხდებოდა, მერე ყველაფერი კარგად აეწყო.

- უმეტესად ფილმებში, სერიალებში თამაშობ. თეატრზე, სპექტაკლებში თამაშზე უარი თავად თქვი თუ ასე თავისთავად მოხდა?

- კინო სხვაგვარად მიტაცებდა, თეატრს სხვაგვარი ხიბლი აქვს. თავიდანვე ასე გადაწყვეტილი არ მქონდა, რუსთაველის თეატრში ვითამაშე, შემდეგ სხვადასხვა თეატრში მიწვეული მსახიობის სტატუსით ვთამაშობდი. სწავლა რომ დავასრულე, რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუასთან კასტინგი ტარდებოდა, ამისთვის ვემზადებოდი. ამასობაში მოვხვდი რუსულ პროექტში, სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლზე დამამტკიცეს, რის გამოც საქართველოდან წასვლამ მომიწია. სანამ წავიდოდი, გოგი მარგველაშვილთან მივედი და რჩევა ვკითხე, - რუსთაველის თეატრისკენ ავიღო გეზი, თუ ამ პროექტში თამაშს დავთანხმდე-მეთქი? მახსოვს, ბატონმა გოგიმ მითხრა, ეს არის უცხოეთის ბაზარზე გასვლა და რა გინდა, წლების განმავლობაში თეატრში ბუჩქი ითამაშო თუ უცხო ბაზარზე გახვიდეო? ეს გადამწყვეტი წინადადება იყო. წავედი გადაღებებზე და ეს იყო ჩემი ძალიან სწორი გადაწყვეტილება. საკმაოდ ადრეულ ასაკში ვითამაშე უკრაინელ და ბელარუს ვარსკვლავებთან ერთად. დიდი გამოცდილება მივიღე. დამოუკიდებლობასაც შევეჩვიე, იქ მარტო ვცხოვრობდი. ვიგრძენი, რა არის მსახიობისთვის დაფასება, თან გადაყოლა. გადაღებები ბელარუსსა და ყირიმში იყო. ბევრი რამ ვისწავლე, დიდი გამოცდილება მივიღე.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა" ერთ-ერთ მთავარ როლზე როგორ მოხვდი?

- ბოლო პერიოდში, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში, გერმანიაში ვიყავი. რომ ჩამოვედი, ჩემს პროფესიაში იმდენად გაყინული მდგომარეობა იყო, ვიფიქრე, სხვა სფეროში წავიმუშავებ-მეთქი. დაახლოებით ერთი თვის წინ ერთ-ერთმა პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა, - ახალ სერიალს ვიწყებთ, ერთ როლზე დიდი ხანია მსახიობს ვეძებთ და იქნებ შემოგვიაროო? ამ ეტაპზე გონება სულ სხვაგვარად მქონდა მომართული, ახალ პროექტში ჩაბმას არ ვაპირებდი, მაგრამ მივედი, ვისაუბრეთ. ორ დღეში დამირეკეს, დაგამტკიცეთო და პირდაპირ გადასაღებ მოედანზე მოვხვდი.

- პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" ასრულებ, რას გვეტყვი?

- ვცდილობ, როლიც მომერგოს, მეც მოვერგო. მთავარი ხაზი დაწერილი იყო, გზადაგზა პატარა კორექტირებას ვახდენთ.

- საინტერესო სათამაშოა?

- ამ პერსონაჟის თამაში ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. ღალატის თემაა, სხვათა შორის, ეს თემა იყო "თესეაშიც", პრობლემა სხვადასხვა გახლდათ, მაგრამ გამოსავალი - იდენტური. ამიტომაა ბეწვის ხიდზე სიარული: ჩემი ეს პერსონაჟები ერთმანეთს არ უნდა დაემსგავსონ, ერთმანეთთან არ უნდა გაიგივდნენ. არადა, მაყურებლის მხრიდან უკვე იყო კომენტარები, - ამ მსახიობს რა სულ მოღალატის როლს ათამაშებთო?!

- სერიალის მთავარი სათქმელი რა არის?

- ცხოვრებისეული სერიალია. გგონია, ეს ამბავი შენს უბანში, სამეზობლოში ხდება. ვფიქრობ, ყველას სხვადასხვაგვარი მესიჯი მიუვა, მთავარ სათქმელს ყველა თავისებურად აღიქვამს, არ მინდა, ვუკარნახო. ცხოვრებაშიც ხომ ყველა თავისებურად ვიბრძვით ბედნიერებისთვის. ბრძოლა კი არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ.

