საქართველოში რუსეთის უძლეველობის მითი "ოცნების“ შეთხზულია“ - კვირის პალიტრა

საქართველოში რუსეთის უძლეველობის მითი "ოცნების“ შეთხზულია“

"საგანგაშო ვითარებაა - მმართველი გუნდი ანტიევროპულ­ და ანტიამერიკულ გზავნილებზე გადავიდა. არის თუ არა ეს დიდი თავსატეხი და დიდი ტრაგედია ჩვენი უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისთვის? დიახ! როგორ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი?! - გასაღები არის მატყუარა ოცნებების პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, რომელიც დასავლურ ინტეგრაციის გზას უფრო და უფრო გვაცილებს", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ "დიდი შვიდეულის" შეკრებასა და ნატოს მინისტერიალზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება. ვაშაძის თქმით, ის, რომ "შვიდეულის" შეკრებაზე­ უკრაინა და მოლდოვაა წარმოდგენილი, ხოლო საქართველო - არა, სრული კატასტროფაა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და განუცხადა, რომ ხელისუფლება­ გაცილებით სწრაფად შეიცვლება და სავარძელს გაცილებით სწრაფად დაკარგავს, ვიდრე მას წარმოუდგენია, რადგან ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განცხადებებს, უპირველესად ქართველი ხალხი არ აპატიებს. რატომ ფიქრობს ოპოზიციონერი ლიდერი,­ რომ მმართველი გუნდი ანტიდასავლურ გზავნილებზე გადავიდა, რომ ხელისუფლება მალე შეიცვლება და როგორია პროცესების განვითარების მისეული ვერსია, ამის თაობაზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრა:

- საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის უმთავრესია ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ომი არ იქნება, არც მეორე ფრონტი გაიხსნება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ "ქართული ოცნება" აკეთებს ამისთვის რამეს, არა, საქართველოში ახალი კონფლიქტი არ შედის ამერიკის ინტერესებში. თუ ვინმეს საქართველოში ომი უნდა, ეს რუსეთია. სწორედ კრემლს სურს სუსტის დაჩაგვრით რეპუტაციის აღდგენა. ჩვენი მშვიდობის მთავარი გარანტი დასავლეთია, რომელიც რუსეთს დაუფარავად ეუბნება, რომ სადაც უნდა შეიჭრას, ომი ყველგან ძვირი დაუჯდება. სწორედ ამ მაღალი ფასის გამო ვერ გაბედავს რუსეთი საქართველოში სამხედრო ინტერვენციას. მეცინება, როცა "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რუსეთი ფინეთში აპირებს შეჭრასო. ფინეთთან ომის თავი აქვს ახლა რუსეთს?! რითი უნდა შეიჭრას, ჟანგიანი ტანკებით?!

- ალბათ, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და არაორდინარული ლიდერი ჰყავს.

- საქართველოში რუსეთის უძლეველობის მითი "ოცნების" შეთხზულია. სინამდვილეში, რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების თეორიული შანსიც არა აქვს. არის ისეთი ნიუანსები, საჯაროდ რომ არ ითქმის... ამერიკა, საზოგადოდ, ცივილიზებული სამყარო, პუტინის კეთილი ნების იმედად ნამდვილად არ არის. რუსეთში სამმა კაცმა იცოდა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებას აპირებდა, ამერიკის დაზვერვას კი 6 თვით ადრე ჰქონდა ინფორმაცია.

- თქვენ კი ამბობთ, რომ საქართველოში ომი რუსეთის გარდა არავის სურს, მაგრამ ჩვენ მოსმენილი გვაქვს უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ საქართველოში­ მეორე ფრონტის გახსნა უკრაინას შვებას მისცემდა. მაგალითად, ამას ხშირად ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი.

- არესტოვიჩი ჩვეულებრივი მრჩეველია, რომელიც პოპულარული "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული პოსტებით გახდა. ის არ არის უკრაინაში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები. თქვენ იცით, რომ პოროშენკოსთან ვმეგობრობ, მას მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს. არც ზელენსკის ან სხვა რომელიმე მთავარ ფიგურას მოუთხოვია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოში ომის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი დარწმუნდება, რომ იმდენად მარტო ვართ და აღარავის ვაინტერესებთ, რომ ორი ჟანგიანი ტანკის შემოგორებით შეძლებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას.ამის პრევენციისთვის საჭიროა თავდაცვისთვის მზადება. პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ახლა ვაშინგტონში უნდა იყვნენ და ჩვენთვის შეიარაღებას ითხოვდნენ. მე რომ მათ ადგილზე ვიყო, ლენდ-ლიზის ფარგლებში სულ რაღაც სამ თვეში თავდაცვით სისტემებს შემოვიტანდი. როცა რუსეთს ეცოდინება, რომ მძლავრი საჰაერო თავდაცვითი სისტემა გვაქვს, ადვილად ვეღარ დაარღვევს ჩვენს საჰაერო სივრცეს.

