"მსოფლიოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს...“ - კვირის პალიტრა

"მსოფლიოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს...“

"ჩვენი პოლიტიკური ძალების პრობლემა რა არის, იცით? პიროვნებებს მუდმივად ლიდერობა სურთ, იმის ნაცვლად, რომ იდეა გახდეს ლიდერი და ახალ სახეებს გასაქანი მისცენ...“

მოლოდინი, რომ 9 მაისს რუსეთი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა და საყოველთაო მობილიზაციას დაიწყებდა, არ გამართლდა. შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვში, წითელ მოედანზე, აღლუმი არც შთამბეჭდავი გამოდგა და მაინცდამაინც არც საზეიმო ელფერი დაჰკრავდა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვაც უფრო თავის მართლებას ჰგავდა უკრაინაში წამოწყებული ომის გამო და მუქარის ელემენტებსაც ნაკლებად შეიცავდა. ფაქტია, რუსეთი საბრძოლო წარმატებას მაინცდამაინც ვერ აღწევს, მეტიც - უკრაინელებმა მოახერხეს ხარკოვის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება. "უკრაინამ აიძულა რუსეთი თავისი სამიზნეები ოპერატიულ და ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა და ომი გრძელვადიან ფაზაში გადადის,“ - განაცხადა ორიოდე დღის წინ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა. მისი თქმით, 24 თებერვალს თავდასხმის შემდეგ მოსკოვი ელოდა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა და კრემლი იქ ახალ რუსულ სისტემას შექმნიდა, მაგრამ უკვე მთელი მსოფლიოსთვის ცხადია, რომ უკრაინის არმიამ და მოსახლეობამ ოკუპანტები მოიგერიეს და მათი გეგმაც ჩაშალეს. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომის ეს გრძელვადიანი ფაზა და გამარჯვების რა შანსი აქვს უკრაინას? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalch.jpg

- სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინაში საომარი ვითარება წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდოდა. ომის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთს მცირე წარმატებაც კი უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინა კი, ვხედავთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდება და უდიდეს ფინანსურ დახმარებასაც იღებს. ჩემი აზრით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. აუცილებელია რუსეთის მმართველი რეჟიმის სრული დემონტაჟი. ევროპა და მსოფლიო აღარ აპირებენ მსგავსი რეჟიმის ატანას. მხოლოდ პუტინის შეცვლა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, აბსოლუტურად არასწორი იქნება, რადგან ცოტა ხანში იგივე განმეორდება - დაახლოებით 10 წელიწადში რუსეთი ისევ გაძლიერდება და მსოფლიოც იმავე პრობლემების წინაშე დადგება. გორდიას კვანძი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და დღეს უკრაინა, მთელი მსოფლიოს დახმარებით, ამას აკეთებს.

- უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ძვრების მომსწრენი ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ახალი მსოფლიო ჩვენ თვალწინ ყალიბდება. ისმის კითხვა: სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო? მოგეხსენებათ, ჩვენ, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკომისიას უკვე ჩავაბარეთ ევროკავშირის კანდიდატობის კითხვარის პასუხები, რაც ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ, ამის მიუხედავად, არაერთი საყვედური ისმის ხელისუფლების მისამართით, რომ ის არ არის აქტიური და არ ცდილობს მომავალ განახლებულ მსოფლიოში საკუთარი ადგილისთვის ბრძოლას.

- ბევრი ამბობს, რომ კანდიდატობის მინიჭების გზაზე უკრაინას მეტი შანსი აქვს, ვიდრე საქართველოსა და მოლდოვას, მაგრამ მე ასე არ მგონია. ვფიქრობ, კანდიდატობას დაჩქარებულად მიანიჭებენ სამივე სახელმწიფოს, მაგრამ ერთ რამეს შეგახსენებთ: თურქეთმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 1991 წელს მიიღო, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მისი გაწევრება. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სრულიად იცვლება მსოფლიოს წესრიგი, უსაფრთხოების სისტემები. მსოფლიო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის შემდეგ გაეროს მნიშვნელოვანი რეფორმირება მოხდება, გაძლიერდება მისი სამშვიდობო ძალები, შეიცვლება უსაფრთხოების საბჭოს პრინციპი და ა.შ. ამისთვის ახლავე უნდა ვემზადებოდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება საქართველოში? მთავარ თემად ისევ მიხეილ სააკაშვილი აქციეს. ერთნი გაიძახიან, გავათავისუფლოთ მიშა და გავუშვათ საზღვარგარეთო. მეორენი ამტკიცებენ, რომ მიშა დამნაშავეა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი და ა.შ. ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა... თქვენ აქტიურობა ახსენეთ. ჩემი შეფასებით, აქტიურობს მხოლოდ უკრაინა, იმიტომ, რომ ომშია. მაინცდამაინც ვერც მოლდოვის აქტიურობას ვხედავთ...

