"ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მაგრამ მე არ მიჯერებს და გთხოვ, შენ უთხარი, რომ წასვლა გადაიფიქროსო"
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 37 წლის რატი შურღაია დაიღუპა. ის ამბობდა, რომ უკრაინაში ბრძოლით საქართველოს მტერს ანადგურებდა, ამიტომ ბოლომდე იბრძოლებდა და ბრძოლის ველიდან მხოლოდ უკანასკნელი გამოვიდოდა. ასეც გააკეთა, - სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა ქალაქ ირპენში. სადაც მტრის ყუმბარის აფეთქებისას მძიმე დაზიანებები მიიღო. მან ეს დაზიანებები "არაფრად" ჩათვალა. კლინიკიდან ბრძოლის ველზე, ექიმების რჩევის მიუხედავად, მაშინვე გაბრუნდა და ნაწილშივე დაიღუპა.
რატი შურღაიას შესახებ მისი მამიდაშვილი მამუკა გუგავა გვესაუბრება:
- რატიზე 11 წლით ვარ უფროსი. ეს განსხვავება ბავშვობაში იმდენად იგრძნობა, რომ ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილია. სულ თან დამყვებოდა, ხან ზურგით დავატარებდი, ხან ხელში აყვანილს. ეს შეგრძნება სულ თან გამომყვა და დღესაც ამ შეგრძნებით ვესაუბრებოდი ხოლმე, თითქოს სულ მინდოდა დამეცვა. ისიც ასე იყო, როგორც კი რაიმეს გადაწყვეტდა, ან რისამე გაზიარება უნდოდა, მაშინვე დამირეკავდა ხოლმე. უკრაინაში წასვლისასაც დამირეკა და ვუთხარი: რატი, შენ ხომ ომი არ იცი და რატომ მიდიხარ, რაიმე ცუდი არ დამართო თავს-მეთქი. მითხრა, - მტერთან ბრძოლას რა ომის ცოდნა სჭირდება, რომ არ წავიდე, მაინც ვერ მოვისვენებ და უფრო ცუდად ვიქნები, ამიტომ უნდა წავიდე, ვერ გადამათქმევინებო.
- მართალი უთქვამს. ყველა მებრძოლად ვერ იბადება, მაგრამ ვინც იბადება, მტრის განადგურების სურვილი არასოდეს მოასვენებს.
- იმიტომაც წავიდა. ახლა ვხედავ, რომ მართლა მეომარი ყოფილა, მართლა ჰქონია ის ძალა, შენს ქვეყანაზე პასუხისმგებლობას რომ იღებ და ამან წაიყვანა. თორემ, წარმოიდგინეთ, რომ მეუღლე უკრაინელი ჰყავს და მანაც კი მთხოვა, - თან თითქოს მიხარია რატი უკრაინაში რომ მიდის, თან ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს, მაგრამ მე არ მიჯერებს და გთხოვ, შენ უთხარი, რომ წასვლა გადაიფიქროსო. მაგრამ რატის უკრაინაში წასვლა ვერ გადავაფიქრებინეთ.
ირპენში იბრძოდა, ქართველ მეომრებთან ერთად, როდესაც რუსული ყუმბარა ახლოს აფეთქდა. იმ მომენტში თითქოს გადარჩა, მაგრამ როგორც ჩანს, იმდენად მძიმედ იყო დაზიანებული, რომ კიევის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქიდან კი, ფაქტობრივად ექიმებს ისე გამოექცა, რომ მკურნალობა არც დაასრულებინა. თანაც, მეც დამირეკა, - ყუმბარით კონტუზია მივიღე, მაგრამ მსუბუქია და უკვე საავადმყოფოდან მივდივარ, აქ რა გამაჩერებს, როდესაც ჩემი ბიჭები იხოცებიანო. მაშინვე ცუდად მენიშნა: რას აკეთებ, ბიჭო, ბოლომდე იმკურნალე და მერე საომრად დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ სიცილით მითხრა, - არაფერიც არ მჭირს, აქ რატომ უნდა ვიყო, მართლა ავად კი არ ვარო. არადა, სწორედ ამ აფეთქების დაზიანებამ შეიწირა. ნაწილში დაბრუნებიდან ძალიან მალე დაიღუპა. უბრალოდ, იწვა, როცა დაუძახეს არ ადგა და რომ მივიდნენ, უკვე ცოცხალი აღარ იყო.
