"მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელიც შეცვლის "ოცნებას“, არის "ნაციონალური მოძრაობა“
"ყველა სამედიცინო კონსილიუმი და საღი აზრი გვკარნახობს, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს. ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოში არსებული სამედიცინო კლინიკები მზად არ არიან ისეთი დაავადებების გასამკლავებლად, რომლებიც სააკაშვილს აქვს", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური და ირწმუნება, თუ მმართველი გუნდი პოლიტიკური გადაწყვეტილების ტყვედ არ დარჩება, ექსპრეზიდენტს უცხოეთში მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.
- უკვე დიდი ხანია, ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია ციხის საკანში. გაძლიერდა სხვადასხვა ქვეყნის წნეხი ხელისუფლებაზე და იმედია, "ოცნება" ამ გარემოებას გაითვალისწინებს.
- ოპოზიციის ნაწილში გაჩნდა აზრი, თუ როგორ შეიძლება დააღწიოს თავი სააკაშვილმა ციხეს. კერძოდ, "ოცნება" სააკაშვილს მაშინვე გაუშვებს უცხოეთში, როგორც კი "ნაცმოძრაობა" საკუთარ პარტიას გაუქმებულად გამოაცხადებს. თქვენი ლიდერის გადასარჩენად ამისთვის მზად ხართ?
- წარმოუდგენელია, ერთი პოლიტიკური პარტია, ვგულისხმობ "გირჩს", მეორის დაშლაზე ლაპარაკობდეს, მით უფრო მაშინ, როცა თავისზე 30-ჯერ დიდ პარტიას ურჩევს დაშლას. სურათი კომიკურია.
- "გირჩისა" და სხვა პატარა პარტიების ლიდერები ხშირად ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" პოლიტიკურ პროცესს განვითარების საშუალებას არ აძლევენ.
- ასეთი საუბრებით საკუთარ უძლურებას აღიარებენ. პარტიას თავად უნდა შეეძლოს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ აქტივობას ვერ შეზღუდავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არარელევანტურ "გირჩს" ხალხი ყურს არ უგდებს.
- "ნაცმოძრაობამ" პოლიტიკურ დღის წესრიგად, მთავარ თემად აქცია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი. რამდენად რელევანტურია ახლა ამაზე საუბარი, როდესაც დასავლეთში ამ თემაზე ჯერ არავინ საუბრობს ან რას მოიგებთ ივანიშვილის სანქცირებით?
- ამ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ივანიშვილს სანქციები დაუწესდება თუ არა, დასავლური ქვეყნები გადაწყვეტენ. თუმცა შეგახსენებთ, რომ ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ჩანაწერი, სადაც ივანიშვილი სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს ესაუბრება. თუ აღმოჩნდება უტყუარი სამხილები, რომ ივანიშვილი სანქციების შემსუბუქებას ცდილობს რუსი ოლიგარქებისთვის, ჩათვალეთ, რომ "ოცნება" უდიდეს პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს, მნიშვნელოვნად შეილახება საქართველოს რენომეც.
- მაშინ ოპოზიციას რა უხარია?
- ოპოზიციას არაფერიც არ უხარია. ჩვენ არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ეს მაინც მოხდება, ოპოზიციამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს.
- რას გულისხმობთ?
- ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სანქციები ნაკლებად შეეხოს ქვეყანას და მთლიანად მიმართული იყოს იმ პირზე, რომელმაც ასე დააზარალა საკუთარი თავიც და ხელისუფლებაც.
- როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება?
- არსებობს პიროვნული სანქციები იმ ოლიგარქებისთვის, რომლებიც არაფრად აგდებენ ცივილიზებული სამყაროს აზრს, და არის სანქციები ქვეყნებისთვის. თუ ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ როგორც კერძო პირს, საქართველო აღარ დაზარალდება.
- როგორ ახსნით იმას, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა, თუ არ ჩავთვლით, ამერიკის ელჩს საქართველოში, ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს მმართველი გუნდის ეჭვებს, რომ მავანნი ივანიშვილზე ზეწოლას ახდენენ საქართველოს ომში ჩართვის მიზნით?
- ჯერ ერთი, აშშ-ის ელჩი საკმაოდ კრიტიკული იყო. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სრულიად გაუგებარი იყო ირაკლი კობახიძის განცხადება. ეს იყო ძალზე მძიმე განცხადება და მგონი, გამგებმა გაიგო. ჩვენ ვნახეთ, "ოცნების" შეცვლილი და შერბილებული პოლიტიკა. კელი დეგნანის განცხადება მიანიშნებს, რომ დასავლეთის აზრი გაცილებით მკაცრი იყო კულუარებში. სწორედ ამის შედეგი მგონია, რომ "ოცნებამ" მეორე დღესვე შეწყვიტა უპასუხისმგებლო რიტორიკა.
- ოპოზიციისთვის მთავარი საკითხი ვადამდელი არჩევნებია. რის იმედად ითხოვთ ამას, როდესაც ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 60%-ს არ მოსწონს პოლიტიკური სპექტრი?
- ეს იყო გაყალბებული არჩევნები, იყო დაშინება, მოსყიდვა, ფალსიფიკაცია. ამასთან, დღეს მოქმედმა ხელისუფლებამ ქვეყანა მიიყვანა როგორც ეკონომიკურ კოლაფსამდე, ასევე ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის არსებულ ომში ჩვენი ქვეყანა რუსეთის მხარეს დააყენა. ეს სრულიად შეუსაბამოა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი სიტყვა ეკუთვნის ქართველ ხალხს, თუ ხალხი გააპროტესტებს "ოცნების" მოტანილ რეგრესს, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება. რაც შეეხება საზოგადოების დამოკიდებულებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, ხალხს არასდროს მოსწონს ასპარეზზე მყოფი პოლიტიკური პარტიები, ყოველთვის უკეთესის მოლოდინშია. ეს კარგიც არის, საზოგადოება წინსვლასა და გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. თუ გამოჩნდებიან ახალი ძალები, რომლებიც უკეთესად უპასუხებენ ხალხის ინტერესებს, ხომ კარგი, ჯერჯერობით კი რეალობა ასეთია - მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც შეცვლის "ოცნებას", არის "ნაციონალური მოძრაობა".
- ესე იგი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ქვეყნის სათავეში კოალიციურ მთავრობას კი არა, ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ვიხილავთ?
- თქვენ ხომ იცით, რომ კოალიციური მთავრობები არჩევნებამდე არ ყალიბდება? არჩევნების შემდგომ გავიგებთ ხალხის დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ და მთავრობაც ამის მიხედვით დაკომპლექტდება. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მომავლისთვის კარგი იქნება, თუ რამდენიმე ევროპული ორიენტაციის პარტია გაინაწილებს პასუხისმგებლობას ხელისუფლებაზე. ყველა შემთხვევაში ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
ხათუნა ბახტურიძე