- მას მერე, რაც დნესტრისპირეთში აფეთქებები მოხდა და გაჩნდა ვარაუდი, რომ შეიძლებოდა რუსეთი მოლდოვაშიც შეჭრილიყო, მოლდოვის პრეზიდენტი აშკარად უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა...

- ეს უფრო ცუგცვანგის ვითარება იყო. მოლდოვა სუსტი ქვეყანაა. სიმართლე გითხრათ, როცა რუსეთისგან საფრთხის მოლოდინი გაჩნდა, აქტიურობა უფრო ევროპისგან წამოვიდა. რასაკვირველია, არსებობს საფრთხე, რომ რაღაც გამარჯვების საჩვენებლად რუსეთმა მოლდოვასაც დაარტყას, თუმცა ეს ჯერჯერობით თეორიული საფრთხეა. ისე კი, არა მგონია, რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო გეგმები ჰქონდეს, მით უფრო, რაც დავინახეთ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული სამხედრო სტრატეგია არ ჰქონია. აკეთებს რაღაც ტაქტიკურ სვლებს, რაც უკვე ხავსმოკიდებულია და, პრაქტიკულად, ისეთივე ტექნოლოგიებით იბრძვიან, როგორითაც მეორე მსოფლიო ომის დროს.

- კვლავ არაერთ კითხვას იწვევს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით... ისევ ხშირად ვისმენთ გაუგებარ და არასწორ განცხადებებს.

- უკვე აღვნიშნე ჩვენი პოლიტიკური ელიტის სრულიად არასწორი მიდგომები და განცხადებები, რაც შესამჩნევია როგორც შიდა, ასევ გარე პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ელიტის პოლიტიკური სიბრმავის მოწმე ვართ, მაგრამ ალტერნატივას ხედავთ? ჩვენ გვყავს ის მთავრობა, რაც დავიმსახურეთ. ხომ ნახეთ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები? "ქართული ოცნების" რეიტინგი კია შემცირებული, მაგრამ ოპოზიციისა მთლად მიწასთან არის გასწორებული. ჩვენში ხალხს ყველაზე მეტად ერთმანეთის გინება მოსწონს, რის ცოცხალ მაგალითებსაც აჩვენებენ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". გვყავს ეს ორი გახლეჩილი ბანაკი და ვერავინ გამოჩნდა, ვინც მათ შორის არსებულ სიცარიელეს შეავსებს. ჩვენი პოლიტიკური ძალების პრობლემა რა არის, იცით? პიროვნებებს მუდმივად ლიდერობა სურთ, იმის ნაცვლად, რომ იდეა გახდეს ლიდერი და ახალ სახეებს გასაქანი მისცენ... უბედურება ისიც არის, რომ თუ ახალი ძალა არ გამოჩნდა, 2024 წელსაც იგივე შედეგი გვექნება, ოღონდ არჩევნებზე, ალბათ, ელექტორატის 5%-ზე მეტი არ მივა.

