"სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს“

"სააკაშვილის აქტუალურობა მოხსნილია დასავლეთის დღის წესრიგიდან", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე. რა არის ამის მიზეზი­, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე რამაზ­ საყვარელიძე­ გვესაუბრება:

- არა მგონია, რასაც სააკაშვილის მომხრეები ლაპარაკობენ, ყველაფერი სიმართლე იყოს. ადამიანი სუბიექტური არსებაა და ანდაზა ამბობს,­ რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. არ არის გამორიცხული, რაღაც ლაპარაკი იყოს, მაგრამ მეეჭვება,­ რაიმე გაკეთდეს. რატომ უნდა უნდოდეს მისი გადაყვანა ხელისუფლებას, რომ ხელი შეუწყოს სააკაშვილის ციხიდან გასვლას? ეს თუ მოხდა, "ოცნების" მხარდამჭერებში ძალიან ბევრი უკმაყოფილო იქნება. ისედაც ბევრია მმართველ პარტიაზე განაწყენებული სწორედ იმის გამო, რომ "ოცნება" ბევრს უთმობს "ნაციონალებს". რატომ უნდა დაკარგონ მხარდამჭერები? რომ იყოს დიდი ზეწოლა ქუჩიდან, ქვეყანაში რომ დესტაბილიზაციის საფრთხე იყოს, შეიძლება იფიქრო, რომ ამის თავიდან აცილების გამო გააკეთებენ, მაგრამ არც ეს საფრთხე არ არის. აქციაზე იმდენი­ ადამიანი იკრიბება, რამდენიც პლაკატის დაჭერას სჭირდება.

- თქვენი აზრით, დასავლეთს რამდენად აინტერესებს სააკაშვილის გადაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში?

- მე ამას ვერ ვხედავ. ოფიციალური პირების რომელი განცხადება გახსენდებათ­, სადაც სააკაშვილის გადაყვანაზე იქნებოდა საუბარი? ამაზე უკვე ისინიც აღარ ლაპარაკობენ, ვინც "ნაცმოძრაობის" აშკარა­ მხარდამჭერები იყვნენ. ისინი ითხოვენ დაცული იყოს ადამიანური პირობები. ეს მიუთითებს, რომ სააკაშვილის საკითხის აქტუალურობა მოიხსნა დასავლეთის დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, რომ ის, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უდავოდ მნიშვნელოვანი იყო, როდესაც რევოლუცია მოახდინა და რევოლუციის მსურველი­ ჯორჯ ბუში საქართველოში ჩამოვიდა კიდეც. დღეს რევოლუციები აღარავის სურს. სააკაშვილი სწორედ რევოლუციის სიმბოლოა და თავადაც ამბობს, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია. მისი და მისი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ის რევოლუციური პოლიტიკური ფორმულა, რომლის ავტორადაც აღიქმება, აღარ არის აქტუალური და მით უმეტეს, საქართველოში.

- რატომ?

- უკრაინაში ომის გამო. რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აღმოსავლეთიდან პრაქტიკულად მთელი სატრანსპორტო­ გადაზიდვების გადატანა მოჰყვა - ანუ აზიის დიდმა ქვეყნებმა, ჩინეთმა და ინდოეთმა, გადაზიდვები დაიწყეს რუსეთის გვერდის ავლით და ეს ნიშნავს, რომ ტვირთები ევროპაში კავკასიისა და უპირველესად საქართველოს გავლით უნდა მოხვდეს. შესაბამისად, კავკასიური ხაზის შენარჩუნება უკვე აზიის ინტერესშიც არის და მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიოსთვის აზია ძალიან მნიშვნელოვანი მიმწოდებელია. აღარაფერს ვამბობ ენერგომატარებლებზე, რომლებიც საქართველოზე გადის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება აქ რევოლუცია ვინმეს სურდეს? რევოლუცია ხომ იმას ნიშნავს, რომ აქაც ვეღარ გაატარებენ დიდ ტვირთებს და ისევ რუსეთთან მიბრუნება მოუწევთ. რევოლუცია და ე.წ. მეორე ფრონტი ახლა სრულად რუსეთის ინტერესშია, რადგან მას სურს არ დაკარგოს შემოსავალი და ბერკეტები. რევოლუციები და ომები სხვას არავის აინტერესებს. ამიტომ არის, რომ სააკაშვილი აღარ არის მოთხოვნადი და დასავლეთი მის ადგილს ვერ ხედავს.