კავკასიონის სახით ღმერთმა საჩუქარი მოგვცა. რუსეთს საქართველოში შემოსვლა სულ ორი წერტილიდან შეუძლია. იმ ორ წერტილშიც ამერიკულ ჰაუბიცებს დავაყენებდით და ეგ იქნებოდა. ამას არ აკეთებს "ოცნება" და ხალხის ომით დაშინებას ცდილობს. ახლა სულ გადასცდნენ საზღვარს ანტიდასავლური გზავნილებით. ჩანს, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოლოდინში არიან და აღარ იციან, რას ეცნენ. სანქციებს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში დაუწესებენ - თუ აღმოჩნდება, რომ ივანიშვილი მართლა თანამშრომლობს რუსეთთან. სხვა შემთხვევაში სანქციები არ იქნება, ტყუილად ნუ მოვიტყუებთ თავს. იმის გასარკვევად, თუ ვინ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, ამერიკაში ორი ჯგუფი მუშაობს: ერთი - სახელმწიფო დეპარტამენტში, მეორე კი თეთრ სახლში, რომელიც არა მარტო შეისწავლის, ვინ უნდა დასანქცირდეს, სპეციალურ საკანონმდებლო ბაზასაც ქმნის. როგორც ჩანს, ამის ეშინია "ოცნებას" და წინასწარ დაიწყეს კამპანია. სანქციები არ იქნება, მაგრამ იქნება დაპირებული დახმარება, რათა დემოკრატიასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეფორმების გატარება აიძულონ. ამ მხრივ კი ბევრი სიახლე იქნება ორ-სამ თვეში. იქნება ასეთი შემოთავაზებები: სწრაფი ინტეგრაცია სწრაფი რეფორმების სანაცვლოდ, სწრაფი დახმარება, სწრაფი რეფორმების სანაცვლოდ.

- მაგრამ თქვენ ხომ თქვით, საქართველო მნიშვნელოვან ფორმატებში ადგილს კარგავსო.

- სიმართლე ვთქვათ, დასავლეთის შეფასება ასეთია, საქართველომ რეფორმების ჩემპიონის სტატუსი დაკარგაო. იყო პერიოდი, როცა რეგიონში რეფორმების გატარებაში ვლიდერობდით. დღეს კი ბრიუსელიც და ვაშინგტონიც ხედავენ, რომ ქვეყანაში ფეიკრეფორმები და ფეიკდემოკრატიაა. მართლა ჩნდება კითხვა, ასეთი მოცემულობის ფონზე როგორ უნდა დავუახლოვდეთ ნატოსა და ევროკავშირს? ახლოვდება მადრიდის სამიტი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსა და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ მადრიდის სამიტზე განხილულ იქნეს მეტი ინტეგრაციის საკითხი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" არ ითხოვს დამატებით თავდაცვისუნარიანობასა და შეიარაღებას ქვეყნისთვის. ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხიც, რომ დაიწყოს ამაზე მსჯელობა. პარალელურად საქართველოში უნდა გატარდეს დემოკრატიული რეფორმებიც, რასაც ჩვენგან ითხოვენ ნატო და ევროკავშირი. ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომლებსაც ითვალისწინებს 19 აპრილის შეთანხმება. ამიტომ, თუ "ოცნება" შეეცდება "მოგვყიდოს", რომ ვითომ ნატო ან ევროკავშირი არ იღებენ საქართველოს, ეს იქნება ტყუილი, რადგან ნატოსა და ევროკავშირში მიმავალი ყველა გზა ჩვენს ხელთაა. თუ სასამართლო კლანურია, არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, თუ სუს-ი და პოლიცია მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ, არც ნატო მიგვიღებს და არც ევროკავშირი, ტყუილად ფულს აღარ გადაყრიან. არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა მხოლოდ სამხედრო დაპირისპირება კი არა, მსოფლიოში ძალიან დიდი ეკონომიკური ომი მიდის. თუ სწორ საგარეო პოლიტიკას არ ავირჩევთ, ახლა რომ გვშია, იმაზე გაცილებით მეტად მოგვშივდება. ჩინეთმა გადაწყვიტა სასწრაფოდ მოიძიოს ახალი სარკინიგზო ქსელი ტვირთების გადასაზიდად, ვინაიდან იცის, რომ რუსეთის იმედად დარჩენა არ შეიძლება. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? რა არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი? - ივანიშვილის ქონების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ნუთუ ეს ნორმალურია?!

ხათუნა ბახტურიძე