- გასული კვირის სკანდალად იქცა შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კერძო დავა, რომელიც ივანიშვილმა მოიგო. შედეგად ბანკმა მას უნდა გადაუხადოს 500 მილიონი დოლარი, რის გადარიცხვაშიც პრობლემები შეიქმნა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა მოახერხეს, ეს კერძო დავა საერთაშორისო პოლიტიკურ სკანდალს დაამსგავსეს და ლამის პირდაპირ დაადანაშაულეს აშშ, თითქოს ივანიშვილს ფულს მისი ჩარევით არ ურიცხავენ, რითაც, თუ ირაკლი კობახიძეს დავუჯერებთ, მისი პოლიტიკაში შემობრუნება და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი აბსურდს ჰგავს, თუმცა კობახიძის კონსპირაციას ოპოზიციაც კვებავს, რომელიც დაჟინებით ამტკიცებს, რომ ივანიშვილს დასავლეთი სანქციებს დაუწესებს. თქვენი აზრით, რას ემსახურება ეს აურზაური, რომელიც ჭიქაში ქარიშხალს უფრო ჰგავს, ვიდრე სიმართლეს?

- ჩემი აზრით, საქმე გვაქვს აღვირახსნილ ტყუილთან და აქ პოლიტიკის გარევა სრულიად უადგილო მგონია. კაცს მოჰპარეს ფული; ის ტიპი, ვინც მოჰპარა, ზის ციხეში და ახლა კორპორაციასაც არ სურს ფულის სრულად დაბრუნება - აი, ამას უკავშირდება სარჩელები. თან ეს დავა გუშინ არ დაწყებულა, კარგა ხნის დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია ვიქტორ ყიფიანი. მას ვიცნობ, პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. აი, ირაკლი კობახიძე რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ, ალბათ. სულ ცდილობს, რაღაც კონსპირაციული სიუჟეტები გამოაცხოს. ვურჩევ, დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდი" წაიკითხოს. ან შეიძლება წაიკითხა კიდეც და ამის მიხედვით თხზავს რაღაცებს. მისი განცხადებები, ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილია ისევე, როგორც ივანიშვილის სანქცირების თემა. მე როგორც ვითარებას ვაკვირდები და უცხოელების განცხადებებსაც ვიცნობ, სანქციებზე ლაპარაკიც არ არის, ალბათ, შვეიცარიულ ბანკს ეს ძალიანაც გაუხარდებოდა, რადგან ფულს აღარ დააბრუნებდა (დიდი ალბათობით, თავიანთ განცხადებაში გეოპოლიტიკური ვითარებაც ამიტომ ახსენეს), მაგრამ ეს უფრო ამ ბანკის სურვილია, ვიდრე - რეალობა. რის გამოც სანქციები წესდება, ივანიშვილის შემთხვევაში იმის ნატამალი საფუძველიც კი არ არსებობს. თითიდან გამოწოვილი და სისულელე მგონია იმის მტკიცებაც, რომ ის რუსულ პოლიტიკას ატარებს. მას ეს არ სჭირდება. ამით საკუთარ თავს მიაყენებდა ზიანს, მაგრამ აქ ხომ პრორუსულობის დაბრალება პოლიტიკური ძალების საბრძოლო იარაღია! ასე აქვთ თავიანთი პოლიტდისკურსი აგებული. "ქართული ოცნებისთვის" მიშაა რუსეთის აგენტი, "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი - ბიძინა ივანიშვილი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი საკითხიც: უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თაობაზე ჩვენი პრემიერ-მინისტრის "ოსტატური" განცხადებების შემდეგ ახსნა-განმარტებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა თუ დიდი ბრიტანეთის ელჩს დასჭირდათ. წარმოგიდგენიათ?! ამ ხალხმა უკეთესად განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდა! ეს სანქციები საკუთარ თავზე ვიგემე, რადგან ჩვენ თურქეთში ვგზავნით სინჯებს ქიმურ ანალიზზე დასამუშავებლად და აქამდე თუ ერთ დღეში ჩადიოდა, ახლა ლამის 10 დღე სჭირდება, რადგან საბაჟოზე ისეთი რიგებია, ისეა გამკაცრებული კონტროლი, თითო მანქანას, სულ ცოტა, საათ-ნახევარი ამოწმებენ, რათა რაიმე არადეკლარირებული ტვირთი არ გაეპაროთ. ანუ სანქციები მუშაობს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად სრულიად გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით. მართალია, არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი კარგი მესმის ჩვენს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ვითარებას მეტ-ნაკლებად დაალაგებს. ჯერჯერობით მისი გამონათქვამები აბსოლუტურად აწონ-დაწონილია. ჩვენს პრემიერ-მინისტრს კი, თუ არ შეუძლია თვითონ "სპიჩის" მომზადება, იქირაოს ერთი ნორმალური "სპიჩვრაითერი"! რა არის ეს, ყველას თავი გენიოსი როგორ ჰგონია ამ ქვეყანაში?! გინახავთ, აშშ-ის პრეზიდენტს თვითონ დაეწეროს "სპიჩი"? ამაზე მთელი გუნდი მუშაობს. თუ რაღაცას არასწორად იტყვის, მერე ასევე მთელი გუნდი ფიქრობს ამის გამოსწორებაზე, ჩვენთან კი ოფისებში დასხეს ლამაზ-ლამაზი გოგონები, რომელთაც არავითარი განათლება არ აქვთ და პიარი დაარქვეს...

- ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ამავდროულად, ოპოზიციას მუდმივად ქვეყნის ომში ჩათრევის ცდაში ადანაშაულებენ...

- საქმე ის არის, რომ ოპოზიცია თავისი განცხადებებით ამ ვითარებას აქეზებს. ამას ემატებიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, პოდოლიაკი, არესტოვიჩი, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რა კარგი იქნებოდა, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყოო. ეს ხომ ამორალური განცხადებებია! 1991 წელს, როცა აფხაზეთში ქართველებს თავებს ჭრიდნენ, ჩაება ამ ომში უკრაინა? ან 2008 წელს გახსნეს მეორე ფრონტი? კი ბატონო, გვეხმარებოდნენ და ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენც ვეხმარებით... მაგრამ ერთია, რომ მათი მოწოდებები არასწორია, მაგრამ მეორეა, რას პასუხობენ ამას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები... ნებისმიერი ვითარება ნორმალურად უნდა გამოიყენო და არა ისე, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე. ყველაფერზე შეიძლება ადეკვატურად და კრიტიკულად რეაგირება, ყველაფრის თქმა შეიძლება, ოღონდ - ზრდილობიანად და დედის გინების გარეშე. გინების გარეშე სიტყვას გაცილებით დიდი ძალა აქვს.

თავიდანვე ძალიან ცუდად იყო ყველაფერი ნათქვამი და ახსნილი. მაგალითად, როდესაც მოხალისეებს ჩარტერული რეისით გაფრენის საშუალება არ მისცეს, ამას სკანდალი მოჰყვა! არადა, იგივე გააკეთა დიდმა ბრიტანეთმაც, მაგრამ ბორის ჯონსონმა ორ წუთში, ძალიან მარტივად აუხსნა უკრაინელებს, რატომ არ დაუჭერდა ბრიტანეთი მხარს მოხალისეებს. მოკლედ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ადამიანს თავისი კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობა უნდა ჰქონდეს, რაც ჩვენთან სერიოზული პრობლემაა.

- ისევ რუსეთ-უკრაინის ომს დავუბრუნდეთ... როდესაც გასული წლის დეკემბერში რუსეთმა უკრაინასა და საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა, მისი შეშფოთება, უპირველესად, შეეხებოდა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრებისა და, შესაბამისად, რუსეთის მეზობლად ნატოს დამკვიდრების პერსპექტივას, არადა, დღეს ვხედავთ, რომ გაცილებით უარესი მიიღო - უკვე შვედეთი და ფინეთიც შედიან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში...

- რუსეთი უარესს რომ მიიღებდა, თებერვალშივე ვთქვი. ეს მოსალოდნელი იყო. პუტინი შეიძლება კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ მისი სტრატეგია ნულის ტოლია, ამიტომაც ყოველთვის უკუეფექტს იღებს. ვფიქრობ, ამ ომის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ძვრები მოხდება, ფაქტობრივად, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია. ეს შეუქცევადი ცვლილებები იქნება. თითქოს იუმორისტული იყო რუსეთის დაშლის რუკა, რომელიც ჩინელებმა გამოაქვეყნეს, მაგრამ ვფიქრობ, აქაც საკმარისად იყო სიმართლე, როგორც ყველა სხვა ხუმრობაში... რუსეთი დაშლისკენ მიდის, ყველა იმპერიის ბოლო ასეთია...