- ანუ კონტუზიის გარდა, მძიმე ჭრილობაც ჰქონდა და დაგიმალათ?
- კი, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რისი დიაგნოზიც კი არ ჩაატარებინა ექიმებს და მაშინვე ფრონტზე დაბრუნდა. ხვალ კიევის რომელიმე ეკლესიაში რატის ისევე გადაუხდიან პანაშვიდს, როგორც უკრაინისათვის დაღუპულ სხვა მებრძოლებს და მერე წამოგვიყვანენ საქართველოში…
ახლა მისი მშობლები მებრალება, მამამ სწორედ ამ დღეებში გაიკეთა გულის ოპერაცია და ძალიან მძიმედ არის. ვეუბნები, რატის არაფერი ეშველება, შენ კი მის ნაცვლადაც უნდა იცოცხლო-მეთქი და ამ ნათქვამით, არ ვიცი, რა გამოვა. თავში ათასნაირი ფიქრი მიტრიალებს, მაგრამ ბოლოს მაინც იმას ვამბობ, რომ რატის თავად სურდა ასეთი სიცოცხლე და ასე სიკვდილი. უნდოდა, გამორჩეულად დაბრუნებულიყო სამშობლოში და გმირად ბრუნდება კიდეც.
ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)
"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი - თეა ხურცილავა ასევე ესაუბრა რატის მეგობარს - რუსა ტერტერაშვილს:
- ოჯახის ახლო მეგობარი ვარ. რატი საოცრად კარგი ადამიანი იყო. სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. აფხაზეთის ომი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ყოველთვის მისი გულისტკივილი და მისი სასაუბრო თემა იყო. ძალიან განიცდიდა ამას და ყოველთვის გულანთებული საუბრობდა აფხაზეთზე. უკრაინაში ომის დაწყების პირველი წუთებიდან მოხალისედ ჩაერთო და იქ იბრძოდა წინა ხაზზე. მართლაც გულანთებული, პატრიოტი ბიჭი იყო.
პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული, იქ დედასთან ერთად მუშაობდა. რატის მეუღლე ოდესიდან ჰყავს და ომი რომ დაიწყო, მაშინვე წავიდა უკრაინაში. რატის ოჯახი სენაკიდან არის. ყველა ოჯახის წევრი ძალიან პატრიოტია. დედაც, მამაც, ჰყავს ორი და. მამამისი იბრძოდა აფხაზეთის ომში. სამშობლოზე გული რომ შესტკივათ, ყველა ასეთი ადამიანია. რატი ერთი თვის წინ დაიჭრა კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად, მაშინ დაჭრილიც იყო და კონტუზიაც მიიღო. მკურნალობდა საავადმყოფოში, მაგრამ თურმე მალევე გამოვიდა იქიდან. ამბობდა, თურმე არაფერი მჭირსო და ისევ შეუერთდა თანამებრძოლებს.
როგორც მისმა დამ, ანამ მითხრა, რატის მეგობრებს ახლა უთქვამთ, ამოხველების დროს სისხლი ამოსდიოდა და რომ ვეკითხებოდით ცუდად ხომ არ იყო, ამბობდა კარგად ვარო. ეტყობა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არ იყო გამოჯანმრთელებული და მალავდა ამას, მკურნალობა თვითნებურად შეუწყვიტავს. მისი და ანა, ოჯახის სხვა წევრებიც ყოველდღე ეკონტაქტებოდნენ. ანას 3 თვის ბავშვი ჰყავს და რატი არ ეტყოდა მას სიმართლეს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ოჯახის წევრებსაც არ ანერვიულებდა და მათთვის არაფერი უთქვამს.
დილით გარდაცვლილი უნახავთ თანამებრძოლებს. ეტყობა მიყენებული დაზიანებების გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის. ახლა მისი გადმოსვენების საკითხი უნდა გადაწყდეს. უდიდესი ტკივილია მისი გარდაცვალება. საოცრად გულანთებული ბიჭი, გამორჩეული პიროვნება. ძალიან განათლებული, ჭკვიანი ბიჭი იყო. ძალიან თბილი და კარგი ადამიანი დავკარგეთ და განვიცდით.
…
"კვირის პალიტრის" რედაქცია უსამძიმრებს რატი შურღაიას ახლობლებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში გმირულად დაღუპული მებრძოლის გარდაცვალების გამო.