- პერსონაჟის მსგავსად, ბედნიერების ძიებისას ბევრი შეცდომა თავადაც დაგიშვია?

- რა თქმა უნდა, დამიშვია (იცინის). ალბათ კიდევ დავუშვებ, ამისთვის მზად ვარ, სხვაგვარად შეუძლებელია. შეცდომები უნდა დავუშვათ, რომ ვისწავლოთ. მთავარია, ისეთი შეცდომა არ დავუშვათ, რომ სხვას ტკივილი მივაყენოთ.

- პერსონაჟთან რა საერთო თვისებებს პოულობ, ანას რით ჰგავხარ?

- მტკიცე ხასიათი გვაერთიანებს. ანა რა მდგომარეობაშიც არის, მისი ძალიან კარგად მესმის. არეული და დაბნეული თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ. თავი ძლიერი რომ გგონია და უეცრად ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდები, შენი სიმტკიცე, თავდაჯერებულობა და ყველა ძლიერი თვისება სადღაც ქრება, ჩიხში ექცევი, პატარა ბავშვივით ხდები და ვეღარ ხვდები, რა უნდა აკეთო. ჩემი პერსონაჟის მსგავსად, ეს ჩემთვისაც ნაცნობი სიტუაციაა.

- ასეთ დროს განცდებს, ემოციებს ვის უზიარებ, რჩევას ვის ეკითხები?

- არის მდგომარეობა, რომელზეც საერთოდ არავისთან ვლაპარაკობ. ზოგჯერ კი ოჯახში ხდება "კონსილიუმის" შეკრება.

- "კონსილიუმის" წევრები ვინ არიან?

- დედა, დეიდები, დეიდაშვილი, მეგობარი... აბა, ახლა ასეთი მდგომარეობა გვაქვს და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? მერე იწყება აზრების გაცვლა და ხშირ შემთხვევაში, ყველანი ერთად ვხალისობთ, ვერთობით.

- ლევან ხურცია როგორი პარტნიორია?

- არაჩვეულებრივი პარტნიორია, პირდაპირ და გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა. აქამდე არ ვიცნობდი და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა. ზუსტად გრძნობს, რა დროს რას ვაკეთებ, იმპროვიზაციაზეც უსიტყვოდ მყვება. შეხმატკბილებულები ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ტემპი არ ეცემა, ძალიან გამიმართლა.

- როგორ ფიქრობ - შენს პერსონაჟში თავს ბევრი გოგო ამოიცნობს?

- ბევრი გოგო ამოიცნობს, მაგრამ ამას ბევრი არ აღიარებს. შეიძლება მთლად ჩემი პერსონაჟის მსგავსი ქმედებები არ ჰქონდეთ ჩადენილი, მაგრამ გაფიქრებული მაინც ექნებათ. მგონია, რომ ეს პრობლემა არსებობს, თითქოს ყველაფერი გაქვს და ბედნიერი მაინც ვერ ხარ. ბედნიერება ხშირად ბუტაფორიაა. იდეალური ოჯახი (ისევე, როგორც ადამიანი) არ არსებობს. ყველაფერი კომპრომისის ხარისხზეა დამოკიდებული.

- როგორ მიგიღო მაყურებელმა, პერსონაჟთან ხომ არ გაიგივებენ?

- კომენტარებს ნაკლებად ვკითხულობ, ახლა შემოქმედებით პროცესში ვარ მთლიანად ჩართული. ერთადერთი, რაც ხშირად მესმის: "ვა! როგორ ჩავუჯექი..." ის, რომ შემდეგი სერიის მოლოდინის განცდა გაჩნდა, ძალიან მახარებს.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ამ ეტაპზე ძალიან კარგად ვარ. მე და ჩემი შვილი საბა, შეიძლება ითქვას, რომ ერთად ვიზრდებით. საქმეზე ვარ მთლიანად გადართული. პირადზე ლაპარაკი არ მიყვარს, ისედაც დიდი სიახლეები არ არის.

- საბა რამდენი წლის არის?

- 11-ის არის, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება, თუ გეტყვი, რომ 21 წლისაა... ამიტომ ვამბობ, მე და საბა ერთად ვიზრდებით-მეთქი. იმ ასაკშია, ხანდახან განტვირთვა რომ მინდა, საბასთან ერთად ვსეირნობ და რაღაცებზე ვჭორაობთ, მეგობრები ვართ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"