- გახშირდა­ განც­ხადებები "ნაცმოძ­რა­ობაში"­ დაპირისპირებაზე.­ რა არის ამის მიზეზი?

- მათი ერთიანობის ხაზი 2012 წლის შემდეგ, ის არის, რომ ჩამოაგდონ, ხელისუფლებიდან გაუშვან "ოცნება". ეს ხომ პოლიტიკა არ არის? ეს უბრალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლაა. პოლიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც შენს ხედვას, პოლიტიკურ პროგრამას წარადგენ, "ნაცმოძრაობაში" კი ეს არ იკვეთება. ამიტომ, თუკი გუნდში­ დაპირისპირება მოხდება, ალბათ, იმის გამო, ვინ ვის მხარეზეა, ანუ, დაჯგუფებების და არა კურსისა და პროგრამების მიხედვით.

- ბოლო დღეებში აქტუალურია ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიც. მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად არ არის "ნაცმოძრაობის" ლიდერი, მაინც ითვლება ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად. თუკი მას დააპატიმრებენ, მოვლენების რაგვარად განვითარებაა მოსალოდნელი.

- სასამართლო ისეთი სფეროა, რა მოხდება, ვერ იწინასწარმეტყველებ, მაგრამ ფაქტია, ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მხოლოდ პრობლემების მომტანი იქნება. თუმცა არა კატასტროფული, რადგან "ნაცმოძრ­აობის" სხვა წევრების პატიმრობა ვაჟკაცურად გადაიტანეს­. ეს ითქმის­ თითქმის ყველაზე, სააკაშვილის გარდა, და არც ახლა დაიქცევა­ ქვეყანა. თუმცა, ცხადია, გახდება დამატებითი დაძაბულობის საბაბი. რაც მთავარია, დიდი შანსია, რომ ისევ დაიწყება ლაპარაკი იმაზე, რომ თავისუფალ სიტყვას ახშობენ. ამ ხაზს გამოიყენებს "ნაცმოძრაობა" და ცხადია, ეს იქნება პრობლემური. ამ ტიპის რიტორიკას აჰყვება დასავლეთიც. გარდა­ ამისა, უკრაინაც მოწოდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკოს და ამას თუ ერთი პუნქტიც დაემატება, კრიტიკის შანსს ხელიდან არავინ გაუშვებს.

- ივანიშვილის სასამართლო დავების შესახებ საქართველოში გააქტიურდა საუბარი, რომ ეს არის მისთვის სანქციების დაწესების წინა პირობა. ეს საფრთხე რეალურია და ნიშნავს თუ არა, რომ მისთვის დაწესებული სანქციები­ საქართველოზეც აისახება?

- აშკარაა, რომ ეს თემა ოპოზიციის მხარდაჭერით არის წამოწეული. ეს ოპოზიციისგან გასაკვირი არც არის, მაგრამ იმასაც დავაკვირდეთ, კიდევ ვის ინტერესშია ხელისუფლებისთვის ზიანის მიყენება. ზემოთ უკვე ვთქვით, რომ საქართველოსთვის დარტყმის მიყენება რუსეთის ინტერესებშია. ოპოზიციაც ძალიან ხშირად აკეთებს იმას, რაც რუსეთის ინტერესშია და ეს ნუ გაგვიკვირდება. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც თავის დროზე რუსეთს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები მიჰყიდა. ამიტომ რეალურად შევხედოთ, რა ხდება. ივანიშვილის ადვოკატებმა თქვეს, რომ ის არ არის რუსეთის მოქალაქე, არც ბიზნესი აქვს რუსეთში. სანქციებს კი რუსეთის მოქალაქეებს უწესებენ და რა ნიშნით შეიძლება ეს ივანიშვილს შეეხოს, გარდა იმისა, რომ "ნაცმოძრაობას" სურს. რაც შეეხება დავას, ეს კერძო დავაა და წლებია, გრძელდება. თუ ეს დავა ადრე არ იძლეოდა მისი პოლიტიკური ინტერპრეტაციის საფუძველს, ახლა რატომ იძლევა? ეს უკვე ღიმილისმომგვრელია, რადგან საყრდენი არ გააჩნია.

რუსა მაჩაიძე