"ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საფუძველი არ არსებობს“
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, შეფერხებები შეექმნა შვეიცარიულ ბანკში ტრანზაქციების განხორციელებაში, ასევე ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულად ჩამოტანასა და გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის ჩამოყვანაში, ოპოზიციონერმა ლიდერებმა დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ დასავლეთი ივანიშვილს სანქციებს უწესებს. იგივე საფრთხე დაინახეს "ოცნების" ლიდერებმაც და დაიწყეს ვერსიების გავრცობა, თითქოს ვიღაცას სანქციების მუქარით ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და მისი რესურსის გამოყენებით საქართველოს ომში ჩართვა სურს. "ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების ობიექტური საფუძველი არ არსებობს და ოპოზიციის მიერ მხარდამჭერებში ცრუიმედის შექმნა დიდი გაწბილებით დასრულდება. ოპოზიციის ქრონიკული პრობლემაა მოკლევადიანი შედეგის მისაღებად გრძელვადიანი თვითდაზიანების მიყენება. საოცარი სხვა რამეა - თვითონ ხელისუფლებამ რომ დაიჯერა ეს შეთქმულების თეორია და ბანალური საბანკო ტრანზაქციების ომის თემასთან დაკავშირების პარანოიდული კამპანია წამოიწყო", - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და შეთქმულების ახალ ვერსიებზე და ოპოზიციის ახალ შეცდომებზე გვესაუბრება.
- ბანკთან ყველას ჰქონია ან აქვს პრობლემა. ჩვენ უფრო საშიშ პროცესთან გვაქვს საქმე - ერთი პირის საბანკო და ლოჯისტიკურ პრობლემებზე სახელისუფლებო ელიტამ შეთქმულების თეორია შეთხზა და ომისა და მშვიდობის თემას დაუკავშირა. ეს პოლიტიკური პარანოიაა, სხვა არაფერი!
- გამუდმებით ირწმუნებით, რომ სახელისუფლებო ელიტა, განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე, ივანიშვილისგან დამოუკიდებლად ნაბიჯსაც არ დგამს. ივანიშვილმა კი, ალბათ, ყველაზე კარგად იცის, ემუქრება თუ არა სანქციები და ცდილობენ თუ არა მასზე ზეწოლას.
- სავარაუდოდ, ივანიშვილი თავისივე გამოჩეკილი ელიტისგან რაღაც ტიპის მხარდაჭერას ელოდა, მაგრამ არ ვიცი, ასეთი წარმოუდგენელი ამბის ატეხა მასთან იყო თუ არა შეთანხმებული. ერთი რამ ფაქტია - სახელისუფლებო ელიტამ წარმოუდგენელი სიბრიყვე ჩაიდინა. მათ ნათლად დაგვანახეს, პირადი კეთილდღეობისთვის რაზე არიან წამსვლელი. ფაქტობრივად, "ოცნებამ" თქვა, თუ ამერიკელი, უკრაინელი, დასავლელი პოლიტიკოსები ივანიშვილის საბანკო პრობლემას არ მოაგვარებენ, ქვეყნის განვითარების ვექტორს შეცვლიან.
- როგორ გგონიათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მართლა გამართავენ ივანიშვილის მხარდამჭერ აქციას?
- მართლა რეალური პრობლემების წინაშე რომ დადგეს ივანიშვილი, ამის სახელმწიფოებრივ რანგში აყვანა წარმოუდგენელი დანაშაულია. ივანიშვილს ბანკზე საყვედურის თქმაც შეუძლია და პრესკონფერენციის გამართვის უფლებაც აქვს. პრობლემა ის არის, მისი პრობლემა ქვეყნის ვექტორის შეცვლის მიზეზი რომ ხდება. რა საპროტესტო აქციებზეა ლაპარაკი, რა სისულელეებს ამბობს ეს ხალხი?! ამ ხალხს ქვეყნის ბედი არ აინტერესებს, უბრალოდ, იმის ეშინიათ, თავად არ შეუწყდეთ ივანიშვილისგან დაფინანსება.
- მთელ ამ ამბავში ოპოზიციის მთავარი შეცდომა რა არის, მხოლოდ მცდარი მოლოდინის შექმნა?
- ყოველთვის ასე იქცევიან - ერთ ამბავს ატეხენ, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალეს. რა უნდა იმის მიხვედრას, ორ-სამჯერ რომ მოატყუებ ადამიანს, ის აღარ დაგიჯერებს? მცდარი მოლოდინით შეიძლება ტაქტიკურად მართლაც მოიგო რაღაც, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად წააგებ.
- ოპოზიციის ნაწილმა კავშირი დაინახა ივანიშვილსა და რუსების მიერ უკრაინიდან მოპარული ხორბლის გასაღების საკითხში.
- რუსებმა უკრაინიდან ხორბალი მოიპარეს და სირიაში წაიღეს. რა შუაშია საქართველო და ბიძინა ივანიშვილი?! ოპოზიციის, ისევე როგორც ხელისუფლების ასეთი არასერიოზული ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ყოველდღიურად ძლიერდება ნიჰილიზმი და ხალხიც კიდევ ერთხელ სვამს დიაგნოზს, რომ ამ პოლიტიკოსების ხელში ქვეყანას არაფერი ეშველება. საზოგადოებაც ვეღარ ახდენს კარგის გენერირებას. ყველა მიმართულებით გვაქვს პრობლემა, როგორც პოლიტიკურ ელიტაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაშიც.
- ბოლო დროს გახშირდა საუბარი იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ. ცნობილია ამ საკითხზე უკრაინელების აზრიც, მაგრამ ამერიკას ან ევროპას თუ შეიძლება ხელს აძლევდეს დღეს საქართველოში ომის დაწყება?
- ეს არის ნარატივი, რითაც უზრუნველყოფილია რუსეთისადმი ლოიალური პოლიტიკა. შეიძლება უკრაინაში ვიღაცები მართლა ფიქრობენ, რომ თუ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნება, მათ ცოტა შვება მიეცემათ, მაგრამ ეს არ არის დასავლური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. აი, რუსეთს კი ძალიან სჭირდება ომის შიშით მისდამი ლოიალური პოლიტიკა, რასაც "ოცნება" ხუთიანზე უსრულებს.
- სააკაშვილზე მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობა ვის აძლევს ხელს?
- "ნაცებსა" და "ქოცებს". ეს ხალხი თავიანთი კუნთების თამაშს გვაყურებინებს.
- რას კარგავს "ოცნება", თუ პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის მიზნით მაინც გაუშვებს სააკაშვილს საქართველოდან?
- სააკაშვილი დღეს საფრთხეს აღარ წარმოადგენს "ოცნებისთვის", ისევე როგორც აღარ წარმოადგენს განსაკუთრებულ აქტივს "ნაცმოძრაობისთვის". შესაბამისად, ერთადერთი, რაც შეიძლება სააკაშვილზე ვილაპარაკოთ, ეს არის მისი ჯანმრთელობა. თუ მისი მკურნალობა შესაძლებელია საქართველოში, რა თქმა უნდა, აქ უნდა დარჩეს, თუ არადა, უნდა გადაიყვანონ უცხოეთში. პრობლემა ის არის, ჩვენში ექიმებიც "ქოცებად" და "ნაცებად" არიან დაყოფილი. ამიტომ ძნელია სიმართლის დადგენა.
ხათუნა ბახტურიძე